LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგონილი ამბები ჯაჯანიძის შოუში? – „სხვა რაკურსის“ პროდიუსერი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

257

გია ჯაჯანიძის გადაცემის ყოფილი პროდიუსერი, ნიკა ჭავჭავაძე, რომელმაც „სხვა რაკურსი“ აგვისტოში დატოვა, აცხადებს, რომ გადაცემის მომზადებისას 10-15 თემა მისი მოგონილი იყო, თემების შესაბამისად სტუმრებად საკუთარი მეგობრები მიჰყავდა, რომლებიც კამერების წინ იტყუებოდნენ.

„ფორტუნა“ ორივე მხარეს დაუკავშირდა კომენტარებისთვის.

ნიკა ჭავჭავაძე:

„სხვა რაკურსი“ რომ იწყებოდა, იმ მომენტიდან მოყოლებული ვარ მათთან ერთად. თავიდან, გადაცემა იგეგმებოდა, როგორც რუსული „ოკნას“ ანალოგი. როგორც თავად იცით, ეს გადაცემა მთლიანად მოგონილ ამბებზე იყო აგებული. მეც ასე უნდა მემუშავა. „კაცი გამოძახებით“, აგენტი ბიჭი, გოგონა, რომელიც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა, ეს და სხვა კიდევ, 10-15 ამბავი იყო ჩემი მოგონილი. ყველა ის ადამიანი, ვინც ეთერში ამ თემაზე მოვიწვიეთ, ჩემი მეგობრები იყვნენ. სწორედ ამ გადაცემებით ამოქაჩა „სხვა რაკურსმა“ და გახდა რეიტინგული.

სამსახურიდან წამოსვლამ იმიტომ ხომ არ მოგიწიათ, რომ შეიტყვეს ამ მოგონილი ამბების შესახებ? გია ჯაჯანიძემ იცოდა, რომ თქვენი მეგობრები მოგყავდათ და ისინი კამერების წინ იტყუებოდნენ?

„იმედიდან“ თავად წამოვედი, რადგან ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება და საქმე ერთმანეთში არ უნდა აურიო, მათ კი ასე გააკეთეს, არადა, მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებდი და პირადი ცხოვრება არ უნდა გამხდარიყო სალაპარაკო… ვფიქრობ, როცა ასეთი თანამშრომელი გყავს, უნდა დააფასო.

რაც შეეხება გიას, მასთან არ მქონია ამაზე საუბარი. გიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან კარგი ადამიანია. მასზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული გადაცემაში და არაფერი იცოდა. მაია სტეფნაძემ კი იცოდა, რადგან თათბირებზე ვეუბნებოდი ჩემს იდეებს და იწონებდა. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. ასეც ვიყავით შეთანხმებული პირველივე დღიდან. სხვათა შორის, არც მაიასთან მაქვს ახლა ცუდი ურთიერთობა…

აქამდე რატომ არ თქვით არაფერი?

რამდენიმე დღის წინ „იმედის“ ძველი თანამშრომელი შემხვდა და მისგან გავიგე, რომ ტელევიზიაში ჩემს პირად ცხოვრებას ისევ არჩევენ. ხალიჩად აქვთ გადებული ჩემი პირადი ცხოვრება. გავიგე ეს და ძალიან არ მესიამოვნა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, მეთქვა ეს ამბავი, რომელიც ვიღაცისთვის სკანდალურია, ვიღაცისთვის – არა. ის თემები, რომლებიც მე მოვიფიქრე, ძალიან კარგად გაიყიდა. ვფიქრობ, უფრო კარგ სამსახურს ვიმსახურებ, სადაც მეტად დამაფასებენ.

მაია სტეფნაძე, „სხვა რაკურსის“ მთავარი პროდიუსერი:

როცა „სხვა რაკურსზე“ მუშაობა დავიწყეთ, არ ვიცნობდი ლგბტ თემის წარმომადგენლებს. დღეს უკვე ბევრ მათგანს ვიცნობ და ვმეგობრობ. ვინაიდან სკანდალური გადაცემა უნდა გაგვეკეთებინა, ეს თემებიც უნდა გვქონოდა, ამიტომ გადავწყვიტე, გუნდში ამეყვანა ისეთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ლგბტ თემთან ურთიერთობა. ასეთი იყო ნიკა ჭავჭავაძე.

მე არ მიყვარს ტყუილების თქმა, ამიტომაც გეტყვით, რომ ნიკა ერთ რამეს სწორად ამბობს, რომ მისი თემები იყო რეიტინგული. როცა ჟურნალისტს მოჰყავს სტუმრები, რატომ უნდა შეხედო მათ ეჭვის თვალით? არც მე ვუყურებდი. შემდეგ ნელ-ნელა გაირკვა, რომ მას ტყუილებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მოგვიანებით მითხრა, რომ თემები, როგორებიც იყო კაცი გამოძახებით, აგენტი ბიჭი, გოგონა, რომელიც სულებს ხედავდა და სხვა, ტყუილი იყო და თავად მოიგონა…

თავიდან რომ მოვიდა, გვითხრა, რომ ობოლი გახლდათ. მე, როგორც სამი შვილის დედას, ძალიან შემეცოდა და 8 თვე დედასავით ვუვლიდი, მეც და გიაც დიდ ყურადღებას ვაქცევდით. შემდეგ გაირკვა, რომ მას ჰყავს მშობლები და ისინი ფოთში ცხოვრობენ. ამის მერე გვითხრა, რომ საშინელი დაავადება სჭირდა. ძალიან განვიცადე მისი ამბავი… შემდეგ აღმოჩნდა, რომ ესეც ტყუილი იყო…

თავად გაათავისუფლეთ თუ საკუთარი ნებით წავიდა?

სწორად გამიგეთ, ძალიან ბევრ ადამიანზე ავრცელებდა გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც არ იყო მართალი და ამით მათ დიდ დისკომფორტს უქმნიდა. ჩემი გადაწყვეტილება იყო მისი სამსახურიდან გაშვება. ვუთხარი, რომ დაეწერა განცხადება. „სხვა რაკურსის“ მომზადება დიდ რესურსს ითხოვს, ცვლილებები ყოველთვის საჭიროა. თავის დროზე მეც წამოვედი ნანუკა ჟორჟოლიანისგან, როდესაც მივხვდი, რომ იქ ჩემი თავი ამოვწურე, ამიტომ ამ საკითხს არ ვუყურებ, როგორც ტრაგედიას… უბრალოდ, ახლა თქვენც რომ გელაპარაკებით, ძალიან მწყდება გული ნიკაზე… ასეთი მოტყუებული, ამხელა ქალი ვარ და არასდროს ვყოფილვარ.

ამ თემაზე ჩვენთან კომენტარი გააკეთა მერსი სულხანიშვილმა, რომელიც ასევე გახლდათ გია ჯაჯანიძის გადაცემის პროდიუსერი და ჟურნალისტი.

მერსი:

თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ გადაცემა უნდა ყოფილიყო სკანდალურ და აქტუალურ თემებზე. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სულაც არ არის საჭირო თემების მოგონება, რადგან ეს თემები ისედაც არსებობს. გუნდში ყველას თავისი საქმე ჰქონდა და ჩვენი საქმიანობა ნდობაზე იყო დაფუძნებული. მაია ყველაფერს ვერ გაკონტროლებს. ნიკა ჭავჭავაძეს ჰქონდა თავისი საქმე. ერთ გადაცემაში რესპონდენტი ვერ მოიყვანა და მახსოვს ძალიან კარგად, მაშინ გამოგვიტყდა, რომ ეს თემა მოიგონა და რესპონდენტიც იმიტომ ვერ მოიყვანა. აღარ მახსოვს, რომელ თემაზე იყო საუბარი.

ყველამ კარგად იცის, რომ ტელევიზიაში ბექგრაუნდის გარეშე ძნელია მოხვედრა. მაია კი ისეთი ადამიანია, რომ თუკი პოტენციალი დაინახა, ადამიანს მისცემს თავის წარმოჩენის შესაძლებლობას. ასე მოხდა ნიკას შემთხვევაში.

მართალი გითხრათ, ხშირად ვეჭვიანობდი, რომ მაიას ნიკა უფრო უყვარდა, ვიდრე მე, ისეთი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მასთან. ნიკას საქციელი ძალიან არაკოლეგიალურია. აშკარაა, რომ არავის სჭირდებოდა თემების გამოგონება, თანაც, აქ ისტორიების შექმნა საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, მაია ნიკას ენდო. როცა გაირკვა ეს ამბავი და გარდა ამისა, მისი ცხოვრების შესახებაც შევიტყვეთ, რომ მოგვატყუა, როცა გვითხრა, რომ მშობლები არ ჰყავდა, მაიამ მიიღო ზომები. ვფიქრობ, ნიკას ეს ყველაფერი იაფფასიანი პიარისთვის დასჭირდა, რადგან ის არასდროს ყოფილა ვარსკვლავი და არა მგონია, რომ მისით ასე ფართოდ დაინტერესებულიყვნენ…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g