LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლე კაბა სამსახურში აკრძალულია? – რას ამბობენ საჯარო სამსახურის ბიუროში

1095

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესდათ – უწყების შინაგანაწესში გამგებლის, ლაშა გოგიას ბრძანებით, ცვლილებები შეიტანეს.

აღნიშნული ცვლილებების მიხედვით,  გამგეობის თანამშრომელი ვალდებულია, სამუშაო დღეებში საქმიანი სამოსი ეცვას.

„დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს მოსამსახურე სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ყველსახის ტანსაცმლით. დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ფორტუნას“ განუცხადეს, ეს სიახლე არ არის და გამგეობის შინაგანაწესში ყოველთვის იყო განსაზღვრული ჩაცმის სტილი. გამგეობაში ასევე ამბობენ, რომ საჯარო სამსახურების შინაგანაწესში ხშირად არის განსაზღვრული, როგორი ჩაცმის სტილი უნდა ჰქონდეთ თანამშრომლებს.

„ეს არ არის ახალი ამბავი არცერთ მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, საჯარო მოხელე საჯარო სამსახურში, სადაც იმართება მოქალაქეების მიღება უნდა იყოს მოწესრიგებული. ჩვენი მუნიციპალიტეტი არ არის პირველი, ვინც ეს შინაგანაწესი მიიღო, ეს ყოველთვის იყო და ახლა უბრალოდ კონკრეტულ მუხლებში არის ცვლილებები შეტანილი.  სხვადასხვა დაწესებულებაში არის ჩაცმის სტილი განსაზღვრული. ამ ბრძანების საჯაროდ გამოტანა მგონი არის ვიღაცის პირადი ინტერესი,“ – აცხადებენ გამგეობაში.

კითხვაზე – კონკრეტულად რა ცვლილებები შეიტანა გამგებელმა ბრძანებაში, გამგეობაში აცხადებენ, რომ ლაშა გოგია აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან „ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფაქტი“.

ეთიკა და ქცევის წესები საჯარო სამსახურში მთავრობის მიერ დადგენილი არ არის. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში აცხადებენ, ეთიკის და ქცევის წესებს მთავრობა, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაამტკიცებს, სადაც საჯარო მოსამსახურის ეთიკური ქმედებები იქნება გაწერილი. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესს, საჯარო სამსახურის ბიუროს იურისტის, ელგუჯა მაკალათიას თქმით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს და სხვა საჯარო სამსახურს განსაზღვრული აქვს ჩაცმის სტილი.

„სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების უმეტესობას ჩაცმის წესი აქვს საქმიანი. მაგალითად, პარლამენტის რომ ავიღოთ, იქ არათუ განსაზღვრულია ჩაცმის წესი, არამედ დეტალურად სანტიმეტრებში არის გაწერილი ყველაფერი. ყველა საჯარო სამსახური თავად ადგენს ჩაცმის წესს და ამის სრული უფლება აქვს. ზოგიერთ სამინისტროს ეს წესები აქვს დადგენილი, ზოგიერთს არა. შეუძლიათ ფორმა შემოიღონ, კონკრეტულად ავიღოთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, თანამშრომლები პირდაპირ ვალდებულები არიან რომ მოქალაქეთა მისაღებში მსხდომთ აუცილებლად თეთრი მაისური უნდა ეცვათ. პროკურატურაში პროკურორებს პირდაპირი ვალდებულება აქვთ, როგორ უნდა ეცვათ. ჩაცმის წესის დადგენა არის დაწესებულების ჩვეულებრივი დისკრეციული უფლება,“ – აცხადებს ელგუჯა მაკალათია.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები