LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს დაამტკიცებს

82

მთავრობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

„იუსტიციის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს გამოსაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ნდობის განმტკიცება სამართალდამცველების მიმართ და ამ კუთხით შს სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, ასევე განხორციელდა რეფორმები პროკურატურაში და მესამე ტალღის რეფორმა მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში.

„ეს მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართლადამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებული, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და, რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ მიერ შესაძლო გადაცდომებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმის შექმნას არასამთავრობო სექტორი წლებია ითხოვს. როგორია მათი პოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე იხილეთ აქ.