ნინი ბადურაშვილი და მისი პატარა გოგონა, ელენიკო კუტალაძე, ძიძასთან ერთად, „ქორთიარდ მარიოტში“ გვესტუმრნენ, „ფორტუნას“ ფოტოსესიისთვის. ელენე ძალიან აქტიური ბავშვი აღმოჩნდა, მთელი სასტუმრო შემოირბინა და დამალობანაც გვეთამაშა, ამ დროს კი ნინის მაკიაჟს ანუკა მურვანიძე უკეთებდა.
მალე გადაღება დაიწყო. ელენეს მოეწონა კამერასთან ურთიერთობა და ფოტოგრაფს ძალიან ბევრი ღიმილიც აჩუქა. ფოტოსესიის შემდეგ ნინის ბევრ თემაზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, როგორია მისთვის დედობა…
ნინი ბადურაშვილი:
ელენიკო ძალიან კომუნიკაბელური და გახსნილია, რაც ძალიან მომწონს. არ არის შებოჭილი და კომპლექსიანი, მე უფრო წყნარი ვიყავი, თუმცა კონტაქტური, ელენიკო უფრო ცელქი და აქტიურია, ჩემგან განსხვავებით.
რა იყო ელენემდე? ამ გადმოსახედიდან ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ – სულ სხვა ცხოვრება მქონდა, ვცხოვრობდი ჩემი თავისთვის, ელენეს დაბადების შემდეგ მასზე გადავეწყვე. ძალიან მეშინია ფრენის, რამდენჯერაც ვჯდებოდი თვითმფრინავში, სულ ვამბობდი, რა მეშველება-მეთქი, ახლა კი ვფიქრობ, ელენეს რა ეშველება (იღიმის). ეს, ალბათ, დედობრივი ინსტინქტია, რომელიც ყველა ქალს აქვს.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს ელენე. არც ერთი წამით არ ვნანობ, რომ გავთხოვდი, გავშორდი, ვერ ავაწყვე, რადგან მყავს ელენე. მთავარი ის არის, რომ დარჩა ეს ადამიანი, მიმაჩნია, რომ ყველას ცხოვრებაში პირველი ადგილი შვილს უკავია, მის გამო ცხოვრობ, იბრძვი… გინდა, ცხოვრება დაილაგო და მას დაულაგო.
პოპულარული სახეები ვერ ახერხებენ დიდი დოზით შვილებთან ურთიერთობას, შენ კი ხშირად ხარ ელენესთან, ამას როგორ ახერხებ?
მე სხვანაირად არ შემიძლია. ჩემთან ერთად რომ არ იყოს და ყოველდღე არ ვნახო… საქართველოში არ არის იმ მასშტაბის შოუბიზნესი, რომ ძალიან დაკავებული იყო. რუსეთში რომ ვცხოვრობდე, ან იქ მქონდეს კარიერა, ალბათ, გავგიჟდებოდი და დეპრესია დამემართებოდა ელენეს მონატრებისგან. სულ მეცოდება, როცა მასთან ერთად არ ვარ. სულ მგონია, რომ ჩემთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ვარ მასთან ერთად.
რა მოგწონს მასში? თვისებებს ვგულისხმობ.
ის, რაც უკვე ვახსენე, უკომპლექსობა, რადგან მე შებოჭილი ვიყავი. ძალიან თბილია და მე არ ვარ თბილი. იცის ჩახუტება და მოფერება, დედაჩემი სულ იმას ამბობს, ვირი ხარ და არ მეფერებიო, ბებიაჩემიც სულ ამას განიცდის (იცინის). მგონია, რომ ელენე მიზანსწრაფულია, ჩემზე მეტად. რასაც იტყვის, ის უნდა გააკეთოს. ვნახოთ, როგორი იქნება, როცა გაიზრდება.
მსახიობობა რომ მოინდომოს?
შესაძლებელია, ასეც იყოს, სიმღერას რაც შეეხება, მონდომებულია, მაგრამ არ აქვს ამისთვის საკმარისი მონაცემები…
რუსეთი ახსენე და მახსოვს, ნატო დუმბაძეს ჰყავდი წაყვანილი, საკმაოდ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ პროდიუსერთან შესახვედრად…
იყო შემოთავაზება პროდიუსერისგან, ჟასმინის ოლიგარქი ყოფილი ქმრისგან. მას სურდა ახალი ვარსკვლავი შეექმნა. დიდი კასტინგი იყო. ნატომ გაიგო ამის შესახებ და ერთად გავემგზავრეთ. ერთი შეხედვით, ძალიან კარგი შემოთავაზება იყო და მასაც ძალიან მოვეწონე, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემგან სხვა რაღაცებსაც მოითხოვდა. ადამიანურად არ მომეწონა. ვიფიქრე, რომ ისეთ რაღაცებს მოითხოვდა, რაც მე არ შემიძლია, შეიძლება, ცოლადაც უნდოდა ის გოგო, ან საყვარლად, ვისაც აიყვანდა. ჟასმინთან გაშორებული იყო და რევანშიც ამოძრავებდა. პატარა ვიყავი საკმაოდ, 20 წლის, ვერ გავრისკავდი და არც მინდოდა. უარი ვთქვი. ამ საუბრისას პოლიტიკური თემებიც წამოიჭრა, ჩვენი პრეზიდენტის ცუდად ხსენება დაიწყო, მიშა ახალი მოსული იყო, ეს არ მომეწონა, მერე თქვა, აფხაზეთი ჩვენიაო და მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა არ შემეძლო. ძალიან დაძაბული საუბარი შედგა, ეკაც იყო, ნატომაც ძალიან ცუდად უპასუხა და მოკლედ, დავიშალეთ.
მას შემდეგ მე არ მიაქტიურია ამ მხრივ. „ბლესტიაშჩიეს“ პროდიუსერიც მელაპარაკა, თავადაც არ მინდოდა და მათთვის ძალიან მაღალი ვიყავი, როგორც აღმოჩნდა.
რუსეთში გადასვლის შემდეგ რამდენიმე ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, საკმაოდ წარმატებუალდაც, მაგრამ იქ ცოტა ხანს გავჩერდი და თბილისში დავბრუნდი. როცა გაცხადებენ, რომ საქართველოდან ხარ, ყველა ელოდება, რომ კარგად უნდა იმღერო, მოლოდინს რომ გაამართლებ, უდიდესი აპლოდისმენტებია. რუსებისგან ძალიან დიდი სითბო მოდიოდა. რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, რაღაცას გავაკეთებდი, ცოტა ჯიუტი ვარ, არ მაქვს მარტივი ხასიათი. შესაძლოა, ვიღაცას ჩემი მონაცემებით, უფრო მეტისთვის მიეღწია. მაქვს ჩემი პრინციპები, რომლებსაც არ ვაბიჯებ. შოუბიზნესი ისეთი სფეროა, სადაც ცოტა თავხედობაც საჭიროა ალბათ, თუკი გინდა, მსოფლიო ბაზარზე გასვლა, რაღაცებზე უნდა მიდიოდე, ვიღაცის საყვარელიც იყო, მაგრამ მე ასეთ სიტუაციებს ვერ ვერგები, ეს ჩემგან ბუნებრივი არ იქნება. მათაც არ ვადანაშაულებ, ვინც ამაზე მიდის. ეს მათი საქმეა. ჩემ თავს კი ვერაფერს დავაძალებ. არაფერი ისე არ მომსვლია, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. ერთადერთი, ცნობილ ოჯახში გავიზარდე და ამან მომცა პრივილეგია, მაგრამ რომ არ მეშრომა, ვერაფერს მივაღწევდი. შესაძლოა, იყო ცნობილი ოჯახიშვილი, მაგრამ გადაიდო ფეხი ფეხზე და არაფერი გააკეთო.
ახლა შენს კარიერაში როგორი პერიოდია?
თუკი არ ვითარდები და კმაყოფილი ხარ იმით, რაც ორი წლის წინ შექმენი, ე.ი. გაიყინე. ოთხი წლის წინანდელ ჩანაწერებს რომ ვუსმენ, ყველაფრის თავიდან ჩაწერა მინდა. კლასიკურ ვოკალზე დავიწყე სიარული, ცნობილ პედაგოგთან, ქალბატონ დოდო დიასამიძესთან, რომელმაც უამრავი საოპერო ვარსკვლავი გაზარდა. მინდა, რომ ვოკალურად უფრო დავიხვეწო. ძალიან ვნანობ, რომ თავიდანვე არ ვმეცადინეობდი. პატარა რომ ხარ, არ თვლი საჭიროდ. 30 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი უნდა დაიწყოს. მგონია, რომ საოპერო კარიერისთვის ცოტა გვიანაა და გამიჭირდება კლასიკაში გადასვლა, მაგრამ ჩემი განვითარებისთვის საუკეთესო ნაბიჯია.
ძალიან საინტერესოა… ნინი, ამდენი ხანია, სულ გესმის, რომ ერთ-ერთი ლამაზი გოგო ხარ საქართველოში. დღეს როგორ იღებ ამ კომპლიმენტს?
ყოველთვის ვზრუნავ გარეგნობაზე. როცა სცენაზე გამოდიხარ, მომღერალი ხარ და გარეგნობაც ხელს გიწყობს, მოდუნების უფლება არ გაქვს. რომც არ გქონდეს მონაცემი, მაინც უნდა ეცადო. ვცდილობ ვიყო ფორმაში, ვვარჯიშობ, ღამე არ ვჭამ…
ძალიან გახდა ნინიო…
ეს იყო შარშან. ახლა მოვიმატე და მგონია, რომ კარგი წონა მაქვს. მას ვინარჩუნებ, სწორად ვიკვებები, ბოქსზეც დავდივარ და ფიტნესზე.
რაც შეეხება კომპლიმენტს – „ლამაზი ხარ“, როცა გქვია ლამაზი, თუ საკუთარ თავს სცემ პატივს, ეს სახელი უნდა შეინარჩუნო. მოუწესრიგებელი არ უნდა გამოხვიდე სცენაზე.
გაქვს რაიმე პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული?
არაფრის ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. ცხვირზე მაქვს პატარა კეხი და სულ მინდოდა მისი გასწორება, მაგრამ ბევრმა ქირურგმა გამომისტუმრა უარით, ეს რომ გავისწორო, თურმე, ფორმა შეიცვლება და არ მინდა.
პირადში რა ხდება? სულ ვრცელდება ჭორები…
სერიოზული არაფერი, თუმცა სიმპათიები ყოველთვის მაქვს. ვიღაც სულ მომწონს, რადგან ეს ჩემთვის გაპრანჭვის სტიმულია. სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ და კაი ხანი არ მივიღებ, სავარაუდოდ. ალბათ, უფრო მეტად პროფესიულ განვითარებას ვეცდები. ელენეს გამოც და ჩემ გამოც. ახლა სხვა ეტაპი მაქვს მართლა. ის აღარ მაკმაყოფილებს, რაც იყო…
ფოტოგრაფი: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: „ქორთიარდ მარიოტი“
ვიზაჟი: ანუკა მურვანიძის სკოლა-სტუდია
ნინო მურღულია