LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე  31 დეკემბრის კონცერტისთვის ემზადება – როგორია მისი საახალწლო ტრადიცია

216

ნინო ქათამაძე „ინსაითთან“ ერთად სასტუმრო „ბილტმორის“ მთავარ დარბაზში 31 დეკემბერს კონცერტს გამართავს. მასთან ერთად საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული ორკესტრის მუსიკოსები.

ნინო ქათამაძეს ჯგუფთან ერთად სწორედ „ბილტმორში“ შევხვდით მცირე ინტერვიუსთვის.

 

ნინო ქათამაძე:

31 დეკემბერს ერთმანეთს შევხვდებით. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ვიქნებით „ჯორჯიან ბრასთან“ და ნიკოლოზ რაჭველთან, რაც მთავარია, „ინსაითთან“ ერთად. ეს არის ჩემი საყვარელი ჟღერადობა. ჩვენთან ერთად იქნება ბესო კუპრეიშვილის თითების თეატრი, რომელიც საღამოს გაალამაზებს. საახალწლო განწყობისთვის ნაწარმოებებს შეასრულებს სიმებიანი კვარტეტი. ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ მუსიკა და დღესასწაული ერთ სიმაღლეზე და ერთ განწყობაში იყოს.

31 დეკემბერი ყველაზე საყვარელი დღეა ჩემთვის. პატარა ბავშვივით მიხარია ნაძვის ხის აწყობა, ჩემს შვილთან ერთად. მგონი, ბავშვებზე მეტად მიხარია და ცოტა მრცხვენია კიდეც (იღიმის). ახალ წელს ველოდები სიხარულით, ველი სიახლეებს, ველოდები, რომ ყველა ადამიანის გულში მოხდება ისეთი რამ, რაც ყველაფერ ცუდს დაავიწყებს. აღარ იქნება ძალადობა, აღარ დაგვჭერენ ქუჩაში, სამართალი იქნება მთავარი… ნამდვილი ახალი დღე დადგება.

2017 წელს როგორ შეაფასებდით?

ძალიან საინტერესო წელი იყო. მთელი წლის განმავლობაში ახალი ალბომის „ყვითელი“ პრეზენტაცია გვქონდა. კარგია, რომ როცა ალბომს ვწერთ, სწორედ ის ფერია ხოლმე მნიშვნელოვანი, რომელსაც ალბომს ვარქმევთ. აქ არის ოთარ ჭილაძის ტექსტზე შექმნილი სიმღერა „ყვითელი ძაღლები“ და მიხარია, რომ სწორედ ყვითელი ძაღლის წელიწადი დგება.

უამრავი კონცერტი გვქონდა საქართველოში. ეს ძალიან მახარებს, რადგან ქართველ მსმენელთან თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, იქ, სადაც ჩემი სიტყვა იბადება გრძნობასთან ერთად. გვქონდა კონცერტები საზღვრებს გარეთ. ძალიან საყვარელი ტრადიციია, მთელი წელი მოღვაწეობ, ფიქრობ, ატარებ მუსიკას, ხან წარმატებულია, ხან რთულია… წლის ბოლოს კი თითქოს უფალმა დაგვიბარა ისრაელში, სადაც ძალიან კარგი გამოსვლა გვქონდა. წლის დასკვნით კონცერტს ვაკეთებთ ხოლმე ისრაელში, მანამდე ვენის ფილარმონიაში, ბელორუსში გვქონდა გამოსვლები. 2017 წელი სავსე იყო გამოწვევებით, რთულიც იყო. იმედია, შემდეგ წელს სიბრძნითა და მოთმინებით შევხვდებით და მეტი ინტერესით.

მომავალი წლისგან რას ელოდებით?

ყოველი წელი ახალი შესაძლებლობაა. ველოდები ნაკლებ ტკივილს ადამიანებში, ნაკლებ მშიერ ბავშვს, ნაკლებ ბებია-ბაბუას, რომელსაც არ სცივა. ჩვენ ცოტანი ვართ და თუკი სურვილი გვექნება, ერთმანეთს არ გავწირავთ. ამისი ყველა შესაძლებლობა არსებობს. ხელოვნების ყველა სფეროში, დამოუკიდებლად, ყველანაირი სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, ქართველებმა საინტერესო კუთხით დაანახეს ჩვენი ქვეყანა მთელ დედამიწას. საკმარისია ამ ძალების ერთ ადგილას შეკრება, ყველაფერს შევძლებთ, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მთავარია ერთმანეთის წარმატების გაზიარება შეგვეძლოს.

საუკეთესო საახალწლო ტრადიცია…

რომ ყველა ახალ წელს სცენაზე ვხვდებოდე, ისე, როგორც დაბადების დღეს. მიყვარს ჩემი დაბადების დღე და ასევე ახალი წელი, ამ დროს მინდა, ადამიანებს ვუმღერო. ძალიან მიხარია, რომ ჩემი საყვარელი მუსიკოსები იქნებიან ჩემთან ერთად. მთელი ძალებით შევეცდებით, დავიწყოთ ლამაზი წელი.

 

ფოტო: ლაშა ჯალიაშვილი 

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ბილტმორი“  

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g