„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი ახალი კონკურსისთვის ემზადება. მალე ის „მის სამყაროს“ მრავალმილიონიანი მაყურებლის წინაშე საქართველოს წარადგენს. უკვე ემზადება, ვარჯიშიც დაიწყო და კაბებიც მოირგო. შეგახსენებთ, ამ კონკურსზე წინა წელს ჯანეტ ქერდიყოშვილი გამოვიდა.
ნუკას სასტუმრო „კოსტეში“ შევხვდით, ფოტოები გადავუღეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.
ნუკა, რაც „მის საქართველო“ გახდი, დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
ნუკა:
რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. ამ ტიტულის შემდეგ სხვანაირი პასუხისმგებლობა გემატება. „მის მსოფლიოზე“ მალევე გავემგზავრე, იქ განსხვავებულ რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება, მართლაც რომ მისები და პრინცესები ვიყავით. სანიაზე ჩატარდა და 130 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ საგულშემატკივროდ, სიურპიზი გამიკეთეს, მანიკას, ელენესა და ეკას დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის. ახლა მიწევს „მის სამყაროზე“ წასვლა და იმედი მაქვს, სხვა მეგობრებიც ჩამოვლენ (იღიმის).
სხვათა შორის, ყველას დები ვეგონეთ, ახლო ნათესავები მაინც. შეიძლება ქართველური იერის გამო. ერთ დღეს, საქველმოქმედო სადილზე, ჩემი მეგობრებიც მოვიდნენ, ეკითხებოდნენ, რომელი ქვეყნიდან ხართო და ესენი პასუხობდნენ, „მის ჯორჯიაო“, ყველამ ასე ვუპასუხეთ და დაიბნენ, ვერ გაიგეს, რომელი იყო „მის საქართველო“ (იცინის). საბოლოოდ, გაიგეს, რომ მე ვიყავი ჩემი მეგობრებით წარმოდგენილი…
საქართველოში რა შეიცვალა?
ხალხმა სხვა კუთხით გამიცნო. თანაც, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მივიღე მონაწილეობა და პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. „მის საქართველოს“ მერე სულ დიდი კრიტიკა ხვდებათ ხოლმე გამარჯვებულებს. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ მე ნაკლებად გამაკრიტიკეს. კი იყო მაინც კრიტიკა, მაგრამ ისეთი არა… ამ მხრივ გადავრჩი.
გათხოვილი არ აღმოჩნდი…
არ აღმოვჩნდი და არც ვაპირებ ჯერჯერობით.
ზოგადად, იყო ასეთი სტერეოტიპული მოსაზრება, რომ საქართველოში გოგონები იმიტომ ხდებიან მოდელები, რომ წარმატებულად გათხოვდნენ…
რა თქმა უნდა, მე და ძალიან ბევრი სხვა მოდელი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ადრე იყო ეს სტერეოტიპი, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ვიღაცისთვის სამოდელო საქმიანობაც ადვილია, მაგრამ ვინც საზღვარგარეთაა ნამყოფი, იცის, რომ ძალიან რთული სფეროა და რამხელა შრომაა. კონკურსი მოდელობისგან განსხვავდება, თუნდაც პარამეტრებით – 90/60/90-ზე აღარ არის იდეალური, ამაზე ნაკლები პარამეტრები თუა, უკეთესია და მისაღებია ევროპისა და ამერიკის ბაზრისთვის, ასევე აზიურისთვისაც.
რამდენიმე ცნობილ ბრენდთან გიმუშავია საზღვარგარეთ… ვიცი, რომ შიშვლად გადაღებაზე უარს ამბობდი.
არ შემოუთავაზებიათ და რომც შემომთავაზონ, არა მგონია, რომ დავთანხმდე. არა სტერეოტიპების გამო, არამედ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე. ალბათ, ადრიანა ლიმა ან სხვა ტოპმოდელი როცა ხარ, დათანხმდები. ესეც ინდივიდუალურია. ძალიან ბევრი მსახიობია, ვისაც არ გაუხდია, მაგრამ კარიერა შეიქმნა. არ არის აუცილებელი, გაიხადო, რომ მოდელი გერქვას. ჩვენებაზე მინიმალური სიშიშვლე ყოფილა და ეს არც არის განსახილველი, როგორც აღვნიშნე, მთლიანად გაშიშვლება არავის შემოუთავაზებია.
უცხოეთში მუშაობაზე მინდა გკითხო…
ბოლოს „ჰარპერს ბაზარის“ ედიტორიალის გადაღებაზე გახლდით. „გუჩის“ პრეზენტაცია-ჩვენებაზე გამოვედი. რომის მოდის კვირეულზე, ასევე მილანში ჩვენებებზე, პრეზენტაციებზე, გადაღებებზე მიმიწვიეს. სხვა კასტინგებზე, ძალიან ცნობილი ბრენდებისთვის, არ ვყოფილვარ. მოდის კვირეულის კასტინგი რომ იყო, სხვა რაღაცაზე მიწევდა მუშაობა და დროში ვერ დავემთხვიე.
მქონდა შანსი, რომ უცხოეთში უფრო დიდხანს მემუშავა, მაგრამ თავად არ მქონდა სურვილი. თბილისი ძალიან მიყვარს. ახლა თან ვმუშაობ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სამოდელო საქმიანობისთვის ბოლომდე არ დამინებებია თავი, შემოთავაზების შემთხვევაში ალბათ ერთი-ორჯერ გავემგზავრები.
ალბათ, შენი გარეგნობის გამო, ყველას ჰგონია, რომ მამაკაცების მიმართ საკმაოდ მომთხოვნი იქნები. ასეა?
ასე ჩამოყალიბებული იდეალი არ მყავს, ქერა უნდა იყოს და ცისფერთვალება, თუ არა. მამაკაცს უნდა შეეძლოს სიყვარული, ერთგულება, პატივისცემა, ჰქონდეს იუმორი. ასე ყველამ იცის, როგორია კარგი ადამიანი. რეალურად, შესაძლოა, ასე არ მოხდეს და სხვანაირი შეგიყვარდეს. როცა შემიყვარდება, გაგაგებინებთ აუცილებლად და გეტყვით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს მამაკაცს, რომ შემიყვარდეს (იცინის).
რეალისტი ყოფილხარ შენ…
საკმაოდ… თუმცა ცოტა მეოცნებეც ვარ. არ ვიცი, ოცნებებია თუ მიზნები, მაგრამ მაქვს ჩაფიქრებული ბევრი რამ, რასაც ახლა არ გეტყვით და ჩემთვის დავიტოვებ.
ერთ-ერთი მიზანია, „მის სამყაროზე“ საქართველო საუკეთესოდ წარვადგინო. წინა წელს ამ კონკურსზე ჯანეტ ქერდიყოშვილი ძალიან კარგად მომზადებული გაემგზავრა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ტოპ 15-ში მოხვდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. თუკი მე მოვახერხებ ამას, ძალიან ამაყი ვიქნები. ეს კონკურსი იანვარში იმართება. დავიწყე ვარჯიში, მაგრამ არა აქტიური და დამღლელი, უფრო მხნეობისა და ჯანმრთელობისთვის. „მარიონელას“ კაბები მეცმევა. სხვა დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ.
დაბოლოს, სილამაზის რჩევები „მის საქართველოსგან“…
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სრულყოფილი ძილი. ღიმილი ადამიანს სხვანაირად ალამაზებს. ჩემი აზრით, მომღიმარი ადამიანი უფრო ლამაზია, ვიდრე გაპრანჭული და მოღუშული. თავის მოვლა, რასაკვირველია, ასევე ძალიან მნიშნელოვანია. ვარჯიში და სწორი კვება ქმნის ბევრ პლუსს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ.
ჩემი უპირველესი რჩევა მაინც ღიმილია!..
გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია