„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება.
როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ახალი მატარებლებით მგზავრობა მაქსიმუმ ივლისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი და ქართულ რეალობაში, ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.
”ეს იქნება ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, შვეიცარული ფირმა ”შთადლერის” მატარებელი. ეს იმ მატარებლების ანალოგია, რომლებიც, ამჟამად, ევროპის ქვეყნებში მოძრაობენ და იქაც ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ითვლება. ახალ მატარებლები განსაკუთრებით გაზრდილი მგზავრთანაკადის დროს ძალიან ეფექტური იქნება, რადგან ერთი მატარებლით 450 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კომპანია 2 ერთეულ ახალ ორსართულიან მატარებელს შემოიყვანს. უახლოეს პერიოდში კი საქართველოში დამატებით 2 მატარებელი შემოვა. 1 მატარებლის შეძენა „საქართველოს რკინიგზას“ 9,950 მლნ ევრო დაუჯდა.
”ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი დონის მატარებელი არ ყოფილა. ეს იქნება ახალი ეტაპი სარკინიგზო ინდუსტრიაში არა მხოლოდ მატარებლების, არამედ მომსახურების კუთხითაც. ამისათვის ჩვენი პერსონალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ევროპული სტანდარტების შესაბამის გადამზადებას მიიღებენ, რაც ჩვენი კომპანიის მომსახურების ხარისხს აამაღლებს”, – განმარტა ცაგურიამ.
მისივე განმარტებით, ახალი მატარებლების შემოყვანის მიუხედავად, მგზავრობის ფასის გადახედვა არ იგეგმება და ”საქართველოს რკინიგზა”, ბილეთის სიიაფის მაჩვენებლით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ახალი მატარბლები, რომლებიც საქართველოში ივლისიდან გამოჩნდება, ყველა საჭირო თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.