LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსის რუსეთში ვიზიტი, ოკუპანტების ინტერესების ღიად ლობირებაა”

73

“რესპუბლიკური პარტია” “ქართულ ოცნებას” ღია მიმართვას უგზავნის, სადაც “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

რესპუბლიკელები პარლამენტისგან კონკრეტული მექანიზმის შექმნას მოითხოვენ, რათა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს აეკრძალოთ ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების წარმოება.

“ფორტუნა” რესპუბლიკელების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“აღმაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრების ვიზიტი ოკუპანტ სახელმწიფოში და ამ სახელმწიფოს დუმის წევრებთან მოლაპარაკებების ფარულად წარმოება. მმართველი პოლიტიკური გუნდისგან აღნიშნული ვიზიტის მკაფიოდ უარყოფითად შეუფასებლობა, ნიშნავს ამ სახით „მოლაპარაკებების“ წარმოების ხელისუფლების მხრიდან არადეკლარირებულ მხარდაჭერას. 

მიუღებელია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის მხრიდან საქართველოს პარლამენტის 2013 და 2017 წლებში საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციების სულისკვეთების საწინააღმდეგო მოქმედებების დაშვება. 2013 წლის რეზოლუციის (რომელსაც ეყრდნობა 2017 წლის რეზოლუცია) მე-18 პუნქტის თანახმად: „საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას ან რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. საქართველო განახორციელებს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო დონეზე პატივისცემის ურყეობის უზრუნველსაყოფად.“ 

საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი ოკუპანტ ქვეყანაში და შემდგომ დუმის დეპუტატებისთვის გაკეთებული შეთავაზება „რუსეთ-საქართველო-ნატოს ფორმატის“ შექმნის თაობაზე, არის რუსეთის ინტერესების ღიად ლობირება პარლამენტის ტრიბუნიდან, ხოლო აღნიშნულზე პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრების დუმილი – ამ ქმედებების მხარდაჭერა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რეზოლუციის ზემოთმოყვანილ დებულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვაში ასევე საუბარია, ხვალ დაგეგმილ “ქართველთა მარშის” შესახებაც. რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ ეს აქცია, სწორედ რუსული პოლიტიკის საფრთხის კონტექსტში ჯდება.

“რუსული პოლიტიკის საფრთხის კონტექსტში ჯდება ხვალ, 14 ივლისს, დაგეგმილი ე.წ „ქართველთა მარში“ – ფაშისტური მარში, რომლის ორგანიზატორები ყალბ, ფსევდოპატრიოტულ განწყობას ამოფარებული, თბილისში ატარებენ მოსკოვის რუსული მარშის პირდაპირ ასლს, ქმნიან ანტისახელმწიფოებრივი იდეების გაღვივების ნიადაგს. ნიშანდობლივია, რომ არც ამ აქციის ორგანიზატორებს ემიჯნება მმართველი პოლიტიკური ძალა, უფრო მეტიც, ისინი მისი ყოფილი ჩინოვნიკები და მეხოტბეები არიან. „რესპუბლიკელები“ საგანგაშოდ მივიჩნევთ მსგავს ფაქტებზე ხელისუფლების მრავლისმეტყველ დუმილს და მოვუწოდებთ მას, გამოხატოს მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პარლამენტის უმრავლესობას, დარჩეს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით დამტკიცებული საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგული. ამავდროულად, შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, მსგავსი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების განხილვისას, აეკრძალოთ ოკუპანტი სახელმწიფოს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების წარმოება”, – აღნიშნულია მიმართვაში.