LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქენდი დალფერის არარეალურად მაგარი პერფორმანსი თბილისის ჯაზფესტივალზე!..

110

ქენდი დალფერს საქართველოში ჩამოსვლის შეთავაზება ბოლო ათი წლის განმავლობაში არაერთხელ ჰქონია, თუმცა თბილისის ჯაზფესტივალთან მისი ძალიან სასიამოვნო კოჰაბიტაცია, რომლითაც პირველ რიგში, მელომანებმა იხეირეს, გუშინ, 12 ნოემბერს შედგა.

ცნობილი ჰოლანდიელი საქსოფონისტი ქალბატონი, რომელმაც დაახლოებით სამი ათეული წლის წინ სახელი ჰიტით „Lily was here“ გაითქვა, მას შემდეგ სცენიდან არ ჩამოსულა და ეს მის პერფორმანსებს ეტყობა კიდეც. პროფესიონალი – ეს სიტყვა ბოლომდე მაინც ვერ აფასებს იმ ტალანტებს, რაც ქენდი დალფერს აქვს და უხვად ურიგებს მაყურებელს მსოფლიოს სხვადასხვა დარბაზში.

საუკეთესო საღამო ჩემს ცხოვრებაში, საუკეთესო მაყურებელი“ – ასე დაახასიათა რამდენიმე სიტყვით გუშინდელი თბილისური მუსიკალური ღამე მუსიკოსმა, რომელმაც, როგორც თავად აღნიშნა, ამდენწლიანი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მოახერხა თბილისში სტუმრობა.
ქენდი დალფერის, როგორც საქსოფონისტის ნიჭიერებაზე, თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებთ, რადგან ეს ისედაც ცხადია. თუმცა მისი ლაივ-კონცერტები ხუთვარსკვლავიან შეფასებას იმსახურებს. პირველ რიგში, იმ გემოვნების გამო, რომლითაც ქენდი რეპერტუარის და ბენდის წევრების შერჩევას უდგება. კომპოზიციები, რომელთაც წესით, ამდენი წლის შემდეგ ბუნებრივი ცვეთა უნდა განეცადათ, მაინც ახალივით ისმინება, რადგან ისინი სათანადო არანჟირებითაა წარმოდგენილი. რიტმ ენდ ბლუზის, პოპის, ფანქის და სხვა ჟანრების ერთობლიობაში არსად ყალბი ნოტები არ იგრძნობა, მუსიკალურად არაფერი მოგეჩვენებათ ზედმეტად და ამ ბეწვის ხიდზე მუსიკოსი მრავალი წელია, უშეცდომოდ დადის, ისევე, როგორც საქსოფონის ბგერებით კომპოზიციების მელოდიურ ნახაზში. ქენდი ინსტრუმენტს ისე მარტივად და ჰაეროვნად ფლობს, რომ მის შემხედვარეს გგონიათ, საქსოფონზე დაკვრა არც ისე რთულია. ეს ხომ მეც შემიძლია…

ქენდის შემოქმედების თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, მის ცნობილ კომპოზიციებს ველოდებოდით და ჩვენი მოლოდინი გამართლდა, როცა შესრულდა „Lily was here“, „Pick up the pieces“, „Sax A Go-Go“, ასევე დაანონსდა ახალი ალბომი და სამი ახალი სიმღერაც მოვისმინეთ, რაც აშკარას ხდის, რომ ქენდი დალფერი შოუბიზნესში ძალიან საინტერესო ნამუშევრით შემოდის. გარდა ამისა, საოცარი იყო ქენდისა და მისი ბენდისგან 2 Pac-ის ჰიტის, „California Love“ და Blackstreet-ის„No Diggity“-ის შეზავებული ვერსიის მოსმენა. მის შესასრულებლად ქენდიმ განსაკუთრებული ინსტრუმენტი გამოიყენა, რომელიც ხმას ელექტროჟღერადობას ანიჭებს.

სრული მუსიკალური ზეიმი იყო სცენაზე და დარბაზშიც, როდესაც მუსიკოსმა შეასრულა „What you do when the music hits“. გულგრილი მსოფლიოში ყველაზე მოწყენილი ადამიანიც კი ვერ დარჩებოდა, მსმენელი ადგილზეც ცეკვავდა და სცენასთანაც, სადაც მაყურებელს განსაკუთრებული მოსაწვევი არ დასჭირვებია, თავად მივიდა. თუმცა ბისზე გამოსულმა მუსიკოსმა ხანგრძლივი კომპოზიციის შესრულებისას თავად გადაწყვიტა დარბაზში ჩამოსვლა. სცენაზე დაბრუნებული დიდხნიანი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. საღამო დასრულდა, მაგრამ ეს არ არის ის კონცერტი, რომელიც ადვილად დაგავიწყდებოდათ. ქენდი დალფერი კი ის მუსიკოსია, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში არაერთხელ მოისმენდით სიამოვნებით!..

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები