LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტთან საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები განთავსდება

37

საქართველოს მთავრობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ტურისტული ზონის აშენებას გეგმავს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარების პროცესი უკვე სრულდება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ადგილზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები განთავსდება, რომლებიც, ძირითადად, დაბალფასიანი იქნება.

„ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ტურისტული ზონა მოეწყობა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარების პროცესი სრულდება. ადგილზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები განთავსდება, რომლებიც უმეტესად დაბალფასიანი იქნება. ჩამოსული ტურისტების განაწილება საქართველოში ამ ტურისტული ზონიდან უნდა მოხდეს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყანის მეორე აეროპორტი მგზავრთნაკადის მიხედვით. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა – 136 108 მგზავრით მეტი.

აეროპორტის განვითარებაზე მუშაობას საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს. აეროპორტისკენ მიმავალი რკინიგზის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ამასთან იგეგმება აეროპორტის ტერმინალის გაფართოებაც. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თვითმფრინავების სადგომ ბაქანს და სააეროდრომო ინფრასტრუქტურას.

თუ როგორი იქნება ქუთაისის აეროპორტი რეკონსტრუქციის შემდეგ, შეგიძლიათ იხილო ვიდეორგოლში:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები