LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე სხეულის ენა – ემის ქადის რეკომენდაციები

სხეულის ენა არის არავერბალური ქცევა, რომელიც თქვენს ნებისმიერ ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს. თანამედროვე ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ფლობდეთ სხეულის ენას, რომელიც ბევრ სიტუაციაში დაგეხმარებათ. ემის ქადი TED-ზე გამომსვლელებს ესაუბრა სხეულის ენის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე.

“ჩვენ გვაინტერესებს რას ამბობს ჩვენი სხვეულის ენა, როცა იგრძნობა უხერხულობა ურთიერთობაში, თანამოსაუბრეს ვამჩნევთ ღიმილს, ზიზღნარევ მზერას, ან რას ნიშნავს ხელის ჩამორთმევა. სხვათაშორის, როდესაც ხელის ჩამორთმევა ოფიციალურ პირებს შორის ხდება, ის შეიძლება კვირების განმავლობაში განიხილებოდეს. მათ შორის BBC-სა და New York Times-ში.

მეცნიერებმა ბევრი იმუშავეს, რათა შეესწავლათ სხეულის ენის გავლენა ადამიანების მსჯელობაზე. ჩვენ ძალიან სწრაფად გვექმნება წარმოდგენა  ადამიანზე სწორედ სხეულის ენიდან გამომდინარე. ტაფტის უნივერსიტეტის მკვლევარი, ნალინი ამბადი მიიჩნევს, რომ ექიმის და პაციენტის ურთიერთობის ამსახველი, 30 წამიან უხმო ვიდეო კლიპი,  წარმოდგენას ქმნის, თუ რამდენად კომპეტენტურია ექიმი, უჩივლებს თუ არა მას პაციენტი, მოგვწონს თუ არა ეს ადამიანი და ა.შ. პრინსოტნის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ალექს თოდოროვის აღმოჩენაც არანაკლებ საყურადღებოა. ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კანდიდატების სახეებზე ერთ წამიანი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი, 70%-ით ემთხვევა აშშ-ს სენატორების და გუბერნატორების არჩევნების შედეგებს. ბუნებრივია ყველას გვაინტერესებს რას ვფიქრობთ სხვებზე ან სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე, თუმცა ხშირად გვავიწყდება ის აუდიტორია, რომელზეც ჩვენი სხეულის ენა ახდენს გავლენას. და ეს აუდიტორია თავად ჩვენ ვართ. ჩვენი სხეულის ენა ჩვენზეც მოქმედებს. ის გავლენას ახდენს ჩვენს აზრებზე, ჩვენს გრძნობებზე და ჩვენს ფიზიოლოგიაზე.

სოციალური ფსიქოლოგი ვარ და სტერეოტიპულ განწყობებს ვსწავლობ. დავინტერესდი, როგორია ძალაუფლებისა და დომინანტურობის არავერბალური გამოხატულებები. ცხოველთა სამყაროში ის სხეულის გაშლას, განვრცობას გულისხმობს. ცხოველები ფართოდ იშლებიან, იწელებიან, რომ უფრო მეტად გამოჩნდნენ, მეტი სივრცე დაიკავონ. ეს მხოლოდ პრიმატებს არ ეხება, ადამიანებიც ზუსტად ასე იქცევიან. ამას აკეთებენ, მაშინ როცა გრძნობენ ძალაუფლებას და მაშინაც, როცა ეს გრძნობა დროებითია. ჯესიკა თრეისიმ სიამაყის გამომხატველი მდგომარეობა შეისწავლა. მან დაადგინა, რომ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები, როცა ისინი ფინიშის ხაზს გადაკვეთენ, სწორედ ასე იქცევიან, ხელები ზემოთ არის ატაცებული, ნიკაპი ოდნავ აწეულია. როგორ ვიქცევით, როცა უძლურად ვგრძნობთ თავს? საწინააღმდეგოს ვაკეთებთ. ვიკუნტებით, ვპატარავდებით. არ გვინდა, ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანს შევეჯახოთ. სწორედ ასე ხდება, როცა ერთმანეთს ძლევამოსილი და უსუსური ადამიანები ხვდებიან. როგორც წესი, მეორე ადამიანის არავერბალური ქცევის საპასუხო ქცევას ვახორციელებთ.

ჩვენი ქცევა შესაძლებელია თამაშით გადავიდეს რეალურ ქცევაში. მაგალითად, თუ ცოტა ხნით ძალაუფლების იმიტაციას მოახდენ, ერთხელად გამოგივა და იგრძნობ ძალაუფლებას. გარკვეულწილად, ასეც არის. ჩვენ ვიღიმით, როცა გვიხარია, ხოლო მაშინ, როცა ჩვენ იძულებით ვიღიმით, სიხარულის განცდა ნაწილობრივ გვეუფლება. ჩვენი გონება გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე. მაგრამ ცვლის თუ არა ჩვენი სხეული ჩვენ ტვინს? როგორია ძალაუფლების გრძნობით აღვსილი ან უძლური ადამიანის ტვინი? ძალაუფლების გრძნობის მქონე ადამიანები უფრო თავდაჯერებულები და ოპტიმისტები არიან. მათ აქვთ გრძნობა, რომ წარმატებას მიაღწევენ, მაშინაც კი, როცა ეს იღბალზეა დამოკიდებული. ისინი უფრო რისკიანები არიან. განსხვავებები ფიზიოლოგიურ დონეზეც ვლინდება, ორი საკვანძო ჰორმონით: ტესტოსტერონი, რომელიც დომინანტურობის ჰორმონია, და კორტიზოლი, რომელიც სტრესის ჰორმონია.

რა ხდება მაშინ, როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი “აქ” არ არის? როცა 19 წლის ვიყავი, მძიმე ავარიაში მოვყევი. დარტყმის ძალამ მანქანიდან გადმომაგდო. გონზე, რომ მოვედი თავის ტრავმით სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვიწექი. კოლეჯი მივატოვე. ჩემი ინტელექტის ინდექსმა იკლო, რაც ძალიან მძიმე იყო. მეუბნებოდნენ, რომ კოლეჯს ვერ დავამთავრებდი. ამ დროს ხელიდან გეცლება ყველაფერი და უსუსურად გრძნობ თავს. დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა. ბოლოს კოლეჯი დავამთავრე.  ამისთვის ოთხი წლით მეტი დამჭირდა, ვიდრე ჩემს კურსელებს. წლის დამასრულებელი გამოსვლა 20 წუთიანია, 20 კაციანი აუდიტორიის წინაშე. შემეშინდა, ჩემს მასწავლებელს დავურეკე და ვუთხარი, რომ ვერ შევძლებდი. მან მიპასუხა: ”ვერსად წახვალ, მე შენზე ფსონი დავდე. დარჩები და აი, რას გააკეთებ. თავს მოაჩვენებ. შენ გამოხვალ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგთხოვენ.  გული რომ გისკდებოდეს, დამბლა დაგეცეს, სხეული არ დაგემორჩილოს, იქამდე, სანამ არ დადგება მომენტი, როცა იტყვი ღმერთო, გამომდის! ბუნებრივად გამომდის”. ასეც მოვიქეცი, დავრჩი. ხუთი წელი უმაღლესში ვისწავლე. ბოლოს ჰარვარდში გადავედი. 

თამაშში ნუ დახელოვნდებით, ითამაშეთ, სანამ არ გაიშინაგნებთ. იქამდე ეცადეთ, სანამ არ გაითავისებთ და ბუნებრივი არ გახდება. პატარა ბიძგებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. მომართეთ თქვენი გონება, რომ სიტუაციას თავი საუკეთესოდ გაართვას. აწიეთ თქვენი ტესტოსტერონის დონე. დაწიეთ კორტიზოლი. გამოდით გრძნობით, რომ გამოავლინეთ თქვენი ნამდვილი სახე და შესაძლებლობები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები