LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა ყაბზობის დროს – მაია ხერხეულიძის რეკომენდაციები

1522

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, პედიატრი მაია ხერხეულიძე სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეორგოლში ბავშვთა ასაკის ისეთ გავრცელებულ პრობლემაზე საუბრობს, როგრიცაა ყაბზობა.

„კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები და საერთოდ ყაბზობა ბავშთა ასაკში საკმაოდ ხშირია. უხშირესად იგი არის ფუნქციური ხასიათის. ფუნქციური ხასიათის ნიშნავს იმას, რომ მას არანაირი ორგანული მიზეზი საფუძვლად არ უდევს. ის შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა ცვლილებით. პირველ რიგში, როდესაც ბავშვი იმყოფება ძუძუთი კვებაზე და იწყებს დამატებით კვებას. სწორედ დამატებითი კვების დაწყების დროს შესაძლოა რომ გამოვლინდეს გარკვეული დისფუნქცია. ეს შეიძლება განპირობებული იყოს ახალი საკვების გასინჯვით.

ხშირ შემთხვევაში ყაბზობა ვითარდება ხოლმე, როდესაც ბავშვი ეჩვევა ქოთანს. ქოთნის მიჩვევის პერიოდში საკმაოდ ხშირია ყაბზობის განვითარების შემთხვევები.

2-3 წლის ასაკში, როდესაც ბავშვები გამოირჩევიან პრეტენზიული კვებით, ანუ ისინი ირჩევენ საკვებს და სურვილი აქვთ ერთი და იგივე ტიპის საკვები მიირთვან, შესაძლოა ამ ერთფეროვანმა კვებამაც გამოიწვიოს ყაბზობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყაბზობა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ნიშანი ორგანული ხასიათის დაავადების. ანუ როდესაც ჩვენ გვაქვს კუჭ-ნაწლავის სისტემის ტრაქტის ორგანული პრობლემა. ამიტომ ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ.

ხშირად ყაბზობა იწყება დაბადებისთანავე ანუ პირველი დღეებიდან. ამ შემთხვევაში, როდესაც ყაბზობა ორგანული გენეზისაა, ხშირად მეკონიუმის გამოყოფაც არის ძალიან დაგვიანებული. ნაწლავთა მოქმედება გაძნელებულია დაბადებისთანავე, მას სდევს ძალიან ძლიერი ტირილი, განავალი არის ძალიან შეკრული, ნაწლავთა მოქმედება ძალიან იშვიათია და ყოველთვის საჭიროებს მშობლის დახმარებას. ნაწლავთა მოქმედების პრობლემასთან ერთად ვლინდება სხვა ნიშანი. მაგალითად მუცლის ძლიერი ტკივილი, შეუპოვარი ხასიათის ღებინება, ცხელება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ექიმს, რათა მოხდეს ზუსტად დიფერენცირება.   ფუნქციური დარღვევისას ხშირად მხოლოდ დიეტოთერაპიაც საკმარისია, რათა მოწესრიდგეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება, სხვა მიზეზით განვითარებული ყაბზობის დროს ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება და ზუსტი დიაგნოსტირება.

უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ბავშვი მიდრეკილია შეკრულობისკენ, აუცილებელია მან მიიღოს უჯრედისით მდიდარი საკვები. ეს გახლავთ ხილი და ბოსტნეული. შესაძლო მას შევთავაზოთ წვენებიც, თუმცა უმჯობესია ამ შემთხვევაში წვენი რბილობსაც შეიცავდეს. ამიტომ ჩვენ მშობლებს ვურჩევთ ხოლმე არა სუფთა, გამოწურული წვენი გამოიყენოს, არამედ ხილი დააბლენდეროს წყალთან ერთად და ცოტა უფრო ბლანტი წვენი შესთავაზოს ბავშვს.

ასევე არის გარკვეული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს შეკრულებას. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ცომეული, სახამებლის მაღალი შემცველობის პროდუქტები, ბრინჯი კარტოფილი. შესაძლებელია ყაბზობა ბანანმა და ბროწეულმაც გამოიწვიოს. ანუ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ყაბზობაზე, ანუ როდესაც პატარა მიდრეკილია ამისკენ, ჩვენ უნდა ვეცადოთ ყაბზობის გამომწვევი პროდუქტები მინიმალურად მივაწოდოთ მას.

ძალიან მნიშვნელოვანია სითხით დატვირთვა. ხშირ შემთხვევაში ბავშვი არ იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სითხის დიდი რაოდენობა შეიწოვება, რის გამოც განავალი შრება და დეფეკაცია ხდება გაცილებით უფრო მტკივნეული. შემდგომ პატარა ცდილობს, თავიდან აირიდოს ეს მტკივნეული პროცესი, ამიტომ იკავებს მოქმედებას. მოქმედების შეკავებასთან ერთად კი კიდევ უფრო მეტი წყალი იწოვება, ამიტომ სითხის დიდი ოდენობით მიწოდება მნიშვნელოვანია.

ასევე აუცილებელია რძის პროდუქტების შესაბამისი ოდენობით მიწოდება, აუცილებელია წვნიანი კერძები, ასევე ნაწლავთა პერისტალტიკაზე კარგად მოქმედებს შვრიის ქატო. ამიტომ შესაძლებელია ფაფაში ჩვენ შვრიის ქატო გამოვიყენოთ.

ძალიან კარგია ნაწლვათა მოქმედებისთვის ვაშლი და კივი. მნიშვნელოვანია უკვე გამზადებულ საკვებში მოხდეს მცენარეული ზეთის გამოყენება.

მაშინ, როდესაც ყაბზობა უკვე ჩამოყალიბებულია, ზოგჯერ გვჭირდება მედიკამენტი, რომელიც დაავიწყებს ბავშვს ტკივლის პროცესს, რომელიც დეფეკაციის პროცესს ახლავს.

ლაქტულოზას შემცველი ძალიან ბევრი პროდუქტია დღეს ბაზარზე. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ყაბზობა იწყება დაბადებისთანავე, თუ ის არის მკვეთრად გამოხატული, თუ ის არ რეგულირდება მედიკამენტების გამოყენების შემდეგ, თუ მას ახლავს ისეთი ნიშნები, როგორიცაა წონაში ჩამორჩენა, მაღალი ცხელება, მუცლის ტკივილი, შეუპოვარი ხასიათის ღებინება, ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რათა სწორად მოხდეს ყაბზობის მართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები