LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ბიზნესიდეას დააფინანსებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო

86

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა.

როგორც “ფორტუნას” მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, პროექტის მეორე რაუნდის ფარგლებში, ვებგვერდის მეშვეობით www.qartuli.ge, საერთო ჯამში შემოსულ განაცხადთა რაოდენობა შეადგენს 14081-ს, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 23164-ს უტოლდება, რაც პირველი რაუნდის მონაცემებს თითქმის ორჯერ აღემატება და პროგრამის უდავო წარმატებაზე მიუთითებს. პირველი რაუნდის მონაცემებით შემოსულ განაცხადთა რაოდენობა 7846-ს შეადგენდა, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 11878 იყო.

“მსგავსი აქტიურობა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების მაღალი დონე  პროგრამის რეალურმა სარგებელმა და  გამარჯვებული ბენეფიციარების ბიზნესების წარმატებულობამ განაპირობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, ისიც რომ  პროგრამის შესახებ ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად იზრდება განხორციელებული პროექტების ეფექტურობის ხარჯზე. მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ პროგრამაში ჩართვა ბიზნესის ნულიდან წამოწყებისა თუ განვითარების კარგი შესაძლებლობაა,”- განაცხადეს სააგენტოში.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ამჟამად შემოსული განაცხადების განხილვა დაწყებულია და  გამარჯვებულები  აპრილის ბოლომდე გამოვლინდებიან, რომლებიც კონტრაქტორების მხრიდან მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს გეგმების ტრენინგზე. შემდეგ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან  ბიზნეს გეგმების კონკურსს, საიდანაც  შეირჩევა კონკრეტული ბიზნეს გეგმები, მათ ავტორებთან კი   გაფორმდება ხელშეკრულება და საბოლოოდ გადაეცემათ თანადაფინანსების თანხა, შესაბამისად ისინი ოფიციალურად გახდებიან პროგრამის ბენეფიციარები.

უფრო კონკრეტულად,  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით
  • ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
  • დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
  • საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
  • ბიზნესის კეთებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება   და   3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება.

დღევანდელი მდგომარეობით დაფინანსებულია 1106 ბიზნეს პროექტი, დაახლოებით  1620 ბენეფიციარი, გადამზადებულია  3118  ბენეფიციარი, ხოლო თანადაფინანსების სახით გაცემულია 8 060 732 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას ჰქონდა  შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს იდეის ვებ-გვერდის მეშვეობით წარედგინა და ჩართულიყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.

მიკრო და მცირე მეწარმეობის  ხელშეწყობის ინიციატივა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

პროგრამის განხორციელების შედეგად  მოსალოდნელია მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, რაც, თავის მხრივ,  დადებითად აისახება რიგ ფაქტორებზე,  რაც გულისხმობს:

  • რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაციას (დედაქალაქში ან/და საზღვარგარეთ);
  • რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრებას;
  • რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციას;
  • ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატებას;
  • დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას;

აღნიშნულ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდა პირს, რომელიც  სრულწლოვანია (18 წელს მიღწეული) , არის საქართველოს მოქალაქე , არ არის საჯარო მოხელე,  არ არის სსიპ  მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული

საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები