LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ფაქტი მერაბ ნინიძის შესახებ, რომლებზეც არაფერი გსმენიათ…

258

რეჟისორებმა, ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა, რომლებმაც გახმაურებულ ქართულ ფილმზე – „გრძელი ნათელი დღეები“ ერთად იმუშავეს, ახალი ფილმი ჩაიფიქრეს. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ეკრანზე 2017 წელს გამოვა, გადაღებები კი უკვე დაწყებულია. მთავარ როლებს მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი განასახიერებენ.

რადიო „ფორტუნას“ საშუალება მიეცა, გადაღებების ერთ დღეს დასწრებოდა და მერაბ ნინიძე ჩაეწერა, რომელიც ახალი როლით ძალიან დაინტერესებულია და ამის შესახებ ინტერვიუშიც ისაუბრა, რომელიც ექსკლუზიურად ჩავწერეთ.

მსახიობს ასევე ვკითხეთ, როგორია ბაბუის როლში ყოფნა. მის ქალიშვილს, მარიამს ვაჟი, ალექსანდრე ერთი წლის წინ შეეძინა…

14207670_1285819551437673_6573650073017282664_oმერაბ ნინიძე:

საინტერესოა ერთმნიშვნელოვნად, პირველ რიგში, ნანა ექვთიმიშვილთან მუშაობამ დამაინტერესა, მასალას განსხვავებულად უდგება, მსახიობისგან მაქსიმუმს ითხოვს…

გიყვართ ასეთი რეჟისორები?

მსახიობისთვის ეს არის ყველაზე კარგი. თავად აღმოაჩენ ხოლმე საკუთარ თავში რაღაც ახალს მაშინ, როცა რეჟისორი გიკირკიტებს, მეტს გთხოვს, იმაზე კი არ არის თანახმა, რაც უკვე გაკეთებული გაქვს და იცი, უფრო ღრმად მიდიხარ. ვფიქრობ, კარგი რეჟისორის გარეშე მსახიობი არ არსებობს. თუკი კარგი რეჟისორი შეხვდა, მსახიობისთვის ეს დიდი ბედნიერებაა…

ფილმში მონაწილეობაზე დათანხმების მთავარი ფაქტორი იყო ამბავი, რასაც ნანა ჰყვება, როგორ ჰყვება, რა ნიუანსებს აქცევს ყურადღებას… ძალიან მოვიხიბლე ამ ყველაფრით. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, შევხვდით ე.წ. კასტინგზე, არ ვიცოდი არაფერი, პერსონაჟს ვეძებდით, როცა ნანამ მე და ია შუღლიაშვილი ერთად გვნახა, დაინახა ის, რისი გადაღებაც სურდა და დავიწყეთ ერთად მუშაობა.

14192186_1285819744770987_3033736758606663266_nხანდახან ძალიან ძნელია, ამ ყველაფერს ფიზიკურად გაუძლო, ზოგჯერ გამეორება გიწევს. კინოს აქვს სპეციფიკა, ნებისმიერ მომენტში უნდა იყო მზად, გაიმეორო პერფორმანსი ისე, რომ არაფერი დაიკარგოს… ახალდაბადებულივით უნდა იყოს… როცა 19 საათს მუშაობ, ძნელია, მუდმივად იყო პერფორმანსის ხასიათზე.

ამას როგორ ახერხებთ?

რაღაცანაირად ვახერხებ, უკვე იმდენი წელია, ვმუშაობ. მგონი, გამოცდილებამ მომცა ამის საშუალება. თავიდან ინსტიტუტში ამას ვერ ისწავლი, გამოცდილება გასწავლის, როგორ შეინახო პერფორმანსი და მისცე რეჟისორს იმ წუთას, როცა მას ის სჭირდება. არ უნდა თქვა, ახლა არ შემიძლიაო, რადგან ასე არ ხდება (იღიმის).

თბილისში გადაღებებს ხშირად თანხმდებით, ქართველ რეჟისორებთან?

ვთანხმდები, მაგრამ შემდეგ გრაფიკს ვერ ვუწყობთ ერთმანეთს და გული მწყდება ხოლმე, როცა თანამშრომლობა ამ მიზეზით ვერ შედგება. რამდენიმე პროექტზე უარის თქმამ მომიწია, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ამ ფილმში ვმონაწილეობ. ძალიან მოინდომეს, ორი კვირით ადრე გადმოიტანეს გადაღებები, რომ მომესწრო მონაწილეობა… პარალელურად კიდევ ერთ ფილმზე ვმუშაობდი… ახლა ხელოვნური თმა მაქვს მიმაგრებული, საკმაოდ რთული და გრძელი პროცესია, სამი ადამიანი მიწნიდა თითო ღერ თმას, ამიტომ დამაგვიანდა თქვენთან ინტერვიუზე (იღიმის). მეორე ფილმში კი გაპარსული და სხვანაირი ვარცხნილობით უნდა ვყოფილიყავი…

14257740_1285819048104390_5628839792045132204_oთბილისში გადაღებაზე იმიტომ გკითხეთ, რომ წავიკითხე თქვენი დღიური, სადაც წერდით, რომ საქართველოში ფილმში გადაგიღეს და ჰონორარი არ გადაგიხადეს… როგორ დასრულდა ის ამბავი და ამის გამო ხომ არ უფრთხით ქართველ რეჟისორებთან თამაშს?

არა, ნამდვილად არ ვუფრთხი… (იღიმის). მოსაყოლადაც არ ღირს. ჩემი აგენტია ფინანსური მხარით დაკავებული. როგორც ყველა სფეროში, აქაც ხდება ხოლმე ესეთი ამბები. ეს პროექტი მთლიანად გაუგებრობა იყო, 4 თვე ვიმუშავე, ყველა სხვა პროექტზე უარი ვთქვი, მაგრამ მერე სხვა გადაიღეს. კონტრაქტი ჩემთან ჰქონდათ გაფორმებული და ჰონორარი აუცილებლად უნდა გადაიხადონ, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, რასაც ალბათ, გააკეთებენ. ეს ამბავი ისტორიამ წაიღო. იმ მომენტში, როცა დღიურს ვწერდი, იმ დროს იყო აქტუალური…

იმავე დღიურში ახსენეთ ძალიან საინტერესო ადამიანი, ალექსანდრე, თქვენი შვილიშვილი. გული დაგწყდათ, რომ მის დაბადებას ვერ დაესწარით…

(იღიმის) ვერ დავესწარი, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩამოვფრინდი და ვნახე… როცა თბილისში ჩამოვდივარ, პირველ რიგში, მას ვნახულობ.

ძალიან კეთილი ბავშვია, ნაკლებად ტირის, არავის აწუხებს, ყურადღების დეფიციტი არ აქვს, რადგან ყველა ეფერება და ყურადღებას აქცევს. ძალიან ბევრი სიხარული მოიტანა ჩვენს ოჯახში და ჩვენ გარშემო. გაგვახალისა და უფრო მეტი სტიმული მოგვცა. ამ ასაკის ადამიანი რომ გყავს ოჯახში, ცხოვრებას სხვანაირად უყურებ.

ბაბუის როლიც მოგირგიათ…

14289905_1285816191438009_3690188437946758052_oმშვენიერი როლია… (იცინის). ეს არის ძალიან სასიამოვნო მისიაა, ბაბუის. იმედი მაქვს, მეტი თავისუფალი დრო მექნება, რომ მასთან გავატარო. მოვუყვე, რაც მინახავს…

გსურთ, მსახიობი იყოს?

რა საჭიროა?! თუ მას მოუნდება, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ ძალიან რთული პროფესიაა.

გინანიათ, რომ ამ პროფესიას მიუძღვენით თავი?

შეიძლება, ასეთი რამ მითქვამს, სინამდვილეში ნამდვილად არ მინანია. რაც გიყვარს, მასთან დაკავშირებული სირთულე უნდა გიყვარდეს. სხვანაირად არ გამოდის. მარტო ყურძნის ჭამა არ გამოდის, მიწას უნდა მოუარო, ხანდახან მოსავალიც გაგიფუჭდება და ამასაც უნდა შეეგუო. ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. მსახიობიც მუდმივად თვითგანვითარებით არის დაკავებული, თამაშობს ახალ როლებს, ზოგჯერ ცვდება, საკუთარ თავს ვეღარ პოულობს, ცოტა შიზოფრენიული პროფესიაა…

14195241_1285816178104677_704115693732080584_o (1)რას გააკეთებდით, მსახიობი რომ არ ყოფილიყავით?

რთულია თქმა. შეიძლება ვყოფილიყავი ან მუსიკოსი, ან მწერალი. გავყვებოდი ისეთ სფეროს, რაც ჩემს თავზე დამოკიდებულს გამხდიდა და არ ვიქნებოდი სხვებზე დამოკიდებული… ვიქნებოდი ან მუსიკოსი, ან დავწერდი რაღაცას.

საქართველოში რომ დარჩენილიყავით, ისეთივე წარმატებით განვითარდებოდა თქვენი კარიერა?

რასაკვირველია, სხვანაირად განვითარდებოდა. შესაძლოა, მსახიობად არც დავრჩენილიყავი, რადგან საქართველოდან ქვეყნისთბის რთულ პერიოდში გავემგზავრე. მაშინ აქ მსახიობის ადგილი არ იყო, იყო მხოლოდ ჯარისკაცის ან მკვლელის, ჯიბგირის ადგილი. როცა დავინახე, ჩემი მეგობრები პანტა-პუნტით კვდებოდნენ და შეიძლებოდა, მე შემდეგი ვყოფილიყავი, ამან მომცა ბიძგი, რომ წავსულიყავი…

როგორი თბილისი გხვდებათ, როცა ჩამოდიხართ?

14231805_1286189721400656_3451724477550084676_oმე ყველანაირი თბილისი მიყვარს, ის შენობებიც, აქ მცხოვრებებს რომ არ მოსწონთ. რას ვიზამთ? დრო მიდის, ახალ შენობებს აშენებენ, მაგრამ სული მაინც რჩება, მთაწმინდა, სოლოლაკი, ძველი უბნები, მარჯანიშვილი, პლეხანოვი, რაც მთელი ბავშვობა ფეხით მომივლია, მიყვარს. ესეც შეიცვალა, მაგრამ არა მგონია, ცუდისკენ. ყველაზე კარგი აქ გაზაფხული და შემოდგომაა.

ყველაზე მეტად, რაც თვალში მხვდება, ისაა, რომ მანქანები ტროტუარებზე აყენია და ჰაერია ცოტა მძიმე. ეს ქალაქი, სამწუხაროდ, არა ადამიანებისთვის, არამედ მანქანებისთვისაა. სილამაზე კი არ დაუკარგავს.

ერთი ფაქტი თქვენ შესახებ, რომელიც არ ვიცით…

ასეთი ბევრია (იცინის)… მე არ მაქვს მართვის უფლება, არ ვატარებ მანქანას, რადგან არ მიყვარს, არ ვიკარებ იარაღს და მყავს ველოსიპედი (იღიმის).

 

ფოტოები: თამუნა ტაბატაძე

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები