LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაუბრუნეს არაბებმა სახელმწიფოს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა?

93

შპს ”რაკიამ”  ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა.

საქართველოს მთავრობის №1901 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია” გათავისუფლდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას” და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრების უფლება შპს „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” 85%-იან წილზე და შეწყდება სს „ფოთის აეროპორტის” 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება”.

აღნიშნული გარიგების საფუძველზე,   „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო” ფოთის თიზ-ის 15%-ს, საქართველოს სახელმწიფო კი, უკვე 85% ფლობს. არაბული კომპანის 15% დაყადაღებულია “მელაინის” სარჩელის გამო და თუ სასამართლო “რაკიას” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნული წილიც საქართველოს სახელმწიფოს ხელში გადავა.

რას უპირებს მთავრობა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ  ზონას და რა მიზეზით გადასცა  შპს ”რაკიამ”   თიზ-ი სახელმწიფოს?- ამ კითხვებზე საპასუხოდ ”ფორტუნა” სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

როგორც სააგენტოში განმარტეს,  არაბულ კომპანიასთან ქართულ სახელმწიფოს კონფიდენციალური ხასიათის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, შესაბამისად, მიზეზებზე საუბრისგან ამ დროისთვის თავს იკავებენ.

”კომპანიამ შეიცვალა სტრატეგია. აქ არ იყო საუბარი რამის არ, ან ვერ შესრულებაზე. რაც შეეხება მოლაპარაკებების კონკრეტულ დეტალებს, ამას  არაბულ მხარესთან შეთანხმების გარეშე ვერ გავასაჯაროვებთ”, – აღნიშნეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით,  მთავრობა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სხვა კომპანიისთვის გადაცემას არ გეგმავს. აღნიშნული თიზ-ი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და იმავე რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

შეგახსენებთ, ფოთის თიზ-ი 2008 წლის ივნისში დაფუძნდა. 2009 წლის 14 აპრილის #72 დადგენილების თანახმად ინვესტორს ქ. ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე 3 046 037 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 99 წლის ვადით გადაეცა. ინვესტორს თიზ-ის განვითარების დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა მისი მასშტაბური განვითარება ვერ შეძლო.

 

 

პოპულალურები