LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი: „ქართველმა აუდიტორიამ ხელში ამიტაცა და კონცერტის ბოლომდე ასე მატარა…“

144

რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით გაიყიდა. შოუმდე დიდი ხნით ადრე უკვე არც ერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართველი და არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელის მხრიდან შოუს მიმართ, რომელიც დიდი ხანია არ გამართულა და უილიამსსა და მის გუნდს სპეციალურად საქართველოში ჩამოჰქონდა, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, უდიდესი ინტერესი იქნებოდა და ასეც მოხდა…

„დინამო არენაზე“ ხალხმა 5 საათიდან დაიწყო შეკრება. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიება შესანიშნავად იყო ორგანიზებული და ყველამ თავისი ადგილი, მათ შორის მედიამაც, რომლისთვისაც მედიაცენტრიც მუშაობდა და ადგილებიც იყო გამოყოფილი, დროულად დაიკავა.

13254303_938253299606760_5919672194347777872_nსანამ უშუალოდ უილიამსის კონცერტი დაიწყებოდა, სცენაზე „გრუვსონიქსი“ გამოვიდა, ჯგუფი, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს სხვადასხვა ცნობილი სიმღერის ქავერს. მათ ზუსტად ნახევარსაათიანი პროგრამა ჰქონდათ. შემდეგ სცენის მომზადება მთავარი პერფორმერისთვის დაიწყო, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ უილიამსი მხოლოდ იმ დღის მთავარი გამომსვლელი არ ყოფილა… ის ზოგადად, პირველი შემსრულებელი იყო, რომელმაც ამ დონის შოუ გამართა ჩვენს ქვეყანაში. ვინც კონცერტს დაესწრო, აუცილებლად აღნიშნავს, რომ მსგავსი ხარისხის ღონისძიება საქართველოში არასდროს ჩატარებულა. სცენა, აპარატურა, განათება, ანტურაჟი – ყველაფერი უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებდა და ამისთვის საკმაოდ დიდი სამუშაო გასწიეს როგორც ქართველმა ორგანიზატორებმა, ასევე უცხოურმა გუნდმა, რომელიც სპეციალურად ამ შოუსთვის საქართველოში ჩამოვიდა. გაშლილ სივრცეში, რომელიც ათასობით ადამიანს იტევს, ხმა იდეალურად ისმოდა, რაც დაგვეთანხმებით, ჩვენს ქვეყანაში იშვიათი ფუფუნებაა. დაწესდა ისეთი სტანდარტი, რომლის ქვევით ჩამოსვლა ახლა უკვე არცთუ სახარბიელო იქნება.

ზუსტად 10-ის ნახევარზე, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დიდ ეკრანზე რობი უილიამსის შოუს „Let Me Entertain You“ მთავარი სიტყვები გამოისახა: „ნება დამრთეთ, რომ გაგართოთ…“ ამ შეთავაზებაზე, რა თქმა უნდა, უარი არავის უთქვამს და მისტერ უილიამსი, მთელი თავისი დიდებულებით, ქარიზმით, ოდნავ ხაოიანი ხმით, რომელიც ბრწყინვალედ ჟღერს ლაივში, მიმიკებით, რომლებიც ყველა მის თაყვანისმცემელს ეცნობა, სრულიად უცენზურო, ჩვეულებრივ შემთხვევაში მიუღებელი ლექსიკონით, რომელიც ამ შემთხვევაში ყველაზე ზრდილობიანი ადამიანისთვისაც კი მისაღები გახდა, არასტანდარტული ქცევით სცენაზე, რომელსაც ჩვენ მომხიბვლელს ვუწოდებთ, გრანდიოზულ სცენაზე „ამოიზარდა“.

13308645_938253176273439_4742096837696011971_oრაც ამის შემდეგ სცენაზე მოხდა და სცენის მიღმაც, ვინაიდან მაყურებელი სრულ მუსიკალურ ექსტაზში იმყოფებოდა, სიტყვებით რთულად აღსაწერია. დაპირებისამებრ, მოვისმინეთ ყველა ის ჰიტი, რითაც უილიამსი პოპულარული გახდა. Let Me Entertain You, Feel, Supreme, She’s The One, Angel… გარდა ამისა, მისი ცნობილი პროგრამიდან რამდენიმე ცნობილი ჰიტის ქავერიც, მათ შორის Minnie The Moocher, My Way, New York, New York… ყველა სიმღერის შესრულება იყო ძალიან საინტერესო და სახალისო, მაგრამ ამ უკანასკნელის „ქართული“ ვერსია მაინც განსაკუთრებული გამოდგა. მისტერ უილიამსმა გვკითხა, ვიცოდით თუ არა ნიუ იორკის შესახებ, დასტურის შემდეგ მან გვითხრა: „ნიუ იორკის დედაც… ამ სიმღერას დღეს სხვანაირად შევასრულებთ და ნიუ იორკის მაგივრად ყველგან ჯორჯიას ვიტყვით…“ მან პირობა შეასრულა და რასაკვირველია, მთელი დარბაზი ენერგიულად აჰყვა.

შოუს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სცენაზე ქართველი გოგონას, მარის აყვანა იყო, რომლისთვისაც უილიამსმა ყველასთვის საყვარელი კომპოზიცია, She’s The One შეასრულა. მართალია, მარი შეყვარებულთან ერთად იყო მისული კონცერტზე და ცოტა დაიმორცხვა, მაგრამ ბოლოს უილიამსს მაინც ჩაეხუტა და კმაყოფილმა დატოვა სცენა.

13307466_938253379606752_578928169062451951_nმომღერლის თაყვანისმცემლები დაგვეთანხმებიან, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა Feel გახლავთ, რომელიც რობიმ გამორჩეულად შეასრულა, დარბაზი, რასაკვირველია, აქაც აჰყვა და ტელეფონებით ანათებდნენ „დინამო არენას“, რაც ულამაზესი სანახაობა გახლდათ.

უილიამსი საქართელოში მამასთან ერთად ჩამოვიდა და ის სცენაზეც იხმო, დუეტის შესასრულებლად, რაც არანაკლებ საინტერესო სანახავი და მოსასმენი გამოდგა…

მთლიანობაში, პროგრამამ საათნახევარზე მეტხანს გასტანა, როგორც ეს თავიდან იყო დაანონსებული… ბისზე უილიამსმა My Way შეასრულა და თავის გზას გაუდგა სახლისკენ, თუმცა საუკეთესო შთაბეჭდილებებით დატოვა საქართველო.

გამგზავრების წინ სუპერვარსკვლავმა ვრცელი კომენტარი გააკეთა:

13320972_938252849606805_419515113003553635_oპუბლიკა იყო სენსაციური, არაჩვეულებრივად თბილი და კეთილშობილი… ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი სიმღერების სიტყვები ყველამ იცოდა, იმის გათვალისწინებით, რომ აქ არასდროს ვყოფილვარ. 7 თვეა, კონცერტი არ მქონია, ვნერვიულობდი და შეშინებული ვიყავი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველმა აუდიტორიამ ხელში ამიტაცა და ბოლომდე ასე მატარა. ეს მოგონებები ჩემთან ცხოვრების ბოლომდე დარჩება. ვისურვებდი აქ დაბრუნებას და კვლავ თქვენ წინაშე გამოსვლას.

ის, რაც ყველაზე მეტად მომეწონა საქართველოში? სული… ძალიან თბილი ხალხია, თბილი ადგილი და ძალიან კარგი კლიმატი, უფრო თბილა, ვიდრე ახლა დიდ ბრიტანეთში. ძალიან მომეწონა საჭმელი, განსაკუთრებით ნიგვზიანი ბადრიჯანი. ეს შესანიშნავი იყო…

New York New York შევასრულე, თუმცა მის მაგივრად ვამბობდი Georgia, Georgia-ს, ეს არაჩვეულებრივი იყო და ამ სიმღერის ბოლოს ისეთი ოვაციები იყო, რომ ვთქვი – OK… ყველამ იცოდა ჩემი სიმღერა „Candy“, რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, რადგან ეს სიმღერა არავინ იცის… ძალიან ბედნიერი ვარ…“

ნინო მურღულია

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/CheckinGeorgia2016/videos/vb.910749139023843/938145802950843/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

ფოტო / გელა ბედიანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები