LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ცხოვრობს აშშ-ში სალომე მდივანი – „ნარკოტიკზე არ შევმჯდარვარ, თუ ეგ გაინტერესებთ…“

537

სალომე მდივანი (ქათამაძე) ორ წელზე მეტია, რაც ნიუ იორკში ცხოვრობს. ბერკლის პრესტიჟულ სასწავლებელში მოხვედრის შანსი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, იქ სწავლა გადაიფიქრა. „ფორტუნა“ მომღერალს აშშ-ში დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა მასთან.

სალომე, რამდენი ხანია, რაც აშშ-ში ცხოვრობ და რატომ გადაწყვიტე ამ ქვეყანაში გამგზავრება?

სალომე მდივანი:

2,5 წელია ამერიკაში ვცხოვრობ. გადავწყვიტე, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ჩამებარებინა, ჩავაბარე, 70%იანი დაფინანსებით, მაგრამ საბოლოოდ სწავლის გაგრძელება გადავიფიქრე და საკუთარი მიზნების ასრულება უბრალოდ, ამ ქვეყანაში ცხოვრებით გადავწყვიტე, რასაც არ ვნანობ.

ალბათ, უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება არაა ადვილი…

რთულია, რა თქმა უნდა, აქ კი არა, ყველგან რთულია. პირველ რიგში, გჭირდება ნებისყოფა, ძალიან ბევრი მუშაობა, საჭირო ხალხის გაცნობა, კონტაქტები და ამ ყველაფერს სჭირდება დრო და ენერგია. როგორც ასეთი, სირთულე არაფერია ჩემთვის აქ, რადგან თუ მოინდომებ, მარტივადაც აღწევ, უბრალოდ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს შესაბამისი ნიჭი და ტალანტი. ამასთანავე რწმენა და სიყვარული იმ საქმის, რასაც აკეთებ.

რამდენადაც ვიცი, ბედი ამერიკულ „ვოისში“ სცადე…

კი, „ვოისში“ ვცადე გასვლა, თუმცა გამიკვირდა, რომ ჩემნაირი და ჩემზე ბევრად უკეთესი (ჩემი შეფასებით) მომღერლები არ მიგვიღეს იმ დღეს.

პერიოდულად ვრცელდება ხოლმე ვიდეოები, სადაც ხან ნიუ იორკის მეტროში მღერი, ხან რომელიღაც კლუბში… გაქვს სასიმღერო კარიერის აწყობის საშუალება?

რა თქმა უნდა, მაქვს. ნიუ იორკის მეტროს რაც შეეხება, მომწონს, როცა ვხედავ, ახალგაზრდები მღერიან და იმავდროულად, გული მწყდება, რომ ისინი დგანან იქ და არა სცენაზე. ზოგიერთ შემთხვევაში მათთან ერთად სიმღერა მინდება, მივდივარ და ვმღერი. რაც შეეხება კარიერას, მიხარია რომ ახლაც, ამ ქვეყანაშიც ფინანსურად სწორედ საკუთარი სიმღერით ვცხოვრობ. სტაბილურად ვმღერი რესტორან „პასაჟში“ და გარდა ამისა, სხვადასხვა ღონისძიებაზე დავდივარ ბენდთან ერთად.

ბიონსეობას არ ვაპირებ, რადგან ცოტა სხვა მიმართულებით ვმუშაობ კარიერაზე, საკუთარ მუსიკას ვაკეთებ და იმედი მაქვს, მალე ახალი და სასიამოვნო პროექტებით დაგიბრუნდებით.

ბოლო პერიოდში იმიჯი შეიცვალე. ძალიან გახდი. როგორ მოახერხე წონის დაკლება და შენარჩუნება?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს ყოფილა ჩემი წონა ის, როგორიც ხალხს ვახსოვარ. საკუთარ წონას საკმაოდ ნელა, მაგრამ მაინც დავუბრუნდი აქტიური ცხოვრებით და ცოტა საკვების შემცირებით. განსაკუთრებული დიეტა არაფერი დამიცავს და არც ნარკოტიკზე შევმჯდარვარ, თუ ეგ გაინტერესებთ (იღიმის). სხეული საკუთარ წონას აუცილებლად დაუბრუნდება, თუ შესაბამის ენერგიას დახარჯავს და ცოტა ნაკლებ საკვებს მიიღებს.

პირად ცხოვრებაში რა ხდება?

პირად ცხოვრებაში სიახლე არ არის და ამ ეტაპზე მომწონს მარტო საკუთარ თავთან და ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა. მეტად პროდუქტიული ვარ.

საქართველოში დაბრუნებას აპირებ?

საქართველოში ცოტა ხნით სტუმრად ჩამოსვლას ვაპირებ, მაგრამ საცხოვრებლად დაბრუნებას ჯერ არა.

აპირებ კიდევ კონკურსებში მონაწილეობას?

კონკურსებში მონაწილეობას აღარ ვგეგმავ. საკუთარ პროექტებზე მირჩევნია დავხარჯო მთელი დრო და ენერგია.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g