LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივიღოთ ფისტას ნერგი უფასოდ?

1246

„საქართველოს ფისტას ასოციაცია” პროექტს „ფისტა ჩვენს ოჯახში” აგრძელებს. 2018 წლამდე პროექტის პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს და მის ფარგლებში ფისტას 10 000-ამდე ნერგი დარიგდეს. როგორც ”ფორტუნას” „საქართველოს ფისტას ასოციაციის” აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განუცხადა, ამ დროისთვის გაცემულია ფისტას 3 ათასამდე ნერგი და მსურველების რეგისტრაცია კიდევ გრძელდება.

”ფისტას ნერგებს ვარიგებთ სრულიად უანგაროდ. იმისთვის, რომ მსურველმა ნერგი მიიღოს, საჭიროა ჩვენი ორგანიზაციის ”ფეისბუქ” გვერდზე გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია, შეავსოს შესაბამისი აპლიკაცია და შემდეგ უკვე დაელოდოს საკუთარ რიგს. ნერგები ყოველთვიურად, ხან თვეში 2-ჯერ რიგითობის მიხედვით რიგდება. ამ ეტაპზე რიგში ათასობით ადამიანი გვყავს და ახალი მსურველების რეგისტრაციაც კვლავ გრძელდება. 7 ათასამდე ნერგი გვაქვს კიდევ გასაცემი”, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

მისივე ინფორმაციით, ნერგების უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში დაირგო, სადაც ფისტას მოსაყვანად ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები და შესაბამისი ნიადაგია. თუმცა, ფისტას ნერგების გარეშე არც დანარჩენი რეგიონები დარჩა – ნერგები მიმოიფანტა როგორც ზღვისპირეთში, ისე მაღალმთიან რეგიონებში.

”ვაწარმოებთ ერთგვარ დაკვირვებას, სად როგორ გაიხარებს ფისტა და რა შედეგს მოგვცემს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში დაირგო ჩვენი ნერგები”, – განმარტა „საქართველოს ფისტას ასოციაციის” აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ფისტას ნერგებზე მოსახლეობის მხრიდან დიდი მოთხოვნა და ინტერესია.

ცნობისთვის, ფისტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნებში მზარდი მოთხოვნაა. თბილისის სუპერმარკეტებში 100-გრამიანი „ფისტაშკას“ ფასი დაახლოებით 5.25 ლარიდან იწყება და 6.50 ლარამდეა.

„საქართველოს ფისტის ასოციაცია” კი 2016 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია საქართველოში ფისტას კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მისი მრავალმხრივი უპირატესობის გაცნობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები