LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი პატრიარქის მოწვევით ჩამოდის და ყველას მოვუწოდებთ სიმშვდისკენ – საპატრიარქო

118

საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ეკლესიის სასულიერო პირებს, რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რადგან ფრანცისკე ილია მეორის მოწვევით ჩამოდის, ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს ვებ-გვერდზე განთავსდა.

“როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ  ვიზიტთან დაკავშირებთ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას  მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ  ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.

ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას  ზოგიერთები მიიჩნევენ”.