LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ გაზზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით

39

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რუსულ გაზზე არ ვიყოთ დამოკიდებულები, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბუნებრივი გაზის წლიური საპროგნოზო ბალანსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მთავრობა მოსახლეობის და კომერციული სექტორის სრულად აზერბაიჯანული გაზით მომარაგებას აპრილიდან გეგმავს და “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის მიღება წლის ბოლომდე აღარ იგეგმება.

“ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა “გაზპრომთან” გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. მიღებული თანხით გვეძლევა შესაძლებლობა, ვიყიდოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, ირანიდან, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულიად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, “გაზპრომთან” ორწლიანი ხელშეკრულების დასრულების დროისთვის საქართველოს ექნება უფრო მყარი პოზიციები, ვინაიდან დასრულებული იქნება გაზსაცავის მშენებლობა.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, წელს საქართველოში გაზის მოხმარება ორი მილიარდი კუბური მეტრი იქნება. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბალანსიდან ცნობილი ხდება, აღნიშნული რაოდენობის გაზის 96% აზერბაიჯანული იქნება. ადგილობრივი მოპოვება მხოლოდ ათი მილიონი კუბური მეტრის ოდენობით არის ნავარაუდევი. რაც შეეხება რუსეთს, აქედან 2017 წელს უკვე 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი გვაქვს მიღებული და საქართველო რუსეთისგან გაზის შესყიდვას მიმდინარე წელს აღარ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები