LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ოპოზიციისთვის შეთავაზების პერსპექტივა – ინტერვიუ გია ნოდიასთან

„ის ხალხი, ვინც არის „ევროპულ საქართველოში“, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხი იქ არის, ბრმა არ ვარ, გარდა იმისა, ვინც პირდაპირ აიღო ფული და გაყიდა,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, “ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპულ საქართველოში არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთაც ივანიშვილისგან ფული არ აუღიათ.

სააკაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ექსპერტი გია ნოდია „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ამით მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო თანამშრომლობა, ასევე, პრაიმერისის გამართვა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის წარდგენა გამორიცხა.

გია ნოდია:  ეს საკმაოდ რთული იქნება იმიტომ, რომ სააკაშვილმა მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ოპოზიციურ პარტიაზე „ევროპულ საქართველოზე“ თქვა, რომ მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილზე არიან გაყიდული. ამით მან გამორიცხა მათთან თანამშრომლობა. საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში შევიდა. ეს აჩვენებს, რომ თუკი ასეთი დამოკიდებულება არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან ვერ ითანამშრომლებენ. ასე, რომ საკითხის სირთულე თვითონ სააკაშვილის ინტერვიუდან ჩანს.

  • ფინანსურად რამდენად შესაძლებელია პრაიმერისის გამართვა?

გია ნოდია:  რომ იყოს პოლიტიკური ნება და ოპოზიციონერები რომ ხედავდნენ ამის გამართლებას, მაშინ ფინანსებიც გამოიძებნებოდა. საერთოდ, პრაიმერისი მეორე ან მესამეხარისხოვანი საკითხია, საერთოდაც არ არის საჭირო და შესაძლოა, უბრალოდ სოციოლოგიური კვლევით გამოვავლინოთ, ვინ არის უფრო პერსპექტიული კანდიდატი, მთავარია სწორედ ამ საერთო კანდიდატის ყოლის პოლიტიკური ნება.

  • თავის მხრივ, „ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანას პრეზიდენტის რანგში ისეთი ქარიზმატული ლიდერი სჭირდება, როგორიც მათი კანდიდატი შალვა ნათელაშვილია. რამდენად რეალურია, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევანს შალვა ნათელაშვილის კანდიდატურაზე შეაჯერებენ?

გია ნოდია:  ეს ძალიან ძნელად წარმომიდგენია. შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა მისაღები არ იქნება. ასე მგონია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები არ მოინდომებენ ამ კანდიდატურას, ნათელაშვილის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე. „ევროპული საქართველო“ შეიძლება იყოს ძლიერი ოპოზიციური პარტია და ყველაზე ძლიერად ყოფნის მიზანი ნამდვილად ექნება. სხვა საკითხია, შეძლებს თუ არა ის ლიდერის პოზიციის აღებას. ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ის არის ძლიერი.

  • იმ შემთხვევაში, თუ „ევროპული საქართველო“ დაიშლება, ვისთან უფრო ლოგიკური იქნება მისი კავშირი?

გია ნოდია:  იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაღაც თქვა, „ევროპული საქართველო“ არ დაიშლება. გასაგებია, რომ მან ისე თქვა, ყველა არ იგულისხმა, მაგრამ პრაქტიკულად სააკაშვილმა „გაყიდულობა“ დააბრალა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს. მე არ მგონია, რომ ვინმემ სერიოზულად მიიღოს, თითქოს ლიდერები არიან ცუდები და თვითონ პარტიაში შემავალი ცალკეული ადამიანები კარგები არიან. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, თუ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დაბრუნდებიან, მივიღებთო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ცალკე „ევროპულ საქართველოსთან“ ვითანამშრომლებთო. თუ „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის იმედი აქვს, მიუხედავად სააკაშვილის გამონათქვამებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმიტომ გაიყო, რომ ამ პარტიაში დარჩა ის ხალხი, ვინც პირადად მიხეილ სააკაშვილის ერთგულია, ამიტომ წარმოუდგენელია, მით უმეტეს, სააკაშვილის ასეთი გამონათქვამების შემდეგ, რომ მათ ითანამშრომლონ.

  • რამდენად ლოგიკური იქნება, რომ ე.წ. პრაიმერისის შემთხვევაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ერთიანი კანდიდატი წარადგინონ?

გია ნოდია:  თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის ეს განცხადება კი არ უწყობდა ხელს ამ ორი პარტიის თანამშრომლობას, არამედ პირიქით – ხელს უშლის.

 

 

თათია კაკიაშვილი