LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჭაჭუა ამერიკულ საცეკვაო შოუში მიიწვიეს!.. – „ერთი სული აქვთ, როდის ჩავალ…“

375

სალომე ჭაჭუას ლაშა ჯოხაძის მაღაზიაში შევხვდით, სადაც „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ მორიგ კოსტიუმს იზომავდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობასთან ერთად ცნობილ მოცეკვავეს ვკითხეთ, არის თუ არა რაიმე სიახლე მის კარიერაში და ძალიან საინტერესო პასუხი მივიღეთ…

მალე სალომე ამერიკულ საცეკვაო შოუში „Burn The Floor“ მიიღებს მონაწილეობას, სადაც მსოფლიოდან საუკეთესო სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შემსრულებლები იკრიბებიან. ამ შოუს ხელმძღვანელები ამერიკული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფები არიან.

საუბარი „ცეკვავენ ვარსკვლავებით“ დავიწყეთ.

სალომე, როგორ მოგწონს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი?

ის არა მხოლოდ ჩემთვის, ზოგადად, გამორჩეულია, რადგან საერთაშორისო სეზონია. უცხოეთიდან ჩამოვიდნენ არა მხოლოდ კონკურსანტი ვარსკვლავები, არამედ მოცეკვავეებიც. სხვანაირი გარემო შეიქმნა, საინტერესო, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს განსხვავებულად. წელს ვარსკვლავებიც მომზადებულები მოვიდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ ნახეს წინა სეზონები და გააცნობიერეს, როგორი მუშაობა მოუწევდათ საკუთარ თავზე.

შენთვის როგორია დატვირთვის კუთხით?

როგორც ყოველთვის, საკმაოდ დატვირთული. ვვარჯიშობთ დღეში ორჯერ. ჩემი პარტნიორი, ირაკლი მაქაცარია უზომოდ მშრომელია და კარგად გამოსდის ცეკვა. თავადაც აინტერესებს ეს ყველაფერი, იმიტომ არ ვარჯიშობს, რომ იცის, რომ უნდა იცეკვოს. მოსწონს და სიამოვნებას იღებს ვარჯიშის დროს. დილით, 3-4 საათი ვვარჯიშობთ, საღამოს შეიძლება, ღამის 4 საათამდე ვივარჯიშოთ. დღეში 8-9 საათი გამოგვდის. ისე გადის ეს პერიოდი, ვერ ვგრძნობთ, რადგან გვსიამოვნებს ერთმანეთთან მუშაობა. ბოლოს ვსვამთ ხოლმე კითხვას, რა დრო გასულაო. ირაკლი კარგად რომ ცეკვავს, ჩემთვის ეს დამატებითი კომფორტია და ისიც მომწონს, რომ სიამოვნებას იღებს მუშაობის პროცესით. ნებისმიერი მოცეკვავისთვის ასეთ ადამიანთან მუშაობა ძალიან დიდი პლუსია.

„შენ შეგიძლია ცეკვის“ ჟიურიში იყავი. რა განასხვავებს ამ ორ პროექტს ერთმანეთისგან?

ძალიან დიდი განსხვავებაა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ერთი სპეციფიკაა, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების, ზოგჯერ არის სხვადასხვა სტილის ცეკვა. „შენ შეგიძლია ცეკვა“ უფრო მრავალფეროვანია სტილის მხრივ. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დაწყვილებული არიან პროფესიონალი და არაპროფესიონალი, „შენ შეგიძლია ცეკვაში“ კი მხოლოდ პროფესიონალები ცეკვავენ. ორივე საინტერესო პროექტია, მით უმეტეს, „შენ შეგიძლია ცეკვაში“ განსხვავებულ ამპლუაში ვიყავი, მსაჯის როლი მოვირგე…

როგორი იყო?

ძალიან რთულად. მთელი ცხოვრებაა სხეულის ენით ვსაუბრობ (იღიმის). არ შემიძლია, არ აღვნიშნო, დუტა სხირტლაძე რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, არც დავთანხმებოდი მონაწილეობას, ის ძალიან დამეხმარა, თავიდან ბოლომდე, მეტყველებაში მავარჯიშა, ინტონაციების სწორად დასმაში. ისე არასდროს წავიდოდი ჟიურის წევრად. ახლა როგორც ვამუშავებ ნომერს, რომ სცენაზე გავიტანო, ზუსტად ისე მივუდექი ჟიურის წევრობასაც. იქ მომიწევდა საუბარი და არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, ჯობია, სალომემ მხოლოდ იცეკვოს და ხმა არ ამოიღოსო (იცინის). მეშინოდა, რა თქმა უნდა და ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე…

შენი იმიჯიც ძალიან განსხვავებული იყო…

განსხვავებული, მგონი, არ იყო. სცენაზე რომ ვჩანვარ, სულ საცეკვაო კოსტიუმები მაცვია. მომწონს საღამოს კაბები, მაგრამ ვერსად ვიცვამ, სულ ჩემს ამპლუაში ვარ და ვცეკვავ. როცა საშუალება მომეცა, ლაშა ჯოხაძემ და მე გავიჯეჯილეთ, ისეთი კაბები გავაკეთეთ. მინდოდა, ასეთი კოსტიუმები მცმოდა (იღიმის).

შენს საცეკვაო კარიერაში რა ხდება?

ძალიან კარგი ამბავი მაქვს. მსოფლიოში ერთადერთ სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შოუში მიმიწვიეს, მისი სახელწოდებაა „Burn The Floor“ (დაწვი იატაკი – ავტ.შენ.). პრესტიჟული შოუა, აშშ-ში ტარდება და მოხდა საოცრება, რომ დამპატიჟეს მონაწილეობისთვის. მანამდე ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, თან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყო და გადავდე გამგზავრება. ალბათ, როცა შოუ დასრულდება, წავალ აშშ-ში მონაწილეობისთვის. ეს არ არის კონკურსი. მოიცავს უფრო მეტად სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს, რაც ჩემი მიმართულებაა. მასში მონაწილეობა მოცეკვავისთვის ძალიან დიდი პლუსია, მეწერება სივიში და სამომავლოდ გზას გამიხსნის. მეყოლება იტალიელი პარტნიორი.

კონკურსებში აღარ მონაწილეობ?

ჯერჯერობით, ტურნირებზე აღარ გავალ, რადგან მაქვს ეს შემოთავაზება, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. უარი არ უნდა ვთქვა. მიმაჩნია, რომ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი და ცოტა ხანს წავიდე. ზაფხულში ვაპირებ წასვლას, წინასწარ არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან როცა ვლაპარაკობ, მერე აღარ გამოდის ხოლმე… მოკლედ, ასეთი გეგმები მაქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ ხომ არ გქონია შემოთავაზება, რომელიმე ქვეყნიდან?

რთულია ასეთი შეთავაზების მიღება, ბევრი შრომა სჭირდება და რაც მთავარია, უნდა შეგამჩნიონ. მსოფლიოში უამრავი კარგი მოცეკვავეა. ამ გეზით მივდივარ. იმედია, ახალ შოუში მოვეწონები შესაბამის ადამიანებს. ეს შეთავაზება დიდი ხანია, მივიღე, მაგრამ არ ვამბობდი. ახლა გადავწყვიტე თქმა. „შენ შეგიძლია ცეკვა“ რომ გადიოდა, მაშინ გავიგე. ბოლო რამდენიმე გადაცემა, თუ გახსოვთ, ჟიურიში არ ვიჯექი, რადგან საქართველოში არ ვიყავი. შეხვედრაზე გავემგზავრე სწორედ „Burn The floor“-თან მოლაპარაკებებზე.

როგორ აგარჩიეს?

ჩემს მეწყვილესთან სინჯზე ვიყავი ჩასული. ის მიიწვიეს ამ შოუში. ამ ბიჭმა, ისე, რომ ჩემთვის არც უკითხავს, ჩემი ცეკვა აჩვენა შოუს მთავარ პროდიუსერებს. სხვათა შორის, ისინი ასევე არიან ამერიკის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მთავარი ქორეოგრაფები. უცბად მომივიდა იმეილი, გავხსენი და წერია: „Welcome to Burn The Floor“. თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ჩავედი, ძალიან ბევრი კარგი სიტყვა მითხრეს. ერთი სული აქვთ, როდის ჩავალ (იღიმის).

წარმატებებს გისურვებთ!..

დიდი მადლობა.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები