LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შთამაგონებელი წერილი აბიტურიენტებს კორნელის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტისგან

97

ერთ-ერთი საგანმანათლებლო გვერდი EduSpace აქვეყნებს ქართველი სტუდენტის ნააზრევს იმის შესახებ, როგორ შეარჩია შესაფერისი ფაკულტეტი საზღვარგარეთ, ერთ-ერთ უნივერსიტეტში და რას ურჩევს მათ, ვისაც ახლა აქვს აბიტურიენტობის პერიოდი. სოფო კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად სერიოზულდ მკითხეს, თუ რა მინდოდა მესწავლა მომავალში. ეს კითხვა სერიოზულად ანუ, მკაცრად და ზუსტი პასუხის მოლოდინით დამისვეს.

არ მახსოვს, რა ვუპასუხე ან რატომ მემახსოვრება დაბნეულობაში მოქექეილი პროფესია. ალბათ, იქნებოდა რამე ბიზნესმენეჯერის ან იურისტის მსგავსი, კონკრეტული, სტანდარტული და დამაკმაყოფილებელი. რაც წლები გადიოდა, უფრო და უფრო ხშირდებოდა ეს კითხვა და პასუხები დღითიდღე იცვლებოდა. ვიცოდი, რომ მინდოდა მოგზაურობა, ნაყოფიერი საქმის კეთება და ქიმიისგან რაც შეიძლება შორს ყოფნა. „დრო მაქვს, დრო მაქვს“ – ვუმეორებდი საკუთარ თავს და უცებ… დრო აღარ მქონდა.

დადგა ის ტანჯული მეთორმეტე კლასის სექტემბერი, ანუ აბიტურიენტული ჯოჯოხეთი. საბედნიეროდ, ამერიკულ უნივერსტეტებში ვაგზავნიდი, სადაც Liberal Arts ან Undecided major-ის არჩევის უფლება გაქვს. ორივე გადასარევი არჩევანია მათთვის, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა მომავალში, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებდა.

ამ პერიოდში ასეთი საინტერესო რამ მჭირდა: ვიღვიძებდი, მაფიქრდებოდა რაიმე ფაკულტეტი, წამოვხტებოდი სიხარულით და ჩემ თავს ვეტყოდი – გადავწყვიტე! ესა და ეს მინდა რომ გავაკეთო ცხოვრებაში!..  წავიდოდი სკოლაში ემოციებით დახუნძლული და… სახლში მოსვლისას დღის რჩეულ პროფესიაზე ინტერესის ნატამალიც აღარ მრჩებოდა. იყო დღეები, როდესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრება მითოლოგიის შესწავლისთვის უნდა დამეთმო, ამათ მოჰყვებოდა საღამოები კომპიუტერის წინ გუგლ სერჩებით: „როგორ გავხდეთ წარმატებული გალერისტი?“ ყველა პროფესია განსხვავებული და თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის არც ერთი არ იყო. რა მექნა? გავისეირნე! ბევრი ვიფიქრე, ერთი ორი ცრემლიც გადმოვაგდე, შემხვედრი ნაცნობებიც გადავკოცნე და წავედი სახლისკენ. ამ დრამატული სცენის ნიადაგზე გავჩერდი, ჰორიზონტს გავხედე და ღრმად ჩავისუნთქე… ოღონდ ვერ ჩავისუნთქე, თბილისში ვარ, აბაშიძეზე შუა ქუჩაში, მოვინდომე რა ჰაერი! გავადგი ფეხი გადათხრილ-მანქანა გავსებულ ტროტუარზე, სადაც მზე თეორიულად ანათებს და მახინჯი კორპუსები ერთმანეთს ეხუტებიან. სახლში მისული დავუბრუნდი ჩვეულ სასოწარკვეთას.

რამდენიმე დღის, 1600 თემის და 3 ნევროზული შეტევის შემდეგ კორნელის უნივერსიტეტის აპლიკაციას ვავსებდი. გადაწყვეტილი მქონდა საერთაშორისო ურთოერთობების ფაკულტეტზე გაგზავნა, რადგან დღის რჩეულ სფეროსთან ყველაზე ახლოს მდგომი იყო. ზუსტად აპლიკაციის გაგზავნამდე, უბრალო ინტერესის გამო, გავხსენი ფაკულტეტების ჩამონათვალი და შევუდექი თვალიერებას. სიის დასასრულს ვუახლოვდებოდი, როდესაც სამი სიტყვის ერთობლიობამ მიიქცია ჩემი ყურადღება: Urban and Regional Planning. გავხსენი გვერდი, გავეცანი კურსის მიმოხილვას და უკან არც მომიხედავს. სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ფაკულტეტს, რომელიც არც ვიცოდი, რომ არსებობდა, რომელიც მოიცავდა ჩემს საკმაოდ ეკლექტურ და დაუკავშირებელ ინტერესებს: დიზაინი, დისციპლინათაშორისი მეცნიერებები, მდგრადი განვითარება და სხვა. ასევე, ამ ყველაფერთან ერთად, ქალაქის დაგეგმარება/განვითარება არის ფენომენი, რომელსაც ყოველ დღე უნებლიეთ ვუთმობდი დროს და ემოციებს: „ეს შენობა აქ რატომ დგას?! ამ ქუჩას ესაჭიროება მეტი სანიაღვრე! რატომ არ რეგულირდება ურბანული გამწვანება?!“

როგორც იქნა, ვიპოვე სფერო, რომელზეც 24 საათი ფიქრიც არ მღლის, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და რაც მთავარია მახვედრებს, რომ ყოველი ლექციისგან აღებული ინფორმაცია შემიძლია, ჩემს ბედკრულ და საყვარელ თბილისს მოვახმარო.

ამ მოკრძალებული ამბის მორალი შემდეგნაირია:

სტრესში ყოფნისას გაისეირნეთ (ქუჩების გაუმჯობესება და ჩასასუნთქი ჰაერის პრობლემა მე მომანდეთ) და არასოდეს დაკმაყოფილდეთ იმით, რაც დღითიდღე არ გაოცებთ.

ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მომავალი ჩვენს ხელშია და ზუსტად ამიტომ უნდა გავცდეთ სტერეოტიპულ გადაწყვეტილებებს. რაც უნდა გადასარევი იყოს იურისტობა, მენეჯმენტი თუ ბიზნესი, იცოდეთ, რომ არსებობს ულევი სხვა სფერო, რომელთა არსებობაც შეიძლება, არც კი იცით, ან არასდროს განგიხილავთ სამომავლო კარიერად. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ჩემსავით სპონტანურად, დაზოგეთ ნერვები და შეუდეგით ძიებას!

Sophia O’Neill – კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g