LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: „ახალი წლის შეხვედრას სახლში ვაპირებ!..“

168

სტეფანესთვის 2017 წელი სუპერწარმატებული გამოდგა. რამდენიმე ახალი ჩანაწერი გამოუშვა, კლიპებიც გადაიღო და 10-მდე სოლოკონცერტიც გამართა. წინასაახალწლო პერიოდი ძალიან დატვირთული აქვს, და მაინც… აპირებს, ახალ წელს სახლში შეხვდეს, რადგან 2016 წლის მიწურული ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა და 2017 წელი მისთვის შესანიშნავი გამოდგა.

 

 

სტეფანე:
2017 წელს გამოვცოცხლდი. წინა ორი წელი დეპრესიულად ვიყავი, არ ვმუშაობდი, ჩავიკეტე საკუთარი თავი. 2016 წლის ბოლო აღარ მინდოდა, ვყოფილიყავი ჩაკეტილი. უცებ, ბუფ და გაიხსნა, მაგრად წავიდა ყველაფერი. 2017 წლის ძალიან მადლობელი ვარ. შემოქმედებითად აქტიური წელი იყო, კორპორატიულსაც თუ ჩავთვლით, მეათე სოლოკონცერტი ჩავატარე. ჩემი კონცერტი მაინც შოუ გამოდის, რადგან ტექნიკური რაიდერის შესრულებას ზუსტად ვითხოვ, თუ შესაბამისი აპარატურა არ არის, არ ვთანხმდები. ბაქოშიც ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე. ნონ-სტოპი მაქვს, რომელიც ახლაც გრძელდება.

31 დეკემბერის კონცერტზე მოგვიყევი…

31 დეკემბრის კონცერტი ჩემთვის მნიშვნელოვანია. „სფეისჰოლში“ იქნება განახლებული პროგრამით, ახალ სიმღერებსაც ვამატებთ, მუსიკოსებსაც. მაქვს დაწერილი ახალი სიმღერა, რომელიც გაზაფხულზე „გამოვარდება გარეთ“ (იღიმის). „სფეისჰოლი“ ძალიან კარგი სივრცეა, 2000 ადამიანი ეტევა. მათ არასდროს დაუთმიათ სივრცე ქართველი მუსიკოსისთვის. ახლაც „მუზამე“ აკეთებს ჩემს კონცერტს. პირველი 22 აპრილს იყო, დიდი დრო გავიდა უკვე (იღიმის). 12 საათზე ყველა შეხვდება ახალ წელს იქ, სადაც სურს, ორ საათზე კი დაიწყება ჩემი კონცერტი, რომელიც ოთხ საათამდე გაგრძელდება. თუკი ახალ სიმღერასაც მოავსწრებთ, მასაც შევასრულებთ.

ტექნიკური რაიდერი ახსენე, ანუ კონცერტის ჩატარებისას ითხოვ ზედმიწევნით მის შესრულებას?

მე ხმის რეჟისორ გიორგი გვარჯალაძესთან ერთად ვმუშაობ, რომელიც ძალიან მეხმარება და მის გარეშე, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებ. თუ ის აპარატურა არ არის იმ განლაგებით, როგორც მჭირდება, უარს ვამბობ. ძალიან ბევრჯერ ვთქვი უკვე უარი. არ მინდა კლუბის დასახელება, ორმაგ ჰონორარს მთავაზობდნენ, და ჩემი კონცერტი არ ღირს იაფი, მაგრამ როცა ხმა შევამოწმეთ, უარი ვთქვით. თუკი შენობას არ აქვს კარგი აკუსტიკა, დიდი თანხაც რომ შემომთავაზონ, არ დავთანხმდები. არც ისე ხშირია ჩემი კონცერტები და მოგეხსენებათ, ყველა ტელეფონით იღებს, მინდა, შესაბამისი ხარისხი იყოს.

2018 წლისგან რას ელი?

რომ არ უნდა გავჩერდე, არავითარ შემთხვევაში. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს.

სტეფანე, რით იყო განპირობებული შენი ორწლიანი დეპრესიული პერიოდი?

არ ვიცი, გადაღლილი ვიყავი ალბათ… ერთი პერიოდი საპროდიუსერი მოღვაწეობით ვიყავი დაკავებული და ის იყო პრიორიტეტული ჩემთვის. მერე ყველაფერი დაიხურა. დრო მჭირდებოდა, რომ ელემენტები დატენილიყო. ეს თავისით მოხდა და გაჩერებას არ ვაპირებ.

უცხოეთიდან ხომ არ არის შემოთავაზებები კონცერტებზე?

არის. აშშ-ში რამდენიმე ქალაქზეა საუბარი, დარბაზებსა და კლუბებში კონცერტებს ვგულისხმობ, ასევე საფრანგეთიდან. ჩემი ახლანდელი მუსიკა მაინც უფრო საკლუბოა. ფილარმონიიდანაც მქონდა შეთავაზება და უარი ვთქვი, ჯერ არ ვარ მზად. თუ გააკეთებ გაშლილ სცენაზე კონცერტს, როცა მსმენელი ზის, სხვანაირი არანჟირება უნდა გააკეთო, დაამატო მუსიკოსები და ა.შ. ახლა მირჩევნია, საკლუბო, ასევ ვთქვათ, „ხოდიანი“ მუსიკა, სადაც ბევრ გახარებულ ადამიანს ვხედავ, ბოლომდე რომ „გულაობს“.
რაც შეეხება კონცერტებს საზღვარგარეთ, ჯერჯერობით მოლაპარაკებებია, ძალიან მალე ვგეგმავთ, ალბათ, თებერვლიდან.

მატერიალურად, ალბათ, ეს წელი შენთვის წინა წლებთან შედარებით უკეთესი გადმოდგა…

რა თქმა უნდა. მუსიკით მაქვს შემოსავალი, ამაზე ვარ დამოკიდებული. შოუებშიც ვმონაწილეობ და იქაც ხელფასი მაქვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მუსიკით შეიძლება ცხოვრება.

საახალწლო ტრადიციები გაქვს?

ისე აღმოჩნდა, რომ ბავშვობიდან პოპულარული ვარ, ასე რომ, 17 წელიდან არ ვიცი, რა არის ახალი წელი. როცა ცენტრალურ საახალწლო კონცერტებს ვაკეთებდით, ხშირად ახალ წელს სცენის ქვეშ ბუშლატითა და აგებით ვხვდებოდი. ვთქვათ, რაღაც არ ირთვებოდა, ხალხი ულოცავდა ახალ წელს ერთმანეთს, მე კი ძაღლივით მივრბოდი, რომ რაღაც რაღაცაში შემეერთებინა (იღიმის). მქონია ისეთი ახალი წლები, როცა 7-8 კონცერტში ვმონაწილეობდი და მე და ტაქსის მძღოლი ვულოცავდით ერთმანეთს. ერთადერთი იყო 2016 წლის დასასრული, როცა მართლა ძალიან დეპრესიული ვიყავი და გადავწყვიტე, ოჯახთან ერთად შევხვედროდი ახალ წელს სახლში. მართალია, ჩემ გარშემო ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ და ამ მხრივ ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, შემოქმედებითაც წარმატებული პერიოდი არ ყოფილა… 2016 წლის ბოლოს წამყვანიც ვიყავი გიორგი გაბუნიასთან ერთად, „ჩემი ცოლის დაქალების“ სერიაში „ჩემი აღარ ხარ“ მორჩა შევასრულე, მაგრამ მაინც… მოკლედ, სახლში შევხვდი, ჩემი დებს დებთან ერთად. ძალიან ბედნიერად შევხვდი, ისეთი კარგი იყო, ცოტა დავლიეთ, ორ ჭიქას ვგულისხმობ, რადგან დალევა დიდად არ მიყვარს, მოკლედ, ენდორფინებით სავსე საღამო იყო. ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებო… ასეც აღმოჩნდა.
წელს 31 დეკემბერს „ნიჭიერია“. არასდროს ვყოფილვარ არც ჩემი თავის მეკვლე და არც სხვისი, მაგრამ ახლა ასე მაქვს დაგეგმილი, როგორც კი „ნიჭიერი“ მორჩება, სახლში გავიქცევი, ჩემი დები მოვლენ და ერთად შევხვდებით. შეიძლება, გაისად ეს ვერ მოვახერხო, მაგრამ წელს ძალიან მინდა.

შვილისთვის საჩუქარი შეარჩიე უკვე?

ახლა უცნაური რამ დამიწერა – ვიცი, თოვლის ბაბუა არ არსებობს და საჩუქარი მინდა, ოღონდ ამჯერად წიგნი, თოჯინა არ მაჩუქოო. ვფიქრობ, რა ვაჩუქო. ძალიან უნდა ვირტუალური სათვალე, რომელიც კონკრეტულ ტელეფონში ერთდება. გამოდის, რომ ის ტელეფონიც უნდა შევიძინო, რაც ძალიან ძვირი გამოდის. თან, ტელეფონი უკვე აქვს. რაღაც ამდაგვარს ვუყიდი, მოვიფიქრებ (იღიმის).

თავად იღებ საჩუქრებს?

კი მიყვარს საჩუქრები, მაგრამ უფრო მეტად მომწონს, მე რომ ვჩუქნი. ვერავინ ვერ გამირტყა, რა მინდა. ჩემს სიცოცხლეში არ მომწონებია დაბადების დღეზე არავის ნაჩუქარი არაფერი. ისე დებას მირჩევნია, მე ვაჩუქო, რადგან ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზე.

თოვლის ბაბუას რას სთხოვდი?

ძალიან ბანალურ რამეს – მინდა, ყველა კარგად იყოს. მატერიალურს არაფერს ვთხოვ. გულწრფელი ღიმილით შეიძლება ჩემი გახარება (იღიმის).
ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g