LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება

35

28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ – მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.

უწყების ცნობითვე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა – მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები