LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის თასი ჩვენთან დარჩა: საქართველომ ჩეხეთი ისევ დაამარცხა

62

საქართველოს ნაკრები თბილისის მერიის თასის გამარჯვებულია. 2-მატჩიანი დუელი ილიას ზუროსის გუნდმა ჩეხებს მოუგო და ლიტვის შემდეგ ზედიზედ მეორე საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა. ამხანაგურ, არაოფიციალურ ტურნირებში გამარჯვება ფსიქოლოგიური მუხტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა, სხვა მხრივ კი სპარინგ-მატჩებში შედეგზე მეტი ყურადღება ტაქტიკის დახვეწას, გუნდის შეთამაშებას ექცევა და თბილისის მერიის თასის გათამაშება ამ მხრივაც სასარგებლო იყო ჩვენი ნაკრებისთვის.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, გამარჯვება ამჯერად ძვირად მოვიდა. ჩეხებმა ძალინ კარგად ითამაშეს დაცვაში და ამიტომაც იყო, საქართელოს ნაკრებს მესამე პერიოდამდე რომ უჭირდა. ზუროსს ამჯერად „ორმაგი კოშკით“ არ უთამაშია – ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი ერთდროულად მოედანზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა ბერძენმა სპეციალისტმა უფრო სხვა კომბინაციები დახვეწა და ეს იყო მთავარი.

საქართელომ მძიმედ, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვება და მოსამზადებელ ციკლში 6 მატჩიდან 5 მოგება აქვს. ეს გახლდათ მიმდინარე ციკლში ჩვენი ნაკრების ბოლო მატჩი საქართველოში. ილიას ზუროსის გუნდი 22 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც წარმომადგენლობით, „აკროპოლისის თასის“ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ, პირდაპირ ევრობასკეტზე გაემგზავრება – ისრაელში.

ფიბა-ს პროექტ “ტროფი ტური” ფარგლებში ევრობასკეტ 2017-ის თასი საქართელოში უკვე მეორედ (პირველად შარშანწინ, ევრობასკეტის დაწყებამდე გახლდათ) იმყოფება. მატჩის დაწყებს წინ ევროპის საჩემპიონო თასი სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ წარუდგინეს.

ევრობასკეტის თასთან ერთად საქართველოში იმყოფება ტურნირის ოფიციალური თილისმა “სემ დანკი”. გულშემატკივრებს სამახსოვრო ფოტოების გადაღება თასთან და ევრობასკეტის თილისმასთან სპორტის სასახლის მედია-ოთახში შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლაი სემაშკოს სახელობის ევროთასი, რომელიც ევროპის ჩემპიონისთვისაა განკუთვნილი, ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში ყველა იმ ქვეყანაში მოგზაურობს, რომლებიც ევრობასკეტ 2017-ში მონაწილეობენ.

მატჩისშემდგომი გამენტარები

გიორგი შერმადინი: “მივულოცავ ჩვენი ნაკრების წევრებს ჩეხეთთან ორი მატჩის მოგებას. დაცვაში პრობლემები გვქონდა, საბოლოოდ კი მოგებით კმაყოფილები დავრჩით. ევრობასკეტამდე საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ოთხთა ტურნირში გამოვალთ, სადაც კიდევ უფრო ძლიერი მეტოქეები გვეყოლება.
დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენ ქომაგებს, რომლებიცზაფხულის ხვატის მიუხედავად სპორტის სასახლეში მოვიდნენ და გვერდით დაგვიდგნენ”.

თორნიკე შენგელია: “მაყურებელს ორი თამაში ვუჩვენეთ. პირველი ტაიმი აშკარად ჩავაგდეთ. დაცვაში ზომაზე მეტ შეცდომას ვუშვებდით და შესვენების წინ უარყოფითი შედეგიც ლოგიკურად გამოიყურებოდა.

მატჩის მეორე ნახევარში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ, შეტევები კი სწრაფი და შედეგიანი გამოგვივიდა. ამ მატჩმაც დაგვარწმუნა, თამაში დაცვიდან რომ უნდა ავაწყოთ. ვფიქრობ, ევრობასკეტს კარგ ფორმაში მყოფები შევხვდებით “.

ილიას ზუროსი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“მომზადების პროცესით კმაყოფილი ვარ. ამ მხრივ, კიდევ ერთი მატჩით წავიწიეთ წინ. ჩემი აზრით, მაყურებელს ნორმალური კალათბურთი ვუჩვენეთ. ყველა ტესტ-მატჩსა და ტურნირს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ჭრილში განვიხილავთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები