LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 5 მიმართულება, რომელსაც ევროპელი ტურისტი საქართველოში ირჩევს

111

ზაფხულის ტურისტული სეზონი დაიწყო და შესაბამისად, ქვეყანაც უცხოელი ტურისტების მოლოდინშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, საქართველოს  ევროკავშირის 93 158 მოქალაქე ეწვია. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, 2009 წლიდან მოყოლებული, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

”ფორტუნა” დაინტერესდა, თუ რომელ მიმართულებებს ირჩევენ საქართველოში ევროპელი ტურისტები უფრო ხშირად და რის ნახვას არჩევენ. ამ კითხვით ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ია თაბაგარს დავუკავშირდით.

”მოგეხსენებათ, უკვე დაიწყო ზაფხულის ტურისტული სეზონი და შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წლევანდელ წელთან დაკავშირებით. მართალია, წვიმიანმა ამინდებმა ქვეყანში ჩამოსული ტურისტების შიდა გადაადგილებას ხელი შეუშალა (მაგალითად,აშშ-დან ჩამოსული ტურისტები სვანეთში ჩავიდნენ და იქ ისეთი ამინდი დახვდათ, მალევე უკან, თბილისში გამობრუნდნენ) , მაგრამ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლებია”, – აღნიშნა თაბაგარმა.

მისივე ინფორმაციით, ტუროპერატორებმა 2017 წლის ზაფხულის პერიოდისთვის უკვე ბევრი ჯავშანი მიიღეს.

რაც შეეხება იმ ტოპ 5 ადგილს, რომლის ნახვაც ჩვენს ქვეყანაში უცხოელებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, ესენია:

• თბილისი
• კახეთი
• ყაზბეგი
• ბათუმი
• ვარძია

”თბილისის შემდეგ, ქალაქებიდან  ბათუმით ყველაზე მეტად ინტერესდებიან. რაც შეეხება მთიან რეგიონს- აქ ლიდერი ყაზბეგის მხარეა, მას მოჰყვება თუშეთი და სვანეთი. მეტ-ნაკლებად მოთხოვნაა ქუთაისი, გორისა და უფლისციხის მიმართულებებზეც. აქვე, არ უნდა დავივიწყოთ მცხეთა, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს”, – განმარტა ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, 2016 წელი ტურიზმის კუთხით საქართველოსთვის რეკორდული იყო, ქვეყანას 6 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე 2017 წელს კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს პროგნოზირებს.   „შარშან თუ 6 მემილიონე ტურისტს დავხვდით, ჩვენი მიზანია, წელს ეს რიცხვი ერთი მილიონით გავზარდოთ“, – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები