LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლის პაპა სანტას წინააღმდეგ – ქართული რეკლამა, რომელსაც სოცქსელში ხალხის აღშფოთება მოჰყვა (ვიდეო)

341

„ნიუ სტუდიოს“ მიერ გადაღებულ საახალწლო კლიპს სოცქსელებში დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა. ვიდეოში, რომლის სახელწოდებაა „სანტას უკანასკნელი გოზინაყი“, სანტა კლაუსს თოვლის პაპა მიაკითხავს, მას მოკლავს და შემდეგ გვამს აბაზანაში ჩადებს… ამ ყველაფერს კი ბავშვი შეესწრება.

„ფეისბუქ“-მომხმარებლები „ნიუ სტუდიოს“ გვერდზე შეურცხმყოფელ ეპითეტებს არ იშურებენ კლიპის შემქმნელების მისამართით და აღნიშნავენ:

„მე მგონია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო და სახალხო დამცველი უნდა დაინტერესდნენ ამ შემთხვევით. როგორ აღმოჩნდა ბავშვი ამ სასტიკ კლიპში? სად იყვნენ მისი მშობლები? და რა ზიანის მომტანია ზოგადად ძალადობის ასეთი ტირაჟირება“.

„new studio, ეს თქვენი უკანასკნელი ავადმყოფური კლიპია! მეტს ვეღარ გადაიღებთ!“

„საქართველოს პროკურატურა, იქნებ, რამენაირად გადააშენოთ ეს გრაფიკული მკვლელები“.

კლიპს ცნობილი ადამიანებიც ეხმაურებიან, მათ შორისაა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც თავის სტატუსში აღნიშნავს:

„რიტუალური მკვლელობისკენ წაქეზება, სიძულვილის გაღვივება, ბავშვების მონაწილეობა, კიდევ სხვა მძიმე რაღაცეები, ყოველი შემთხვევისთვის პროკურატურა რომ დაინტერესდეს, რა არის ეს Papa vs. Santa ურიგო არ იქნება.

არ მინდა გავაზიარო ეს საზიზღრობა!“

ვინ არის კლიპის რეჟისორი? როგორც „ფორტუნამ“ გაარკვია, ეს გახლავთ ახალგაზრდა რეჟისორი, დავით ჯიბლაძე, რომლის კომენტარსაც ექსკლუზიურად გთავაზობთ. დავითს სარეჟისორო განათლება კალიფორნიაში აქვს მიღებული, ერთ-ერთ სასწავლებელში, დიდხანს ცხოვრობდა უცხოეთში და საქართველოში სულ რამდენიმე წელია დაბრუნდა. მისმა გადაღებულმა კიდევ ერთმა კლიპმა გამოიწვია აღშფოთება, ზუსტად წინა წლის დეკემბერში – „საგას“ რეკლამამ, სადაც შვილი მამას უხსნის, როგორ ნახა პორნოვიდეო, მამა კი უცენზურო პასუხს სცემს.

რაც შეეხება ახალ საახალწლო რეკლამას, სადაც სანტა თავის სიცოცხლეს ასრულებს…

დავით ჯიბლაძე:

ჩემთვის ეს გამოხმაურება ძალიან სასაცილოა, გასაოცრად სასაცილოა, რადგან საერთოდ არ ველოდი, რომ ასეთი ღრმა აღშფოთება მოჰყვებოდა ვიდეოს, რომელიც სულ სხვა რაღაცას ემსახურებოდა…

რას ემსახურებოდა?

გვინდოდა, განსხვავებულად მოგველოცა ახალი წელი. იმ დროს, როცა ყველა ბანალურად გვილოცავს ახალ წელს, ერთი და იმავე ტექსტით, ჩვენ გადავწყვიტეთ, სხვანაირად მიგველოცა და მოგვეყოლა ისეთი ამბავი, სადაც თოვლის პაპამ გადაწყვიტა, შური იძიოს იმ კაცზე, ვინც ცხოვრება მოპარა… თოვლის პაპა აღარავის უნდა და რა ქნას კაცმა?!. ცოტა შავი იუმორი შევურიეთ და თანამედროვე ხერხებით მოაგვარა სანტას პრობლემა. ეს სასაცილო ამბავია.

ანტიდასავლური იდეა გვქონდა ჩაფიქრებული და ხალხმა პირიქით აღიქვა. ჰგონიათ, რომ პროსანტა და ანტიქართული რეკლამაა.

ანუ სინამდვილეში სანტას საწინააღმდეგო რეკლამაა?

თოვლის პაპა ბევრად რომ ჯობია სანტას, ეს იყო ჩაფიქრებული. ესაა ქართული ტრადიცია.

სცენარიც თქვენი შექმნილია?

დიახ.

ალბათ, გაეცანით გამოხმაურებებს…

ხალხი ითხოვს ჩვენს დახვრეტას (იცინის).

ფიქრობენ, რომ ეს არის რიტუალური მკვლელობისკენ წაქეზება…

ბევრი უფრო მეტი, ძალადობისკენ წამქეზებელი რამაა გადაღებული საქართველოში. ამ რეკლამით არანაირი კანონი არ დაგვირღვევია. ვიღაცას თუ არ მოსწონს შინაარსი და ვერ იღებს მას, ეს სხვა საქმეა. ამის გამო ხომ არ გამოიძიებს პროკურატურა?

ბავშვის მონაწილეობა სწორი იყო, თქვენი მოსაზრებით? როცა ის ჩნდება კადრში და ნახულობს, როგორ ასხამს მჟავას თოვლის პაპა სანტა კლაუსს…

მსახიობის მიზანია, რომ მოვიდეს და იმსახიობოს. გამოხატოს ის, რაც მართლა კი არ ხდება, ვითომ ხდება. ამ ბავშვს კლიპში მონაწილეობით არანაირი მენტალური ზიანი არ მისდგომია. ბავშვის წინააღმდეგ ნამდვილად არაფერი მომხდარა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები