ვიქტორია კოჩეროვა „იმიჯ ცენტრმა“ წლევანდელ „მის საქართველოდ“ დაასახელა. 21 წლის მოდელი, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს ეძახიან, ვაშინგტონში დღეს ღამე გაემგზავრება. სწორედ იქ იმართება ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსი, სადაც ვიქტორია საქართველოს წარადგენს.
მას „მარიონელაში“ შეხვდვით და გადავიღეთ წითელ კაბაში, რომლითაც ვიქტორია „მის მსოფლიოზე“ წარდგება.
რამდენად მოგწონს ასეთი შედარება – ქართველი ირინა შეიკი?
ვიქტორია კოჩეროვა:
რა თქმა უნდა, ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს რომ მადარებენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი შედარება, თუმცა მივიჩნევ, რომ სილამაზე ინდივიდუალურია და მსურს, ამ სფეროში ჩემი ხელწერა მქონდეს და გამოვირჩეოდე.
„მის საქართველო“ წელს აღარ გაიმართა და პირდაპირ დაგასახელეს გამარჯვებულად. ელოდი ამას?
წინა წელს მივიღე „ვიცე მის საქართველოს“ ტიტული, წელს კი გამარჯვებულად დამასახელეს. წინა წელს არც ერთ კონკურსზე არ მომიწია გამგზავრება. „მის საქართველოდ“ ჩემი დასახელება ძალიან მოულოდნელი იყო. ყოველთვის მინდოდა „მის მსოფლიოს“ მონაწილე ვყოფილიყავი. წელს ის ვაშინგტონში იმართება პირველად. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მივაღწიო შედეგს, რასაც მაყურებელი ჩემგან ელოდება.
ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გრძნობდე თავს კომფორტულად შენს სხეულში, ასე რომ სატრენაჟორო დარბაზის ხშირი სტუმარი ვარ და ბოქსით გახლავართ დაკავებული. მაგრამ გოგონებს მხოლოდ სილამაზითა და გარეგნული მხარით არ აფასებენ. ჟიური აფასებს ინტეელქტის, აქტივობის, კონკურსში ჩართულობის მიხედვით. მნიშვნელოვანია საქველმოქმედო საქმიანობა. ჩემი პროექტი ეხება შეზღუდული უნარების და აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მათი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს.
დიდ ყურადღებას ვაქცევ პიროვნულ განვითარებას. მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, შემდეგ წელს ვამთავრებ სწავლას. ძალიან აქტიური ცხოვრების წესი მაქვს. როგორც გითხარით, ხშირად ვვარჯიშობ და სიმართლე გითხრათ, სხვა არაფრისთვის მრჩება დრო. ჩვეულებრივი ვიქტორია ვარ, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები. უბრალოდ, მე მხვდა პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა, წარვადგინო საქართველო ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე.
„მის საქართველოს“ ყოველთვის გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით. არ ღელავ?
სიმართლე გითხრათ, საკმარისად თავდაჯერებული ვარ და არ ვღელავ. ძალიან ინტენსიური, სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და ყველანაირად მზად ვარ ამ კონკურსისთვის.
სხვა არაფრისთვის არ მრჩება დროო, აღნიშნე, მაგრამ მაინც გკითხავ, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
მყავს მეორე ნახევარი. დიახ, სიყვარული გულში არის. უბრალოდ, ვერ დავაკონკრეტებ მის ვინაობას. ძალიან მიგებს. ბევრი მისვამს შეკითხვას, როგორ გიშვებს ასეთ გრანდიოზულ ღონისძიებაზეო, მაგრამ გვერდში მიდგას. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდზე.
ბრედლი კუპერს ჰგავს?
არა, არ ჰგავს (იღიმის). ჩემთვის ბრედლიზე კარგია.
რას აფასებს მამაკაცში და შენს რჩეულში რა დაინახე?
სიმართლე გითხრა, ლამაზი, მწვანე ან ცისფერთვალები ბიჭები არასდროს მომწონდა, უფრო შაგვრემანი ტიპაჟები მხიბლავდა. ალბათ, მისმა გამოხედვამ „მომკლა“, ასე ვთქვათ. ძალიან განათლებული ადამიანია, სასიამოვნოა მასთან ურთიერობა, ბევრ თემაზე შეიძლება დალაპარაკება. ჩემზე ხუთი წლით დიდია (იღიმის).
სიურპრიზებით განებივრებს? ხომ არ აპირებს საგულშემატკივროდ წამოსვლას?
სიუპრიზებით მანებივრებს, მაგრამ არ ვიცი, წამოვა თუ არა საგულშემატკივროდ. ალბათ, ესეც სიუპრიზი იქნებოდა…
როდის მიემგზავრები?
ვაშინგტონში მივემგზავრები 26 ნოემბრის ღამეს. ყველა გოგონა იქ მოიყრის თავს. ვფიქრობ, არ იქნება დაძაბულობა, რაც მსგავს კონკურსებს ახასიათებს. იმედი მაქვს, კარგი გოგონები შემხვდებიან. ვიმედოვნებ, საქართველოს პატარა საახალწლო საჩუქარს გავუკეთებ. ათეულში მოხვედრა დიდი წარმატება იქნება, თუმცა ეს წინასწარ არავინ იცის. ვფლობ სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასალას ჩემი კონკურენტების შესახებ, მაგრამ ეს მაძლევს რეალური შეფასების საშუალებას, რადგან იქნება უამრავი კონკურსი, მათ შორის ტალანტშოუ, სადაც მე „ჯეირანს“ ვიცეკვებ (იღიმის). ასე რომ, შეუძლებელია იმის გათვლა, რომელი გოგონები დაიმსახურებენ ჟიურის სიმპათიას.
ოჯახის წევრები როგორ უყურებენ შენს საქმიანობას?
სამოდელო და საკონკურსო საქმიანობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამას მინდა ხაზი გავუსვა. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს გაუხარდათ ჩემი ახალი ტიტული. ყოველთვის გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ და იყვნენ ჩემი ოცნების მიმდევრები…
გადაღების ადგილი: „მარიონელა“
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია