LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო მიმოსვლა: რა საფრთხე ემუქრება ტურისტულ კომპანიებს

220

ტურისტული კომპანიის შექმნა ერთ-ერთი მარტივად დასაწყები ბიზნესია მათთვის, ვინც ბილეთების დაჯავშნა იცის და რამდენჯერმე მაინც გასულა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სწორედ ამიტომ, საქართველოში მსგავსი კომპანიები უფრო და უფრო მრავლდება. რეგულაციები კი მათ შექმნაზე არ არსებობს. ამ ბაზარზე ოპერირება ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია.

ძირითადად, ტურისტულ კომპანიებს სავიზო მხარდაჭერისთვის მიმართავენ, თუმცა მას შემდეგ, რაც თავისუფალი სავიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებთან ძალაში შევა, ასეთი კომპანიები ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას დაკარგავენ.

თუმცა, მოქმედი ტურისტული კომპანიები ამის გამო, კლიენტების შემცირებას არ ვარაუდობენ.

„ფორტუნასთან“ კომპანია „ფრი თრეველის“ დირექტორი თინათინ გოგუაძე ამბობს, რომ სავიზო რეჟიმი, მათ კომპანიაზე კარგად იმოქმედებს.

„ვიზალიბერალიზაციის დროს, კლიენტები გაგვეზრდება, იმიტომ რომ თუ ვიზის მიღების გამო ამ საბუთების მომზადებისთვის მგზავრებს ძალიან ბევრი დრო ეხარჯებოდათ ხოლმე, ახლა ფაქტობრივად, ერთ დღეში შეუძლიათ სამოზაუროდ წასვლა – უფრო მარტივად. გახსნილი საზღვრებით უფრო მეტი ტური, ბილეთი, სასტუმრო გაგვეყიდება და ა.შ“, – განაცხადა თინათინ გოგუაძემ.

პრობლემებს არ ელოდება, თუმცა სხვა კომპანიების მსგავსად მიიჩნევს, რომ რეგულაციები ამ სფეროში აუცილებელია. „ფორტუნასთან“ თინათინ გოგუაძე ამბობს, რომ საქართველოში ეს ბაზარი საკმაოდ მოუწესრიგებელია, რაც საბოლოო ჯამში ტურისტებს აზარალებს.

„რეგულაცია აუცილებელია, რადგან არ მოხდეს მომხმარებლის, ტურისტების დაზარალება. ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს არ ეხება, ეს ეხება უცხოეთის მოქალაქეებსაც, როდესაც ტურისტული შემოყვანაზეც მუშაობს და გაყვანაზეც.

ჩვენი ტურისტული სააგენტო მუშაობს ორივე ბაზარზე – გვყავს როგორც გამყვანი, ასევე შემომყვანი ხაზი. შესაბამისად, როდესაც უცხოელი ჩამოდის საქართველოში და ამ სფეროში არ არის ტურისტული რეგულაცია, ჩვეულებრივ მძღოლს შეუძლია მისი ტრანსპორტირება და დამატებით, გიდის ფუნქციის შეთავსება, ისე რომ შეიძლება მან კონკრეტული ადგილების შესახებ რეალური ისტორიული ფაქტები არც იცოდეს და ტურისტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ახლა ამას არავინ და არაფერი კრძალავს.

სამუშაო ამ მხრივ ძალიან ბევრია, რადგან ტურიზმი ბევრ სხვადასხვა საკითხს მოიცავს. ვფიქრობ, ეს სახელმწიფოს და კერძო სექტორის შეთანხმებით უნდა მოხდეს“, – განაცხადა თინათინ გოგუაძემ „ფორტუნასთან“.

 

ტურისტული კომპანიების ერთიანობა, სავარაუდოდ, მხოლოდ მომხმარებლის ინტერესების დაცვისთვის არ არის მიმართული.

ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს ყველაზე მეტად, ალბათ, ბაზარზე უცხოური, გამოცდილი და მსხვილი კომპანიების შემოსვლა აშინებთ, რადგან მათთან კონკურენცია დიდ ქართულ სააგენტოებსაც გაუჭირდებათ.

ავიაკომპანია “ატლასჯეტის” კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი ამბობს, რომ ტურისტული კომპანიები საქართველოში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევიან და თითქმის ერთნაირ მომსახურებას უწევენ ტურისტებს. მისი თქმით, ტურისტული სააგენტოები ჩარტერებსაც კი იშვიათად ნიშნავენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ რეგულაციები არ იქნება, საქართველოთი უცხოური და დიდი კომპანიებიც დაინტერესდებიან და მათ ოპერირებას ხელს არაფერი შეუშლის. მით უმეტეს, რომ გამოცდილი უცხოური კომპანიები, სავარაუდოდ, მომხმარებელს უკეთეს ფასებს შესთავაზებენ.

„არ ვფიქრობ, რომ ტურისტული სააგენტოები კვლავ შეძლებენ ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავებას, ვინაიდან ისინი არ აქტიურობენ კამპანიების შექმნით – მხოლოდ სოციალურ მედიაში ქმნიან დამოუკიდებელ შეთავაზებებს და ჩარტერულ რეისებს არ აკეთებენ.

თუ ქვეყანა იტყვის, რომ პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, აქედან გამომდინარე ის ინსტიტუციები და დამოუკიდებელი კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა მუშაობდნენ თანხვედრაში. თუ ეს თანხვედრა არ არის, მაშინ არაფერი არ უშლის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩამოვიდნენ საქართველოში, დააარსონ ტურისტული კომპანიები და თავად განახორციელონ ეს ფუნქცია. აქედან გამომდინარე თანდათან რეგულაციებზე საუბარი უნდა დაიწყოს“, – განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.

 

ამასთან მისი თქმით, ორგანო, რომელიც გასცემს ნებართვას, არ უნდა იყოს მხოლოდ ნებართვის გამცემი. მისი აზრით, ამ ორგანომ ახალი ტურისტული ბაზრების მოძიება და ავიამიმართულებების განვითარებაც უნდა უზრუნველყოს.

„ფორტუნა“ ერთ-ერთ გუნდს ესაუბრა, რომელიც ახალი ქართული ტურისტული კომპანიის ჩამოყალიბებას აპირებს. ისინი ამბობენ, რომ რეგულაციები ბიზნესიდეის განხორციელებაში ხელს არ შეუშლით.

კომპანია, რომელიც ახლა ყალიბდება, ბაზარზე ახალი მოთამაშე იქნება, რომელიც მსხვილ უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს. უცხოური კომპანია ძირითადად ესპანეთში, პორტუგალიაში, შვედეთსა და გერმანიაში ოპერირებს. საქართველოში მათი ძირითადი ნიშა შემომყვანი ტურები იქნება.

ისინი ერთი კონკრეტული ნიშის დაკავებას აპირებენ – ეს პრემიუმ მომსახურებაა.

 „ჩვენი მომსახურება პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. ტრანსფერიც კი შესაბამისი გვექნება – ძვირადღირებული ავტომობილები და ა.შ.

გასაგებია, ტურისტული კომპანიები რატომ აკეთებენ ამას. ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ისინი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ საჭიროა რეგულაციები.

ტურისტული კომპანია დაახლოებით, ისევე მარტივად იქმნება, როგორც ონლაინ ნივთების გამოწერის ბიზნესი. იგივე პრინციპით ხდება. ეს არის შუამავალი კომპანია, რომელიც დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ ტურისტებს მომსახურებას უწევს. ამიტომ ვიზალიბერალიზაცია რადგან მოხდა, ტურისტულ კომპანიებს უკვე აქვთ დანაკარგი – აპლიკაციის შევსების საფასური.

არა მგონია, რომ რეგულაციები, მათ პოზიციების შენარჩუნებაში დაეხმაროთ, თუ გარკვეულ ნიშას არ დაიკავებენ ან აქტიურობას არ დაიწყებენ“, – განაცხადა ახალი კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

 

კომპანიები რეგულაციებს ჯერჯერობით მხოლოდ ითხოვენ. არც ის არის ცნობილი, რა სახის ლიცენზიები შეიძლება დაწესდეს, არც ის – როდიდან და ვისთვის. 

ამ საკითხზე კერძო სექტორი და სახელმწიფო სავარაუდოდ, მუშაობას დაიწყებს, თუმცა მანამდე, ვიზალიბერალიზაციის “უხილავი ხელი” ბაზარს სავარაუდოდ თვითონვე გაცხრილავს.

 

თამთა უთურგაშვილი