LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლი აიღო

95

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლიპარტელიანმა ფინალური დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო, ბეიკერმა ქართველი ძიუდოისტი ერთი იუკოთი დაამარცხა.

ფინალში გასვლამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. საწყის ეტაპზე ტაჯიკეთის და ნაურუს წარმომადგენლების დამარცხების შემდეგ, ლიპარტელიანმა 1/4 ფინალში მონღოლ ლხაგვასურენ ოტგონბაატარსაც სძლია, 1/2 ფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონი კორეელი გვაკ დონგჰანი იპონით დაამარცხა.

“ოლიმპიური ჩემპიონობა მართლაც რომ განსაკუთრებით მსურდა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და რიოში მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ასევე ვხედავდი, თუ როგორ განიცდიდა წარუმატებლობას ავთანდილ ჭრიკიშვილი და მსურდა მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატებას ვუსურვებ, ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს და ყველას ვინც მხარს მიჭერდა” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანის მიერ მოპოვებული ვერცხლი პირველი ოლიმპიური მედალია 27 წლის სპორტსმენის კარიერაში, ხოლო მეორე მედალი საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისათვის რიოში. პირველი, ბრინჯაოს მედლის მოპოვება 8 აგვისტოს 73 კგ-ში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო.

დღეს აგვისტოს ძიუდოში მედლებისათვის 100 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი 20 წლის ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს. ბექას პირველი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ბენჟამინ ფლეტჩერი იქნება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები რიო დე ჟანეიროში თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები