LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის გამაგრილებელი კოქტეილი – საუკეთესო საზაფხულო სასმელი!

1626

მართალია ჩაის თაყვანისმცემლები ჯიუტად ირწმუნებიან, რომ ჩაი უგემრიელესი სასმელია, მაგრამ კოფემანებმა იციან, რომ მათი საყვარელი ყავა ერთნაირად სასიამოვნო დასალევი, როგორც ზამთრის სუსხიან დღეს, ისე ცხელ სეზონზე, მით უფრო, რომ ზაფხულში ყავით უმრავი უგემრიელესი კოქტეილის მომზადება შეიძლება.

შოკოლადის ყავა

ინგრედიენტი: 300-350 მლ. ახლადმოხარშული მაგარი ყავა, 30-50 გრამი შავი შოკოლადი, 2-4 სუფრის კოვზი პიტნის სიროფი ან ლიქიორი, 100 გრამი ნაღების ნაყინი.

მომზადების წესი: ცხელ ყავაში გახსენით შოკოლადი, გაციების შემდეგ კი, დაუმატეთ ნაყინი, პიტნის სიროფი ან ლიქიორი, ყინულის რამდენიმე ნატეხი და კარგად ათქვიფეთ ბლენდერში. მორთეთ კოქტეილი პიტნის ფოთლებით, ნაყინით და გახეხილი შოკოლადით.

* ყავის სმუზი

ინგრედიენტი: 250 მლ. ცივი ესპრესო, 250 მლ. უცხიმო იოგურტი, 1 ბანანი, ½ სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, ¼ ჩაის კოვზი დარიჩინი.

მომზადების წესი: კარგად ათქვეფილ ბანანის პიურეს და იოგურტს დაასხით ყავა და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, მერე კი, გემოვნებით დაუმატეთ კაკაო და დარიჩინი.

* რძე ყავის ყინულით

ინგრედიენტი: ხუთი ჩაის კოვზი ხსნადი ყავა, 5 ჩაის კოვზი შაქარი, 250 მლ. მდუღარე წყალი, 250 მლ. რძე, ვანილი.

მომზადების წესი: დაასხით შაქარს და ყავას მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ ვანილი, ჩაასხით ყინულის ფორმაში და კარგად გაყინეთ. ჩაყარეთ ყავის ყინული ჭიქაში და დაასხით ცივი რძე, გააციეთ მაცივარში 10-15 წუთი, რათა ყინული ოდნავ გადნეს და რძეს შეერიოს.

* ცივი ლავანდას რაფ-ყავა

ინგრედიენტი: 100 მლ. ნაღები, 1,5 ჩაის კოვზი დაფქვილი ყავა, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი ლავანდის გამხმარი ყვავილი.

მომზადების წესი: დაასხით ყავას ცივი წყალი და აადუღეთ, დაუმატეთ ყავის საფქვავში დაფქვილი შაქარი, ლავანდას ყვავილი და ნაღები. კიდევ ერთხელ წამოადუღეთ და ათქვიფეთ მიქსერით ქაფის მიღებამდე. გააციეთ ყინულის ნატეხით და მორთეთ ლავანდას ყვავილით.

* რძისა და ყავის კოქტეილი

ინგრედიენტი: 1 ჭიქა ყავა ყინულით, 1 ჭიქა რძე, 2 ჭიქა ყავის ნაყინი, 1 ჭიქა ვანილის ნაყინი, 1-2 ორცხობილა, 4 ნატეხი ყინული, შაქარი და დარიჩინი.

მომზადების წესი: ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე, წყლით დასველებულ ბოკალის პირი კი, მორთეთ შაქრითა და დარიჩინით.

* იამაიკური ყავა ყინულით

ინგრედიენტი: 30 გრამი მუქი რომი, 30 გრამი ყავის ლიქიორი, 3 სუფრის კოვზი ათქვეფილი ნაღები, 120 გრამი მაგარი ყავა.

მომზადების წესი: კარგად აურიეთ ლიქიორი, ყავა, რომი, ათქვეფილი ცილა და ჩაასხით ყინულით სავსე მაღალ ჭიქაში.

* სახლის ცივი კაპუჩინო

ინგრედიენტი: 1 ჭიქა რძე, 1 სუფრის კოვზი შოკოლადის სიროფი, 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავის ფხვნილი, 2 ნატეხი ყინული, შაქარი, დარიჩინი.

მომზადების წესი: ათქვიფეთ ბლენდერში რძე, შოკოლადის სიროფი, ყავა და ყინული. მიღებულ ქაფის მასას დაუმატეთ შაქარი, ჩაასხით ბოკალში და მოაყარეთ დარიჩინი.

* ოლენგი (ტაილანდური ყავა ყინულით)

ინგრედიენტი: 4 ჭიქა მაგარი ყავა, 2 ჭიქა ნაღები, ¾ ჭიქა შედედებული რძე, 3 სუფრის კოვზი შაქარი, ¼ ჩაის კოვზი დაფქვილი ნუში, 2 ჩაის კოვზი დაფქვილი კარდამონი.

მომზადების წესი: გახსენით ნაღებში შაქარი, კარდამონი და ოდნავ წამოადუღეთ, გააცივეთ 10-15 წუთი და დაუმატეთ დაფქვილი ნუში. ჩაყარეთ ჭიქაში ყინული, დაუმატეთ არომატიზირებული ნაღები და ფრთხილად ჩაასხით ყავა.

* ყავა ფორთოხლით და ყინულით

ინგრედიენტი: 2 ფორთოხლის წვენი, 1 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა (ან ცოტა ნაკლები) შაქარი, 4 ჭიქა ცივი ყავა (6 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა 4 ჭიქა წყალზე).

მომზადების წესი: ადუღეთ 5 წუთი კუბიკებად დაჭრილი ფორთოხლის კანი და შაქარი, მერე კი, მოაცილეთ კანი და გააციეთ სიროფი. აურიეთ ფორთოხლის წვენი, მიღებული სიროფი და ყავა, ჩაასხით ჭიქაში,  მოაყარეთ ყინულის ნატეხი და მორთეთ ფორთოხლის ნაჭრებით.

* „ინი და იანი“ – ცივი ყავა-ჩაი

3 სახის შავი ჩაი (თითოეული ½ ჩაის კოვზი), მაგარი ყავა, 1 ქილა კონცენტრირებული რძე, შაქარი, ყინული.

მომზადების წესი: დააყენეთ ჩაი, პარალელურად მოადუღეთ ყავა. დაუმატეთ ჩაის შაქარი და კონცენტრირებული რძე, ჩაასხით ჭიქაში და დაუმატეთ ყავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები