LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის ვებრძოდი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს – დიმიტრი ქუმსიშვილი

94

“აუცილებლად გადავდგამ ნაბიჯებს და მივმართავ, როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას – თაღლითობის ნაწილში,” – ამის შესახებ ყოფილმა ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრისას განუცხადა, სადაც ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები ფინანსურ გარიგებებსა და კორუფციულ სქემებზე საუბრობენ და მის გვარსაც ახსენებენ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„გუშინ და დღეს მე მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. ჩემი ადვოკატი გააკეთებს ჩვენს იურიდიულ ქმედებებზე განცხადებას. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს და მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას – თაღლითობის ნაწილში.

“მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი, სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე – ლევან ყიფიანთან მიმართებაში,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ყოფილი ვიცეპრემიერი პროკურატურისგან საქმის რაც შეიძლება სწრაფად გამოძიებას მოითხოვს და ამბობს, რომ მისი სახელის შელახვას “ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც”.

“მე ჩემს გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით და ყველა ჩემი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდა. ყოველთვის ვებრძოდი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს და სხვათაშორის, დიდწილად სწორედ ამას ვუკავშირებ ჩემს მიმართ წარმოებულ შავ პიარს.

“ამ კონკრეტულ საკითხზე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფს“ აქვს მრავალმილიონიანი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, თუ ვინმე ამას იყენებს პირადი გამდიდრებისათვის ან პირადი სარგებლის მიღებისათვის, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.