LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე გაჭირვებული ყოფის შესახებ: „სადღესასწაულოს ვერაფერს ვხედავ…“

251

ზურა ყიფშიძემ წინასაახალწლოდ ინტერვიუ ჟურნალ „თბილისელებს“ მისცა, განვლილი წელი შეაფასა და ახალი წლის ტრადიციებზეც ისაუბრა. მსახიობი ამბობს:

„ახალ წელს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდებით და შემდეგ ყველა თავის მეგობრებთან ერთად მიდის სადღაც. თუმცა ჩემთვის ამ წლის ბოლო კვირები იმდენად დატვირთული იყო, რომ ახლა ძალიან დაღლილი ვარ და ალბათ, სახლში ვიჯდები. წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა მოხდება – აბსოლუტურად ფხიზელი ვიქნები (იცინის). საქმე ისაა, რომ ადამიანმა ოდესმე ხომ უნდა მიხედო ჯანმრთელობას და ისე დაემთხვა, რომ ახლა ვმკურნალობ, ამიტომ დალევა არ შეიძლება“.

როგორც მსახიობი ამბობს, ახალი წლის დღესასწაული, ბევრისგან განსხვავებით, არ უყვარს – „როცა ჩემ გარშემო ამდენ გაწამებულ და გაგიჟებულ ადამიანს ვხედავ, ბოლო კაპიკებით რომ ყიდულობენ ინდაურს სადღესასწაულო სუფრისთვის, მაშინ, როცა ძალიან უჭირთ და ორი დღის შემდეგ, ინდაური კი არა, შეიძლება, საჭმელი საერთოდ არ ჰქონდეთ, სადღესასწაულოს ვერაფერს ვხედავ. ადამიანმა ყველაფერი ერთი დღისთვის არ უნდა გააკეთო და საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა გადაიფარო“.

ზურა ყიფშიძე იმაზეც საუბრობს, თავად როგორ ხელმოკლედ ცხოვრობს – „სამი ბინა მაქვს გაყიდული: ჩემი, დეიდაჩემების და დედაჩემის. მათი გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა და ხვა გზა არ გვქონდა. ბევრჯერ ლომბარდშიც მიგვიტანია ნივთები და არ მესმის, რატომ უკვირს ეს ვინმეს. თუმცა არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ და არავითარ მოთხოვნას არ ვაყენებ. 25 წლის მანქანა მყავს და დამცინიან, უკვე სირცხვილია ამით სიარულიო. თუმცა, არა მგონია, სწორი იყოს, როცა ადამიანს დიდი ოჯახი გაქვს, შენ მაგარი მანქანით დადიხარ და სანაცვლოდ, ოჯახს ბევრი რამ დააკლო. თან, ჩემი მანქანა ცოტა შელახული კია, მაგრამ კარგად დადის და შემიყვარდა კიდეც (იცინის). მე, საერთოდ, მანქანებსა და ცოლებს ასე ადვილად ვერ ვიცვლი (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები