LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად გამსახურდიას შესახებ გიორგი ოვაშვილის გადაღებულმა ფილმმა პრემიერამდეც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია (ვიდეო)

307

23 ნოემბრიდან კინოთეატრებში გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი გამოდის. „ხიბულა“ დრამაა, რომელიც ზვიად გამსახურდიის სიცოცხლის ბოლო დღეებს ასახავს. მართალია, კინორეჟისორი ამბობს, რომ ეს არ არის ავტობიოგრაფია და მხოლოდ მისი ვერსიაა პრეზიდენტის დევნილობის ბოლო დღეებსა და მის აღსასრულზე, ის ასევე აღნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს შეხვდა და ერთსა და იმავე ადგილას მყოფთაგანაც კი განსხვავებული მოსაზრებები მოისმინა ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი დღების შესახებ.

პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, ფილმის ჩვენებამდე ორი დღით ადრე კინო „ამირანში“ შედგა, რიგითი შეკითხვების გარდა, ფილმში მონაწილე მსახიობებისა თუ ბიუჯეტის შესახებ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელსაც ოვაშვილის ტრილოგიის დასკვნითი ნამუშევარი უკვე ნანახი ჰქონდა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ რეჟისორისგან არ ელოდა, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც უაღრესად განათლებული ადამიანი იყო, ასეთ „მდაბიო და გაუნათლებელ ადამიანად“ წარმოაჩენდა.

გიორგი ოვაშვილმა კითხვას ამგვარად უპასუხა:

„ეს არ არის ავტობიოგრაგია, ჩემი პერსონაჟი ირჩევს გზას და მიდის საკუთარი დასასრულისკენ. ბატონმა ზვიადმა რაღაც პერიოდის შემდეგ იცოდა, სად მიჰყავდათ და რატომ და მან არ გასწია წინააღმდეგობა. მან გადაწყვიტა თავის შეწირვა სამშობლოსთვის და არ დატოვა ქვეყანა, რომლის დატოვებაც ნებისმიერ დროს შეეძლო.

ჩემი სათქმელი იმ გზით მოვიტანე, რა გზითაც შემეძელო მომეტანა. თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, სხვას სხვა აზრი ექნება. იმიტომაც გადავიღე ეს ფილმი, რომ ამ თემის გარშემო დისკუსია ყოფილიყო“.

ოვაშვილმა ისაუბრა იმის შესახებაც, რატომ გადაწყვიტა მთავარ როლზე ქართველი მსახიობის ნაცვლად ირანელი მსახიობის დაკავება. ჰოსეინ მაჰჯუბი მან წლების წინ ერთ-ერთ ირანულ ფილმში ნახა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ფილმში საჭირო ტიპაჟის შესაბამისი მსახიობი ვერ მონახა, გადაწყვიტა, ის საზღვარგარეთ ეძებნა და როლი სწორედ ჰოსეინ მაჰჯუბს ხვდა წილად. თავად მაჰჯუბისთვის ეს საინტერესო გამოცდილება იყო. ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ თავისი პერსონაჟი სიზმარში ნახა და იქაც მან თავი მოიკლა…

კიდევ ერთი კრიტიკული შეკითხვა რეჟისორის მისამართით სწორედ თვითმკვლელობის თემას ეხებოდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ აკეთებს აქცენტს ფილმის მსვლელობისას თვითმკვლელობის ვერსიაზე მაშინ, როცა ორი წლის წინ საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა.

„მეც ვფიქრობ, რომ ეს მკვლელობაა. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანს მიიყვან თვითმკვლელობამდე თუ მოკლავ, ანუ ვინ გამოჰკრავს სასხლეტს ხელს. თუ ვინმემ  ჩაიდინა მკვლელობა, მე არ ვარ საგამომძიებლო ორგანო, არ მქონია ეს ამოცანა და მე ამას ნათლად და გარკვევით ვერ ვიტყოდი ფილმში. ვთქვი ის, რაც ვიცოდი.

თქვენ ახსენებთ ერს, რომელმაც ზვიად გამსახურდია აირჩია და შემდეგ, ფაქტობრივად, მარტო დატოვა. ასეთ პოლიტიკურ საკითხებს რომ ეხებით, სიფრთხილეა საჭირო. რატომ აღნიშნავთ ერს, როცა ერთმა მუჭა ხუნტამ, სხვა ქვეყნის დახმარებით, მოახდინა სისხლიანი გადატრიალება. რა შუაშია აქ ქართველი ერი და რატომ ვაბრალებთ ქართველებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობას?

ხშირად მისვამენ ამ კითხვას. მინდა გკითხოთ, რამდენი პროცენტი იყო ხუნტა საქართველოში. ძალიან მცირე, ხომ? რამდენმა ადამიანმა აირჩია ზვიად გამსახურდია? 99%-მა. სად წავედით ეს ამდენი ხალხი, როცა ზვიად გამსახურდია, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, ტყიდან ტყეში სრულიად მიტოვებული დადიოდა. სად ვიყავით თითოეული ჩვენგანი, პირობითად ვკითხულობ, რომელმაც აირჩია თავისი პრეზიდენტი?

მე მოვყევი ამბავი იმისთვის, რომ დამესვა კითხვები. კითხვები, რომლებზეც დღემდე არ არის გაცემული პასუხი. მინდოდა მეთქვა თქვენთვის, ნუ დაივიწყებთ ამას, მოძებნეთ პასუხები… ამ პასუხების გარეშე ვიდგებით ერთ ადგილას“.

აღსანიშნავია, რომ როგორც რეჟისორმა თქვა, მას ჰქონდა საუბრები პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან და მისთვის ასევე ცნობილია, რომ ფილმი ნანახი აქვს ცოტნე გამსახურდიას. ის იმედოვნებს, რომ პრემიერაზე გამსახურდიას ოჯახის წევრებს ექნებათ ფილმის ნახვის საშუალება და მათ მოსაზრებებსაც ინტერესით მოისმენს.

ფილმის ბიუჯეტი მილიონნახევარი ევროა, აქედან საქართველოს წილი მხოლოდ 25 %-ია, დანარჩენი კი ცენტრალური გერმანიის კინოფონდმა, ევროკავშირის კინო განვითარების ფონდმა, მსოფლიო კინოს მხარდაჭერის ფონდმა და ფრანგულ-გერმანულმა სატელევიზიო არხმა „არტე“ გაიღო.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g