LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

129
ლეო

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ლიდერებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში გლობალურ დონეზე თანამშრომლობის მთავარ ასპექტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიოს ამჟამინდელი მდგომარეობა ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების კომპლექსური ქსელით გამოირჩევა, ამ მოცემულობისას კი მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვა ხდება არამხოლოდ ეროვნული მოვალეობა, არამედ საერთო პასუხისმგებლობა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals) განხორციელება ხელს შეუწყობს პროდუქტიულობას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარებას. შედეგად, ჩვენი პოლიტიკა გახდება უფრო ინკლუზიური და უზრუნველყოფს შემოსავლებისა და შესაძლებლობების უთანასწორობის შემცირებას ისე, რომ არავინ დარჩეს პროცესის მიღმა. საქართველომ დაიწყო SDGs ეროვნულ მიზნებში ჩართვის ინტენსიური პროცესი, მათი ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანა. მიზნები და ამოცანები დაისახა ეროვნული კონტექსტის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ 2015  წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაწერილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG) და ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი  საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ რეზოლუციას და  მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესი დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების, სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერების კუთხით. ამასთან, მისი ინფორმაციით,  ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესის და სიღარიბის მაჩვენებლის თითქმის განახევრების მიუხედავად, სიღარიბე და უთანასწორობა კვლავ წარმოადგენს ჩვენი  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან გამოწვევას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამიტზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული სამოქმედო გეგმების ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის: ჯანდაცვის სისტემებისა და სერვისების გაუმჯობესება; სოციალური დაცვის გაძლიერება; მაღალი დამატებითი ღირებულების სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა; ყველასთვის ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა; ყველასთვის ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მდგრადი ინფრასტრუქტურის აშენება და მშვიდობა, კარგი მმართველობისა და ნდობის ხელშეწყობა სოციალური ერთიანობის ასაშენებლად. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს მიმართულებები სრულად ემთხვევა გაეროს ფარგლებში ხაზგასმული პოლიტიკის პრიორიტეტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები