ბრენდი Éthéré Accessoire მომხმარებლებს დიზაინერ გვანცა თუთბერიძისა და მარიამ ბოლქვაძის მიერ შემნილ სხვადასხვა აქსესუარებს, ქუდებსა და ჩანთებს წარმოუდგენს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას გვანცა თუთბერიძემ აღნიშნა, მსურველებს აქსესუარების შეძენა 55-150 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
მისივე ინფორმაციით, ძალიან მალე ბრენდის კოლექციას შეემატება ხელნაკეთი სათვალეები და მამაკაცის ხაზიც, კონკრეტულად ბეჭდები და ქუდები. როგორც დიზაინერმა განმარტა, პროდუქციის შექმნისას ძირითად მასალად ხეს, ტექსტილს, ტყავსა და ორგმინას იყენებენ.
”ვფიქრობ, რომ ჩვენი ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომი და მისაღებია. ჩვენი კოლექციები წარმოდგენილი იყო ბოსტონში, პარიზში, მილანში, ნიუ-იორკში და სხვაგან. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოში მასალად ორგმინას არამგონია ვინმე იყენებდეს. ამიტომ, ჩვენი აქსესუარები ექსკლუზიურია”, – განაცხადა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, დიზაინერები შეკვეთებზეც მუშაობენ და შეკვეთიდან 2 სამუშაო დღეში, მსურველები ნივთს სახლში მიტანის სერვისით მიიღებენ.