ინდოეთიდან ჩამოსული პირებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები მკაცრდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კერძოდ, დღემდე მოქმედი წესის თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, შეზღუდვებს არ ექვემდებარება. 15 აპრილიდან კი, ეს წესი აღარ გავრცელდება ინდოეთიდან მომავალ მოქალაქეებზე (მოქალაქეობის მიუხედავად), რომლებიც, ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − საზღვრის კვეთიდან სამი დღის განმავლობაში (72 საათი) სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით „პისიარ“ კვლევის ჩატარებას.
ამის შესახებ №169 დადგენილებაშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შედის. დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
დადგენილების თანახმადვე, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით. ინდოეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩარტერული რეისის შესრულებისას კი, ავიაკომპანიას უნდა ეთხოვოს მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე გადამოწმება, წამოსვლამდე.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ინდოეთში ეპიდსიტუაცია უარესდება – გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 184 372 ადამიანს დაუდასტურდა.