საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე კანონდამრღვევ მძღოლებზე მილიონზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი, დარღვევების ჯამური ღირებულება წელიწადში საშუალოდ 58,5 მლნ ლარია. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე, აუდიტის სამსახურმა 2015-17 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების კვლევა ჩაატარა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საგზაო წესების დარღვევებზე რეაგირების თვალსაზრისით, პრობლემების ნაწილი კვლავ მოუგვარებელი რჩება. მაგალითად, ქვეყანაში საკმარისად ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა, არასაკმარისია რადარების რაოდენობა და ხშირად მათი გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება. ტექნიკური პრობლემების გამო სრულფასოვნად ვერ მუშაობს ვიდეო თვალის სისტემაც.
დაუსჯელობის სინდრომი – დამრღვევი ტოპ-მძღოლები
აუდიტის დასკვნამ 10 ტოპ მძღოლიც გამოავლინა, რომელმაც ბოლო წლებში ყველაზე ხშირად დაარღვიეს მოძრაობის წესები. ათეულის ლიდერი „მძღოლი“ 233-ჯერ არის დაჯარიმებული.
დასკვნამ დარღვევების ციფრობრივი მაჩვენებლის გარდა, სხვა პრობლემებიც გამოკვეთა. 2015-დან 2017 წლამდე, ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 10%-ით არის შემცირებული. მაგალითად, იგივე ტოპ მძღოლს, რომელმაც მოძრაობის წესები 233 ჯერ დაარღვია, მხოლოდ 10 ჯარიმა აქვს გადახდილი. ჯარიმის ამოღება სოციალურად დაუცველი პირის სტატუსით სარგებლობის გამოც ვერ ხერხდება.
„აუდიტის დასაკვნა და ჯარიმების რაოდენობა გზებზე არსებულ რთულ ვითარებას სრულად ვერ ასახავს“ – “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში” მიიჩნევენ , რომ ქულათა სისტემის შემოღების მიუხედავად, მძღოლებს კვლავ დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, რაც როგორც დარღვევათა რაოდენობაზე, ასევე ჯარიმების ამოღებაზეც აისახება.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვული მთავარ პრობლემად საპატრულო პოლიციის სისტემურ და ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს, მისი თქმით, ავტომობილების რაოდენობის ზრდის ფონზე არასაკმარისია, როგორც საპატრულო პოლიციის საკადრო რესურსი, ასევე ტექნიკური საშუალებები – რადარები და ჭკვიანი კამერები.
„დარღვევებზე კონტროლის მექანიზმი არის მოძველებული, დაწყებული დაჯარიმების სისტემით – ჯარიმების ამოღებამდე. მთავრი პრობლემებია არასაკმარისია მატერაილურ-ტექნიკური აღჭურვა და არასაკმარისი საკადრო რესურსი. 3000 კამერაზე იყო საუბარი, ჯერჯერობით არ დამონტაჟებულა ჭკვიანი კამერებიც, მოძველებულია პოლიციის მენეჯმენტიც, საპატრულო პოლიცია არ უნდა იყოს საცობების განმუხტვით დაკავებული, ის ამაზე არ უნდა ცდებოდეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მძღოლებში დაუსჯელობის განცდას ქმნის,“ – ამბობს დავით მესხიშვილი“ფორტუნასთან“.
ორი წლის მანძილზე გამოწერილი მილიონზე მეტი ჯარიმა საქართველოს რეალობისთვის საკმაოდ დიდ ციფრად მიაჩნია ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელს. გელა კვაშილავა დარღვევების გამოსავლენად გზების ტექნიკურ აღჭურვასა და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების დაფინანსების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
„100 ჭკვიანი კამერა და სექციური რადარი უნდა დამონტაჟებულიყო საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე ადგილობრივ და შიდასახლემწიფოებრივ გზებზე ეფექტური კონტროლი ვერ ხორცილდება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, პატრულს გზების კონტროლი გაუჭირდება, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არსებული ავტომანქანების გასაკონტროლებლად არასაკმარისია. მნიშვნელოვანია, მთავრობის მიერ დროულად მოხდეს ტექნიკური აღჭურვის დაფინანსება და განხორცილედეს ყველა ის პროექტი, რადარების, ჭკვიანი კამერების, რაც დაგეგმილია რეფორმის ფარგლებში,“ – აცხადებს გელა კვაშილავა.
პოტენციური მკვლელი საჭესთან
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა სკანდალურ სტატისტიკასაც შეიცავს. ინფორმაცია მძღოლზე, რომელიც საჭესთან სიმთვრალის გამო წლის მანძილზე 120-ჯერ დაჯარიმდა, საგზაო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის გამაოგნებელი და უპრეცენდენტო შემთხვევა აღმოჩნდა. დამნაშავეებისთვის ლოიალური და მეგობრული კანონი – ასე ფასდება მათი მხრიდან რეგულაცია, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის მძღოლს მხოლოდ ფინანსურ სანქციას უწესებს.
„ამ ფაქტს ევროპის მასშტაბით ანალოგი არ აქვს. პრეცედენტი არ აქვს ევროპაში იმას, რომ მართვის უფლების არმქონე ადამიანს შეუძლია საჭის მართვა, დღეს ჩვენი კანონმდებლობა უშვებს, რომ პირი, რომელიც 120-ჯერ დააკავეს ნასვამი მართვისთვის, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი და პოტენციური მკლვლელი კვლავ საჭესთან ხვდება. თუ თქვენ გაქვთ ფული, გაქვთ გზებზე ყველანაირი თავხედობის უფლება“ – ამბობს დავით მესხიშვილი.
არასამთავრობო სექტორის ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებასა და ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის კანონმდებლობის გამკაცრებაზე თანხმდება, მათთვის მისაღები ევროკავშირის ქვეყნების მოდელია.
გერმანიაში ნასვამ პირს პირველ შემთხვევაზე მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, შემდეგ ჯერზე კი, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ევროკავშირის სტანდარტის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებაზე პირველ შემთხვევაში ფულადი ჯარიმა, განმეორებისას ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა, მესამე შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
თამუნა გოგუაძე