2019 წლის 1 აპრილი – ამ თარიღის შემდეგ ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზირებული ხდება.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელზეც შსს თვეების განმავლობაში მუშაობდა და პარლამენტმა შარშან, 30 ნოემბერს დაამტკიცა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
გონივრული ეჭვის შემთხვევაში, სამართალდამცველები მძღოლებს პორტატული ნარკოტესით შეამოწმებენ. ნერწყვის მეშვეობით დადგინდება, იმყოფება თუ არა მძღოლი ნარკოტიკული თრობის ქვეშ. მოხმარების წესები საკმაოდ მარტივია. ტესტი მძღოლის თავლწინ იხსნება. ნერწყვის შეგროვებისთვის მხოლოდ სამი წამია საჭირო, სინჯის ბალიშზე საკმარისი სითხის მოთავსების შემდეგ, ბალიში საწყის პოზიციაში ბრუდნება. შედეგის დასადგენად ტესტი 8 წუთის განმავლობაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა იყოს. თავდაპირველად ტესტის საკონტროლო ხაზზე წითელი ზოლები გაჩნდება, რაც ტესტის გამართულობაზე მეტყველებს. თუ შედეგების მხარეს წითელი ზოლი გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა დასტურდება.
როგორც რადიო „ფორტუნას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების კლინიკური დადასტურების შემთხვევაში კი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ის, რომ ადგილზე ჩატარებული ნარკოტესტი გადამოწმებას შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში საჭიროებს, დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმაც.
„პირველი ტესტი არის კლინიკური ტესტი, რომელიც არ არის დაზუსტებული, მაგრამ აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ აქ შეიძლება იყოს ნარკოტიკული თრობა და ამის შემდეგ უკვე სპეციალიზებული ტესტი უნდა ჩატარდეს,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან.
ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ტესტები გარკვეულ შემთხვევებში ცრუ შედეგს აჩვენებს. მისი თქმით, ტესტი ვერ განსაზღვრავს, რა დოზით ან რა კონცენტრაციით არის ნივთიერება ორგანიზმში, შესაბამისად, შესაძლოა, ორგანიზმში ნივთიერების მხოლოდ კვალი დარჩეს, რომელიც ორგანიზმზე ზემოქმედებას ვეღარ ახდენს, თუმცა ტესტმა მაინც ამოაგდოს.
„ნერწყვის ტესტები ამა თუ იმ ნარკოტიკზე სტანდარტული, აპრობირებული მეთოდია, თუმცა ეს არის სწრაფი ტესტები და ამ შემთხვევში არ არის გამორიცხული ცრუ შედეგი. გარდა ამისა, ამ სწრაფ ტესტებთან პრობლემა არის ის, რომ ეს ტესტები აჩვენებს, არის თუ არა ადამიანის ორგანიზმში კვალი რაიმე ნივთიერების. ეს ტესტები არ აჩვენებს რა დოზით ან რა კონცენტრაციით არის ეს ნივთიერება და საერთოდ იმყოფება თუ არა ადამიანი ნარკოტიკულ სიმთვრალეში. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პატრულ-ინსპექტორი ასეთ ტესიტრებას ჩაატარებს და თუ პასუხი იქნება დადებითი, მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ, კლინიკური დათავლიერების შემდგომ იქნება შესაძლებელი ვთქვათ, იმყოფება თუ არა პიროვნება ნარკოტიკულ სიმთვრალეში,“ – განაცხადა ექიმ-ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა „ფორტუნასთან.“
რა გავლენას ახდენს ნარკოტიკული თრობა მძღოლზე და რამდენად საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისთვის? ნარკოლოგები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი თრობის დროს ადამიანის ქცევა ფხიზელი მდგომარეობისგან მკვეთრად განსხვავებულია. დავით ოთიაშვილის თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ნივთიერება როდის და რა დოზით არის მიღებული.
„უმეტესი ნივთიერება 4-6-8 საათი მოქმედებს ადამიანზე. რამდენად საშიშია ამა თუ იმ ნივითერების ზემოქმედების ქვეშ ავტოტრანსპორტს მართვა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ფსიქოტროპული ნივთიერების მიღებისას ასეთი რისკი არსებობს. ბუნებრივია, აქ აუციელბალდ გასათავლისწინებელია, რა დოზით აქვს ადამიანს მიღებული და რამდენი ხნის წინ, თუმცა ნებისმიერი ნივთიერების მარიხუანა, ექსტაზი, კოკაინი. ნებისმიერი ნივთიერება შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის შემცველი დ რისკის მატარებელი. ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი არის ალკოჰოლი, თუმცა სტიმულატორებს, კოკაინს, ამფეტამინს, აგრეთვე რისკი ახასიათებს, რადგან ადამიანი არის აღგზნებული, მოუსვენარი და აქ შეიძლება დაირღვეს მისი მართვის უნარები. მეორეს მხრივ, დამამშვიდებლები მარიხუანაც, ასევე შეიძლება რისკის შემცველი გახდეს, რადგან ანელებს ადამიანის რეაქციებს. მარიხუანა ცნობილია იმით, რომ გაცილებით დიდხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში, შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ მარიხუანა უფრო დიდი ხნის წინ მოხმარებულიც კი ამოაგდოს ამ ტესტმა, თუმცა ადამიანი არ იყოს ზემოქმედების ქვეშ,“ – აღნიშნა ექიმ-ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა „ფორტუნასთან“.
მარიხუანა და ჰაშიში, ამფეტამინის ჯგუფი, მეტამფეტამინი, მათ შორის ექსტაზი კოკაინი, ოპიატები, მორფი და ჰეროინი – თუ ეს ნარკოტიკი ტესტირებამდე 8 საათით ადრე მოიხმარეს, ნერწყვის საშუალებით მათი მოხმარების უმნიშვნელო კვალიც კი გამოვლინდება. შსს-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში “სოლე მარტმა” გაიმარჯვა. მოდელის “Drugwipe 5 s” -ის ღირებულება 54 ლარია. გერმანიაში წარმოებული 10 ათასი ნარკოტესტი უკვე საქართველოშია.
ახალ კანონს ეწინააღმდეგება პოლიტიკურ პარტია „გირჩი“. მათი განცხადებით, შსს-ს შემოტანილი ნარკოტესტი, რომელიც ადგენს, მოიხმარა თუ არა ადამიანმა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში, მოქალაქეებს უსამართლოდ დასჯის. პარტია ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უმოკლეს ვადაში შეცვალოს კანონმდებლობა, კონკრეტულად კანაფთან მიმართებაში, და გამოიყენოს ალკოჰოლთან მიმართებაში არსებული იდენტური მიდგომები.
პარტიაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებენ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და ადამიანები არ მოხვდნენ ციხეში იმის გამო, რომ ღამით მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარეს.
მძღოლების უმეტესობა ჯერ არც კანონს იცობს და არც აღსრულების მექანიზმს, თუმცა საფრთხეს ყოველდღიურად გზებზე თავად აწყდებიან. მათი ნაწილი ფიქორბს, რომ კანონი არა მხოლოდ ნარკოტიკულ თრობაზე, არამედ ალკოჰოლზეც უნდა გამკაცრდეს, ნაწილს კი, კითხვები აღსრულების მექანიზმთან აქვს.
თათია დარასელია 27 წლის – „გამკაცრებას რაც შეეხება, მივესალმები, რადგან სტატისტიკა მეტყველებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ხშირი მიზეზი, როგროც ალკოჰოლური, ასევე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები არიან. რაც შეეხება კანონს, კარგად არ ვიცნობ. მგონია, რომ აღსრულების პროცესში ბევრი რამ ბუნდოვანია და მაქვს კითხვის ნიშნები. როგორ მოხდება გადამოწმება, დასკვნა და ა.შ. ვფიქრობ, უფრო გასაგები უნდა იყოს. რაც შეეხება უშუალოდ ტესტებს, ეს ევროპაშიც აპრობირებული მეთოდია და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ტესტები სანდოა.“
ალეკო ჯავახიშვილი 47 წლის – „მე სრულიად ვეთანხმები, რომ ჩამოერთვას მართვის მოწმობა და პატიმრობაშიც იყოს, იმიტომ რომ სხვის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. ის, რომ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ვინმეს დაეჯახება, მხოლოდ ჯარიმას გადაიხდის და მერე თავისუფალი იქნება. არ შეიძლება ასე, ეს პირდაპირ ადამინის ჯანმრთელობასთან, სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, რომ კანონი ალკოჰოლზეც უნდა გამკაცრდეს.“
ნერწყვით ტესტირება, მაღალი ფულადი ჯარიმები და მკაცრი სანქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 2011 წლიდან ამოქმედდა. შსს-ს ინფორმაციით, ეს მექანიზმი ევროპის ქვეყნებში აპრობირებულია და ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, რუმინეთში, ფინეთში, შვედეთში და ა.შ.