15 წლის რომა დგებუაძე კვლავ სიცოცხლისთვის იბრძვის.
ბავშვი თურქეთის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმებმა კი ოჯახს რომას მდგომარეობიდან გამოყვანის შანსები მისცეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„გამარჯობა უცნობო და ნაცნობო ადამიანებო, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენთან ერთად დგახართ.
ყველას დიდი მადლობა, ვინც რომასთვის ამ ხნის მანძილზე ლოცულობდით, თქვენმა ლოცვამ გადაგვატანინა წუხანდელი უმძიმესი ღამე.
ბავშვის მდგომარეობის დამძიმების და ექიმების უიმედო მდგომარეობის გამო (ვინაიდან 1 % არ მოგვცეს რომას გადარჩენის შანსი), დედამ გადაწყვეტილება მიიღო და წუხელ ღამით ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანა სტამბოლის სხვა კლინიკაში.
კლინიკაში მომხდართან დაკავშირებით ეტაპობრივად მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით.
იმედი ისევ გაჩნდა, ექიმები იმედს არ კარგავენ. სასიცოცხლო მაჩვენებლები ამ ეტაპზე სტაბილურია. ახალი კლინიკის ექიმმა დღეს ბავშვის მდგომარეობიდან გამოყვანის შანსები მოგვცა. თავის ტვინის დაზიანების გამო ამ ეტაპზე ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით.
გთხოვთ ყველას, არ შეწყვიტოთ ლოცვა ბავშვისთვის, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. იმედი გვაქვს, რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდება,“ – წერენ სოცქსელში.
ცნობისთვის, რომა დგებუაძეს 28 მარტს დაეჯახა მანქანა, ქუთაისში გაუკეთდა ოპერაცია, დაეწყო ტვინის შეშუპება და საჭირო გახდა თავის ქალის ტრეპანაცია. ბავშვი შეყვანის დღიდან არის კომატოზურ მდგომარეობაში. 1 აპრილს რეანომობილით ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს. რომა დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.