საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე მიიღეს.
“მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.