LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ივნისს სოციალური საწარმო „დადარი“ პირველ ფიზიკურ მაღაზიას ხსნის

590
არჩილ გობეჯიშვილი

სოციალური საწარმო „დადარი“ 2018 წელს შეიქმნა. ის ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ხის სათამაშოებს, რომელთაც სიხარული მოაქვთ როგორც პატარებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

არჩილ გობეჯიშვილი, სოციალური საწარმოს „დადარი“ დამფუძნებელი

– ჩვენმა საწარმომ საქმიანობა დაიწყო მაშინ, როცა ბევრი კვლევა ქვეყნდებოდა, თუ როგორი მძიმე ვითარება იყო საქართველოში სათამაშოების ბაზარზე. სწორედ ეს გახდა ჩვენთვის ბიძგი, მცირე წვლილი შეგვეტანა რთული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ სამაგალითო საქმე გვეკეთებინა, ამიტომაც შევარჩიეთ საწარმოს სახელწოდებად ეპითეტი, რომელიც შესადარს, მისადარს აღნიშნავს.

– უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი პროდუქციისა და იმ მასალების შესახებ, რომელთაც სათამაშოების დასამზადებლად იყენებთ.

– ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია უსაფრთხო და საინტერესო იყოს პატარებისთვის, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ასევე, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკომეგობრული პროდუქციის გამრავალფეროვნებაში, გარემოზე ზრუნვაში და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მხარდაჭერა-გადამზადება-დასაქმებაში. რაც შეეხება მასალას, ვიყენებთ ნეკერჩხალს, რომელიც საუკეთესოა ხის სათამაშოების წარმოებისთვის. გარდა ამისა, წარმოებაში ვიყენებთ იმ საღებავებსა და ზეთებს, რომლებიც სპეციალურად ხის სათამაშოებისთვის მზადდება გერმანიაში, მათ გავლილი აქვთ შესაბამისი სერტიფიცირება და არიან სრულიად უვნებელნი გარემოსთვის.

– წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა მომხმარებლის დამოკიდებულება საქართველოში წარმოებული ხის სათამაშოების მიმართ?

– სიხარულით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე იზრდება ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა ღირებულება და დადებითი თვისებები აქვს ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს. მაშინ, როცა საქმიანობა დავიწყეთ, ცნობიერება საკმაოდ დაბალი იყო ამ კუთხით და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მშობლებამდე სწორი ინფორმაციის მისატანად.

– როგორც ვიცი, „დადარის“ საწარმო, თბილისის გარდა, დღეს უკვე ზუგდიდშიც მდებარეობს.

– დიახ, დაარსების დღიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით. საბედნიეროდ, გარემო პირობებმაც შეგვიწყო ხელი, რომ საწარმოო შესაძლებლობების განვითარება-გაზრდაზე გვეზრუნა. ზუგდიდში საწარმოს გახსნა 2024 წელს შევძელით დანიის დევნილთა საბჭოს დახმარებით. ზუგდიდის საწარმო არის საკმაოდ მძლავრი და კეთილმოწყობილი, სადაც გადავამზადეთ 12 ადგილობრივი პირი, რომლებიც დღეს ხის სათამაშოების სპეციალისტები არიან.

– ფაქტობრივად, დასაქმების ახალი კერა შექმენით.

– დიახ, შევძელით, რომ შეგვექმნა დასაქმების შესაძლებლობები ახალი პროფესიის დაუფლების საფუძველზე.

– ვისაუბროთ იმაზეც, რომ „დადარის“ მიერ შექმნილი სათამაშოები იყიდება როგორც საქართველოს, ისე ევროპის ბაზარზე.

– ჩვენი პროდუქციის 90%-ზე მეტი ექსპორტზე გადის. განსაკუთრებით ძლიერი პარტნიორები გვყავს გერმანიაში. სასიხარულო ამბავია, რომ შევძელით დაგვემკვიდრებინა ჩვენი ადგილი ევროპულ ბაზარზე. მოგეხსენებათ, ის საკმაოდ მკაცრია, აქვს მაღალი სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე შეუძლებელია ამ ბაზარზე პროდუქციის შეტანა და ოპერირება.

– გაყიდვის რა არხებით სარგებლობთ?

– ჩვენი პროდუქცია ამ დრომდე სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმში „ესკი“ იყიდებოდა, ასევე ონლაინ პლატფორმებზე (აქტიურად ვთანამშრომლობთ VELI.store-თან), ახლა კი უკვე საკუთარი მაღაზია გვექნება. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, სხვადასხვა მიზეზის გამო, აქამდე ვერ შევძელით ჩვენი ბრენდული სარეალიზაციო წერტილის შექმნა საქართველოში, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კი სავაჭრო ცენტრში „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ (ლეჟავას ქ. #22) მომხმარებელს უკვე საკუთარ მაღაზიაში ვუმასპინძლებთ და ადგილზე გავაცნობთ ჩვენს პროდუქციას. აქვე აღვნიშნავ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ძალიან კარგი სააქციო ფასები გვექნება.

– თქვენ მიერ შექმნილი რომელი სათამაშო სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით?

– ეს არის საქართველოს რეგიონების ფაზლი, რომელიც არა მხოლოდ სახალისო სათამაშოა, მას განსაკუთრებული ადგილის დაკავება შეუძლია საბავშვო ოთახში (და არა მხოლოდ), ლამაზი და დახვეწილი დიზაინის წყალობით.

– დღეს ბევრი გამოწვევა არსებობს, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც საწარმოს გამართულად ფუნქციონირებაში ხელის შეშლა შეუძლიათ. ვისი და რისი მეშვეობით უმკლავდებით მათ?

– ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული მხარდაჭერა მივიღეთ ევროკავშირისგან და გავლენის ფონდისგან „აქციო“, რომლებიც დაგვეხმარნენ გადაგვეიარაღებინა წარმოება, შეგვეძინა მძლავრი დაზგა-დანადგარები, შეგვექმნა ახალი სამუშაო ადგილები, შეგვემუშავებინა სამომავლო გეგმები. გარდა ამისა, „აქციოს“ დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ბრენდული მაღაზიის გახსნის შესაძლებლობის შექმნაში.

– რას ნიშნავს თქვენთვის სოციალური საწარმოს სახით პოზიციონირება?

– სოციალური მეწარმოება ახალი დარგია, რომელიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და სასიხარულოა, რომ საქართველოში სოციალური მეწარმეების, სხვადასხვა სოციალურ მისიაზე მზრუნველი ორგანიზაციების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. „დადარის“ მთავარი სოციალური მისია, ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, არის ახალი პროფესიის შეძენა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების პროფესიულ გადამზადება-დასაქმებაზე ზრუნვა, იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაცია საწარმოო საქმიანობაში და გარემოზე ზრუნვა.

– ერთია მისია და, რა ჩანაფიქრის განხორციელებას ესწრაფვის „დადარი“ განვითარების იმ გზებით, რომლებსაც ახლა მიუყვება?

– ჩვენი გრძელვადიანი განვითარების გეგმა მოიაზრებს პატარა, ლამაზი, მოწესრიგებული სოფლის გაშენებას, რომელსაც ექნება საკუთარი წარმოება (არა მხოლოდ ხის სათამაშოების) და სოფლის მცხოვრებლები სრულად იქნებიან ჩართულნი საწარმოო პროცესებში.

magti 5g