ვებგვერდმა GlobalPetrolPrices.com საავტომობილო საწვავის ყოველთვიური რეიტინგი განაახლა.
რეიტინგის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1.27 აშშ დოლარს შეადგენს, ისე კი, საწვავის ღირებულება ქვეყნებს შორის არსებითად განსხვავდება. როგორც წესი, ბენზინი განსაკუთრებულად ძვირი მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ხოლო მნიშვნელოვნად იაფი ღარიბ და მით უფრო ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებშია.
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემების მიხედვით, 1 ლიტრი ბენზინი მსოფლიოში ყველაზე ძვირი – 3.46 აშშ დოლარი ჰონგ-კონგშია, ყველაზე იაფი – 28 ცენტი კი ლიბიაში.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგის თანახმად, ჩვენთან 1 ლიტრი ბენზინი ამჟამად 1.12 აშშ დოლარი ღირს. მეზობელ ქვეყნებს შორის ბენზინი ყველაზე იაფად 65 ცენტად აზერბაიჯანში, ყველაზე ძვირად – 1.40 აშშ დოლარად კი სომხეთში იყიდება. ბენზინის ღირებულება თურქეთში 1.18 აშშ დოლარს შეადგენს.