LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ნოემბერს, ვალერიან შიუკაშვილის 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება – „ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ახდება და ოპერის თეატრში დავუკრავ”

413
ვალერიან შიუკაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 50 წლის საიუბილეო კონცერტზე ისაუბრა. ღონისძიება 10 ნოემბერს, 20:00 საათზე „თბილისის ოპერისა და ბალეტის“ თეატრში შედგება.

ვალერიან, როგორი იქნება 50 წლის იუბილე, როგორია კონცერტის სამზადისი და პროგრამა?

საიუბილეო კონცერტი ჩემთვის ცოტა უცნაური და მოულოდნელი იყო, რადგან ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ეს კონცერტი გაეკეთებინათ. მე სულ ცოტა ხნის წინ გავიგე ამის შესახებ. ძალიან მიხარია ის, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ახდება და ოპერის თეატრში დავუკრავ. გადავწყვიტე დავუკრა 23-ე კონცერტი, რადგან ჩემი პირველი ნაბიჯები ამ კონცერტთან იყო დაკავშირებული. სულ ახლახან, „ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალზე“  დავუკარი მოცარტის 24-ე კონცერტი და ახლა ვზივარ და ვმუშაობ იმაზე, რომ 23-ე კონცერტი დავუკრა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „კულტურის სამინისტროს“ და „შემოქმედებით საქართველოს“ იმის გამო, რომ სიურპრიზად ასეთი საჩუქარი გამიკეთეს, ასევე ჩემს მეგობრებს, რომლებსაც უნდოდათ, რომ ჩემი ოცნება ახდენილიყო და ეს ყველაფერი ჩუმად მომიგვარეს.

კონცერტში ჩემთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „საქართველოს სიმფონიეტა“ და „საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი“. კონცერტი ორი განყოფილებისგან შედგება, პირველ განყოფილებაში სოლო პროგრამას დავუკრავ, მეორე განყოფილებაში ორკესტრთან ერთად შევასრულებ მოცარტის 23-ე სიმფონიას.    

როგორ ემზადებით ხოლმე მსმენელთან შესახვედრად, რა ხდება ფარდის უკან?

რა საკვირველია, მღელვარება არის ხოლმე, ეს ძალიან ბუნებრივი რამეა, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან მიხარია, რომ შემიძლია, ჩემს ქვეყანაში გავმართო კონცერტები და მსმენელს ჩემი შესრულება მოვასმენინო. გახარებული ვარ, უბრალოდ, ჩქარა მიწევს ყველაფრის გაკეთება, რადგან როგორც გითხარით, ცოტა ხნის წინ გავიგე ეს ამბავი.

ვის რეაქციას ელით ხოლმე ყველაზე მეტად კონცერტის შემდგომ, ვისთვის უკრავთ?

მუსიკისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც გამოყო დრო, რომ მოვიდეს კონცერტზე და დამაფასოს.

თქვენს პედაგოგებზეც რომ ვისაუბროთ.

სამწუხაროდ, ჩემი პედაგოგები ჩემს გვერდზე აღარ არიან. ალბათ, რომ იყვნენ, კიდევ ბევრ საინტერესო რჩევას მომცემდნენ.

მუსიკის დოქტორი, აკადემიკოსი, პიანისტი… რატომ არ გიყვართ, როცა ჟურნალისტები, იმ განსაკუთრებული წოდებით მოგიხსენიებენ ხოლმე, რასაც ნამდვილად იმსახურებთ?

არ მიყვარს რა, რაც ვარ, ვარ, უბრალოდ, ადამიანი ყოველთვის ჩანს დაკვრის დროს, აქ არაფერ შუაში არის არც პროფესორობა, არც აკადემიკოსობა. დაკვრის დროს ჩანს ადამიანის ბუნება, ადამიანობა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ინსტრუმენტთან, ცხოვრებასთან, ადამიანებთან. ეს ყველაფერი ჩანს დაკვრაში და ზედმეტი ლაპარაკები, რომ ის ისეთია და ასეთია, საჭირო არ არის. ყველა მუსიკოსის რეკლამა არის დაკვრა.

ამდენ წლიანი ისტორიის და გამოცდილების განმავლობაში, ყველაზე დიდი ემოცია რომელმა კონცერტმა დაგიტოვათ?

როცა ისრაელის საერთაშორისო კონკურსი მოვიგე, ეს იყო კონცერტი, რომელიც არ მინდოდა, რომ დამთავრებულიყო. ეს იმხელა ემოცია იყო ჩემთვის… ალბათ, წმინდა მიწაზე რომ ვიყავი, ალბათ, იმიტომ რომ კონკურსი მოვიგე.

ორკესტრთან ერთად თუ მარტო ყოფნა სცენაზე და რატომ?

ზოგადად, ალბათ, უფრო მარტო, მაგრამ იმდენი ნაწარმოები მაქვს ორკესტრთან ერთად… ხანდახან, ორკესტრთან ერთადაც უნდა ვცადოთ. ეს ნაბიჯი ვატო კახიძემ გადამადგმევინა, როცა დამირეკა და პირდაპირ მითხრა, შენ უკრავ ფესტივალზე, უარი არ მიიღებაო, არ მკითხა, მინდა, არ მინდა, მაქვს დრო… ძალიან დიდი შინაგანი სირთულეები იყო, რადგან ორკესტრთან ერთად დიდი ხანია არ დამიკრავს, რადგანაც დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან ბატონი ჯანსუღ კახიძე ბავშვობიდან მაკვრევინებდა თავის დარბაზში კონცერტებს, ორკესტრთანაც და სოლო პროგრამასაც.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა თაობას?

ურთულესი გზა არის და თუ რამე დაბრკოლება ექნებათ, გაუმკლავდნენ, რადგან დროს ყველაფერი მიაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g