“10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა და ამ მიმართულებით რუსეთთან დიალოგის მომზადება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის წარდგენის დროს და აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს იმ პირობით, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაციაც და ამ კონფლიქტის და ოკუპაციის დასრულება.
პრემიერმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი გამოწვევა, საქართველოს ოკუპაცია და დეოკუპაციის მიმართულებით გადასადგმელი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯებია:
“რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენ ახლა აგვისტოს კვირეულში ვიმყოფებით, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მძიმე მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა 13 წლის წინ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯები.
რა თქმა უნდა, მთლიანობაში, 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა და ამ მიმართულებით რუსეთთან დიალოგის მომზადება რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაც და ამ კონფლიქტის და ოკუპაციის დასრულება.” – თქვა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს წარადგინა უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმა – “დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა – 10 მიზანი”.