“რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი. რაც მეტი იქნება 55 წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ხანდაზმული გადარჩება.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმუნიზაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ინფიცირების მომატებული მაჩვენებლის ფონზე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ:
“უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. აუცილებელია ყველა ღონისძიების სათანადოდ დაცვა, მათ შორის დიდი შეკრებების და ამას ემატება აცრების ინტენსიფიკაცია. გასაგებია, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება, ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი არის, სულ მცირე, ერთი გადარჩენილი ადამიანი, იცოდეთ ეს. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი.
რაც მეტი იქნება 55 წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ხანდაზმული გადარჩება. მოგეხსენებათ, კოვიდის დროს სიკვდილიანობის დიდი პროცენტი ხანდაზმულზე მოდის, ამიტომ არის უპირატესი, რომ უნდა აიცრან 55 წელს ზემოთ ასაკოვანი ადამიანები, რათა ჩვენ დავიცვათ ხანდაზმული ადამიანების სიცოცხლე.” – თქვა გამყრელიძემ.
დღესვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ქვეყანაში მომატებულ რეინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ადრე გარანტირებულები ვიყავით, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ხელმეორედ არ დავინფიცირდებოდით, დღეს ეს ასე აღარ არის.