საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.
„გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, საქართველოს ღირსეულო შვილებო, მხედრული სულისა და შეუპოვრობისთვის მინდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, განსაკუთრებით თქვენ მოგილოცოთ,“ – ასეთი იყო თავდაცვის მინისტრის მისასალმებელი სიტყვები.
„100 წლის წინ, ზუსტად აქ, საფუძველი ჩაეყარა თაობების საუკუნოვან ოცნებას და პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ძალისხმევით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა. მიხარია, რომ ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლები დღეს ჩვენ გვერდით არიან. „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი,“ – ამბობდა გიორგი მაზნიაშვილი. სწორედ ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან საქართველოს გმირები, იუნკერები, რომლებიც წინ აღუდგნენ წითელ არმიას და დაიმკვიდრეს მარადიული სახელი საქართველოს ისტორიაში,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.