LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები ევროკავშირში: პარტიები მიგრაციაზე კამათობენ – რა ელოდებათ ევროპაში ჩასვლის მსურველებს და რა შეიცვლება არჩევნების შემდეგ

154
Screenshot 2024-05-08 141427

ევროპის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ბოლო პერიოდში რუსეთის საფრთხის თავიდან აცილებაა, მაგრამ ცხადია არსებობს სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთია საიმიგრაციო კრიზისი. ევროპის კავშირს უწევს სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება და ძალისხმევა გაამახვილოს განუხრელად მზარდ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე.

ევროპარლამენტში არჩევნებამდე ბევრი აღარ რჩება. პარტიებმა კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
კანდიდატებს შეუძლიათ კამპანიის ფარგლებში მიგრაციისა და საცხოვრებლის შეთავაზებაზე ახალი პაქტის შესახებ აგიტაცია. საუბარია მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის თავშესაფრის მთხოვნელთა მიღებისა და განსახლების ერთიანი წესების მიღებას სთავაზობს. რეფორმა ევროპარლამენტმა მრავალწლიანი კამათის შემდეგ მოიწონა.

ამ რეფორმიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რადგან ევროკავშირი ჯერაც განაგრძობს ბრძოლას მიგრაციის კრიზისთან. 2023 წელს თავშესაფრის მთხოვნელთა განცხადებამ 1.14 მილიონს მიაღწია, რაც 7-წლიანი მაქსიმუმია.

„ფორტუნა“ ამ საკითხზე ესაუბრა ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს,
კახა გოგოლაშვილს:

„მიგრაციის პრობლემას ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ, ეს არის საფრთხე, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია უარი უთხრას და ხისტად შეზღუდოს მიგრანტები ღარიბი ქვეყნებიდან, სადაც არის ომი, ადამიანის უფლებები გათელილია და სიცოცხლის უფლებაც კი დარღვეულია. ეს მორალის საკითხია. ევროკავშირი კი არის ნორმატიული კავშირი, არის მორალურ და ჰუმანურ ღირებულებებზე აგებული კავშირი.

რა თქმა უნდა, არსებობს მეორე მხარე და ეს არის საფრთხის, თავდაცვის ელემენტი, რომელიც გააჩნია ნებისმიერ ორგანიზმს და მათ შორის ევროკავშირს. აქ ეძებს ბალანსს, რომ მიიღოს, დააპუროს, უმკურნალოს, განათლება მისცეს და შეძლებისდაგვარად დაასახლოს კიდეც.

მაგრამ არ შეიძლება ეს პროცესი შეუზღუდავად მოხდეს, უმართავი გახდეს და საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის ერთიანობას, იგივე მის ღირებულებებს. სხვა ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტები, მათი მენტალური კონსტრუქციები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ ნორმებს. თუ მასობრივად მოხდება შემოდინება, განსაკუთრებით ისეთი ქვენებიდან, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ტრადიცია არ არსებობს, ამან შესაძლოა საზოგადოებას საფრთხე შეუქმნას.

ევროკავშირს აქვს მიგრაციული პოლიტიკა, საკმაოდ ხისტი, თუმცა აქაც არის განხეთქილება, ზოგიერთი ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სურთ შეზღუდონ მიგრაცია, ევროკავშირს უნდა ნაკადები გადაანაწილოს.
ევროკავშირი ცდილობს ამის მართვას, ჯერჯერობით ახერხებს, თუმცა უკვე მიაყენა ზიანი, თუნდაც ეკონომიკური კუთხით, ასევე იზრდება ანტიმიგრაციული მოძრაობები, დიდი ბრიტანეთი საერთოდ გავიდა ამ სივრციდან.

მეორეს მხრივ, ევროკავშირს, სადაც დემოგრაფიული ზრდა არის შეზღუდული, მიგრანტები სჭირდება. მინახავს კვლევები, სადაც ნაჩვენებია, რომ თუ სურთ შეინარჩუნონ ეკონიმიკური ზრდა, სჭირდებათ შრომითი რესურსები, საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობაზეა საუბარი. ევროკავშირმა მთლიანად რომ ჩაკეტოს საზღვრები, არ ეყოფა ადამიანური რესურსი. ვიცით, რომ, რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია, იქ მცირდება დემოგრაფიული ზრდა.

ბევრი ქვეყანა ახორციელებს პროექტებს ე.წ. ცირკულარული მიგრაციის ხელშესაწყობად. მიხვდნენ, რომ ისეთ ქვეყნებთან, რომელთანაც ექნებათ ცივილურად კარგი ურთიერთობები, მოლაპარაკებები შეიძლება პროცესების მართვაზე. თუ არსებობს სამუშაო მოთხოვნა, შევიდნენ და დასაქმდნენ და მერე დაბრუნდნენ. თუ რჩება მოთხოვნა, რჩებიან კიდეც. რეადმისია მოახდინონ, ოღონდ შემდეგ დაბრუნებისას, ადგილზე დაასაქმონ ეს ადამიანები.

კი ევროკავშირს აქვს მიგრაციის პრობლემები, მაგრამ ამავე დროს ძალიან ძლიერი ხედვები და პოლიტიკა გააჩნია, რათა მიგრაციული პროცესები მართოს“.

ევროპარლამენტში ადგილების მოპოვებისთვის მებრძოლ პარტიებს მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით ბევრი იდეა აქვთ.
აი რას ჰპირდება თითოეული პარტია თავის მანიფესტში.

ევროპის სახალხო პარტია (EPP)

„ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებია ჰუმანურობა და წესრიგი. ჩვენ ვისწრაფვით შევაჩეროთ უკონტროლო მიგრაცია“, – ნათქვამია ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი ფრაქციის მანიფესტში და პროგნოზების თანახმად, ცენტრისტული პარტია დარჩება კიდეც მსხვილ ფრაქციად მოახლებული არჩევნების შემდეგაც.

EPP-ს სურს ევროპის კავშირის საზღვრების გამყარება და ყველა არალეგალურად ჩასულის მკაცრი შემოწმება, ასევე ყველა პუნქტზე ელეტქრონული მონიტორინგის ჩატარება. თუ საზღვრები საკმარისად საიმედო ვერ აღმოჩნდება, მაშინ არ არის გამორიცხული შიდა საზღვრების კონტროლის შემოღებაც.

გარდა ამისა, EPP ითვალისწინებს სასაზღვრო და სანაპირო დაცვის საზოგადოების ბიუჯეტის გაზრდას.

მანისფესტში არის ინიციტივა, რომლის თანახმად თავშესაფრის მაძიებლები გადაამისამართონ „უსაფრთხო“ ქვეყნებში (ევროკავშირის მიღმა), სადაც დაელოდებიან საკითხის გადაწყვეტას. ამან გამოიწვია ბრიტანულ სქემასთან შედარება. ლონდონი აპირებს უკანონო მიგრანტების რუანდაში დეპორტირებას, სადაც შეძლებენ თავშესაფრის მოთხოვნას.

სახალხო პარტიის მანიფესტში ასევე ნათქვამია აფრიკაში ინვესტიციების გაზრდაზე მიგრაციის გამომწვევ მიზეზებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის.

სოციალისტები

ევროპელი სოციალისტების პარტია საკმაოდ ლაკონურად განსაზღვრას თავის მიდგომას. სოციალისტებს სურთ, რომ ახალი პაქტი იყოს „სამართლიანი, უსაფრთხო და პროგნოზირებადი“, ადამიანის უფლებების სრული დაცვითა და ღირსების პატივისცემით.

ეს მათთვის ნიშნავს მიღების „ჰუმანურ და ღირსეულ“ პირობებს, იურიდიულ დახმარებას, განსაკუთრებული დაცვის შეთავაზებას ბავშვებისთვის და ადამიანებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლას.

EPP-ის მსგავსად სოციალისტებიც ევროკავშირის საზღვრების გამკაცრების, მიგრანტების წარმოშობის და არალეგალების გამტარ ქვეყნებთან თანამშრომლობის მომხრე არიან. თუმცა ისინი უარყოფენ ექსტერნალიზაციის ნებისმიერ ფორმას.

სოციალისტები გამოდიან მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და ინკლუზიური პოლიტიკის განვითარების ინიციატივით, რათა მათ ევროპის შრომის ბაზარზე ინტეგრირებაში დაეხმარონ.

ლიბერალები

ლიბერალების ერთობლივი პლატფორმა, ცნობილი როგორც Renew Europe (განახლებული ევროპა) აკრიტიკებს პოპულისტებს, რადგან მიაჩნიათ, რომ Renew Europe „აღვივებს რასიზმის ცეცხლს“. ლიბერალები მხარს უჭერენ კონტრაბანდისტების წინააღმდეგ მკაცრ ბრძოლას.

ლიბერალებს სურთ „სიცხადე და თანმიმდევრულობა“ მიგრაციის საკითხებში. ისინი სთავაზობენ მეტი სამართლებრივი გარანტიები მისცენ ევროპაში ჩასულებს და ადამიანებისთვის მშობლიურ ქვეყნებში შესაძლებლობები გააფართოვონ.

ლიბერალები ხაზს უსვამენ ლეგალური ეკონომიკური გზების მოძიების საჭიროებასაც.

მწვანეები

„თავშესაფრის უფლება განხილვას არ ექვემდებარება“ – აცხადებენ „მწვანეები“.

ჯგუფი მოუწოდებს შექმნან ე.წ. „სავალდებულო გასახლების მექანიზმი“, რათა მიგრანტებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყანამ აიღოს.

„მწვანეები“ სთავაზობენ შემოიღონ „კლიმატური ვიზები“ სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულთათვის, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ლგბტკ+ თავშესაფრის მთხოვნელებზე.

მკაცრ გამოსვლებში „მწვანეები“ აკრიტიკებენ „დიქტატორებთან ბინძურ გარიგებებს“ და გულისხმობენ ტუნისთან და ეგვიპტესთან შეთანხმებებს. „ვერ დავეთანხმებით, რომ დევნილებსა და მიგრანტებს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ხალხი არ უნდა იყოს ჰიბრიდული ომის იარაღი“, – ამბობენ ისინი.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჯგუფი სთავაზობს ახალი საიმიგრაციო კოდექსის მიღებას, ვიზებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და დარეგულირების გამარტივებას.

ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR)

მიგრაციის საკითხებზე ყველაზე რადიკალურ წინადადებას მემარჯვენე პარტია „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ აყენებს. მათში შედიან „იტალიის ძმები“, „კანონი და სამართლიანობა“ (პოლონეთი), „ვოქსი“ (ესპანეთი) და „ახალი ფლამანდრიული ალიანსი“ (ბელგია).

პარტია მანიფესტში აცხადებს, რომ ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა არ უნდა აიძულონ საკუთარი მოქალაქეები მიიღონ არალეგალი იმიგრანტები. ამრიგად, ECR-ის განცხადება პირდაპირ უპირისპირდება ახალ პაქტში წარმოდგენილ „სავალდებულო სოლიდარობის“ სისტემას.

ECR სთავაზობს გაამკაცრონ ევროკავშირში შესვლის ყველა შესაძლო პუნქტზე კონტროლი, გააძლიერონ სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და მიიღონ ახალი ზომები ადამიანების უკანონო გადაყვანასთან ბრძოლაში.
ECR თანამშრომლობის მომხრეა მესამე ქვეყნებთან ექსტერნალიზაციის მიმართულებით.

„ჩვენი მიზანია, რომ განცხადებების უმრავლესობა უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებს მიღმა განიხილონ“, – აცხადებენ ECR-ში.

მემარცხენეები

ეს ფრაქცია მოუწოდებს „დაასრულონ საციხო გალავნის ევროპა“, უარყოფს ექსტერნალიზაციას, რომელიც ეფუძნება „სისხლიანი რეჟიმების დაფინანსებას“, ითხოვს „სავალდებულო სოლიდარობას“ ყველა წევრ ქვეყანას შორის.

„თუ ევროკავშირს სურს დევნილებისა და მიგრანტების შემცირება, მაშინ აუცილებელია ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობას და მდგრად განვითარებას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში იმის ნაცვლად, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ინტერვენციებში, გააღვივოს სამოქალაქო ომები და მოახდინოს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია“, – ნათქვამია „მემარცხენეების“ მანიფესტაციაში.

იდენტურობა და დემოკრატია

ულტრამემარჯვენე ჯგუფ ID-ს, რომელშიც შედიან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (გერმანია), „ნაციონალური გაერთიანება“ (საფრანგეთი) და „ლიგა“ (იტალია), ჯერ არ გამოუქვეყნებია საერთო მანიფესტი.

2022 წელს მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ევროპის კავშირი სულ უფრო ბუნდოვანს ხდის ევროპის საზღვრებს და იყენებს მას მიგრაციული ნაკადების მართვისთვის, მაშინ, როდესაც საზღვრები უნდა იცავდნენ ევროპელ მოქალაქეებს“.

მომზადებულია euronews-ის მიხედვით
ფოტო: coe.int
ankasam

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g