ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას, რომელიც მას უფლებადამცველმა გაუგზავნა.
უფლებადამცველის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
„ნანუკა, საღამო მშვიდობის. გაწუხებთ თხოვნით, ვარ უფლებების დამცველი.
დღეს პოლიტპროცესზე, 11 ტყვე პატიმარში ერთ-ერთი აღმოჩნდა სამშობლოსთვის, 1992 წლის 2 თებერვალს მშვიდობიან მანიფესტაციაზე დახვრეტილ 15 წლის მამუკა ტერიშვილის ძმა, გიორგი ტერიშვილი.დედა პროცესს ესწერებოდა და ამ უდიდეს ქალბატონს ამ დრომდე აქვს სამართლის მოლოდინით შვილის სისხლიანი პერანგი შენახული. იქნებ დაგვეხმაროთ, ინფორმაცია ჟურნალისტებამდე მივიდეს.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას“, – ვკითხულობთ მიმართვაში.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე ორ წარმოებად მიმდინარეობდა.
კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.